მუსიკისა და პოეზიის შეხვედრა ROCK CLUB-ში

დათო გაბიძაშვილი და ნინო ბაშარული
ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და კლუბი ROCK CLUB უკვე ორი თვეა, რაც ხუთშაბათობით ხელოვნების მოყვარულებს ლიტერატურის, მუსიკის და ვიზუალური არტის სინთეზურ საღამოებს სთავაზობს. ეს აქცია შეიძლება გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრალურ სარდაფში გამართულ მსგავს შეხვედრათა ერთგვარ გაგრძელებადაც მივიჩნიოთ, იმ განსხვავებით, რომ აქ საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილ სახეებთან ერთად, ხშირად დამწყები არტისტები წარმოაჩენენ საკუთარ შემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ფასი 5 ლარია (შემოსული თანხის 70 პროცენტი მონაწილეებს ხვდება), კლუბი დამსწრეთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის, რაც პოეზიის ნაკლებკომერციულობის გამო ცოტა გაკვირვებასაც კი იწვევს.
პროექტის დაწყებიდან დღემდე პროექტში მონაწილეობდნენ: გია ნიკოლაძე (ნიკოლშოუ), ირაკლი ქოიავა, დავით ჩიხლაძე, პაატა შამუგია, დავით ქაშიაშვილი, რობი კუხიანიძე, ზაზა კოშკაძე, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, გიგა რეხვიაშვილი, ნეკა ბაღდავაძე, ნინო სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი, პანჩო, ბათუმელი სტუმრები - ლევან წულუკიძე და ჯგუფი ნიჟარა.
სიგარეტის კვამლში გახვეული სივრცე, იატაკზე მოკალათებული გოგო-ბიჭები, ცოტა ჰაერი და ბევრი ხმაური რაღაცით ავანგარდისტების უკვე თითქმის მოგონებად ქცეულ თავყრილობებს ჰგავს, თუმცა მონაწილეთა ჩამონათვალი მხოლოდ ავანგარდს ნამდვილად არ მოიცავს და ცხადად აჩვენებს პოსტმოდერნული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ სიჭრელეს. ასე იყო ტყუილის დღედ წოდებულ 1 აპრილს, როცა ონლაინ სივრცეში კარგად ცნობილი და აწ უკვე დაშლილი პოეტური ჯგუფის - ვარდისფერი ავტობუსის - ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ საზოგადოებას სიყალბის მანიფესტი შესთავაზა – „ყალბია თერგდალეულთა მთელი ფრაქცია! ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა!... ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე და ყალბია „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”, ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი!” - გაჰყვიროდა ემოციებით დამუხტული სანდრო, რომელსაც „ჯეოსტარელი” ნინო ბაშარული და მისი ბენდი ჯაზ-როკ რეპერტუარით ენაცვლებოდა.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი საღამო შედგა. მე და ნინომ მაქსიმალურად შევუხამეთ ერთმანეთს მუსიკა და პოეზია, განწყობა და ხასიათი იყო თითქმის ერთნაირი, გადასვლებიც, ვეცადეთ ისე გაგვეკეთებინა, რომ ხალხს კონტრასტი ერთი წამითაც არ შეეგრძნო და მგონი ასეც მოხდა, - უთხრა ტაბულას საღამოს დასრულების შემდეგ პოეტმა, - ძალიან კმაყოფილი ვარ საღამოთი, უფრო იმიტომ, რომ ვინც საღამოს დაესწრო, ნასიამოვნები დარჩა. ბოლოს ენერგიის ნატამალიც აღარ შემრჩა, ყოველ შემთხვევაში, ვეცადე ემოციური ყოფილიყო ყველაფერი. შედეგად მივიღეთ ის, რომ ხალხი ცეკვავდა, მუსიკოსებმა შეძლეს მათი აცეკვება.”
ნინო ბაშარული: მიხარია, რომ ამგვარი საღამოები იმართება. ჩვენ, სხვადასხვა სფეროს არტისტებს, ასე გვაკლია ურთიერთობები, ასე გადავეჩვიეთ ერთმანეთისთვის გრძნობების გაზიარებას, მაგრამ ამ საღამომ, პოეზიის და მუსიკის შერწყმამ ცოტა გამოგვაფხიზლა, ვიგრძენი, რომ ყველას უხაროდა.
ROCK CLUB-ში უახლოეს მომავალში თეონა დოლენჯაშვილის და დეფი გოგიბედაშვილის საღამოები იგეგმება.


 

კომენტარები