აბბა ბრუნდება - აბა?!

2010 წელს ბევრი საინტერესო ჯგუფი გეგმავს სცენაზე დაბრუნებას.  
გასულ კვირას გავრცელდა ხმები შვედური პოპ ლეგენდის - აბბას - დაბრუნების შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, ჯგუფი მხოლოდ ერთი კონცერტისთვის შეიკრიბება თუ მსოფლიო ტურნეს მოაწყობს. ბრიტანული გამოცემის, „დეილი მეილის” ცნობით, აბბა მომავალ კონცერტზე ან კონცერტებზე არც ერთ ჰიტს არ შეასრულებს. მათი საკონცერტო პროგრამა ბოლო ორ ალბომზე Super Trouper-სა და The Visitors-ზე იქნება კონცენტრირებული.
ჯგუფის გაერთიანების შესახებ ჭორები გასულ წელსაც ვრცელდებოდა. მაშინ ყველაზე მოწადინებული იყო ფრიდა ლინგსტადი, რომელმაც ამერიკულ გამოცემა ბილბორდთან ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, სახალისო იქნებოდა, თუ კიდევ ერთხელ მომეცემოდა ჯგუფთან მუშაობის საშუალება”. მაშინ ფრიდას მედიაგზავნილს ჯგუფის წევრებმა დუმილით უპასუხეს.
ფანები იმედგაცრუებულები არიან. ხსენებული ალბომების წყალობით ჯგუფმა თავის დროზე ერთგული მსმენელის დიდი ნაწილი დაკარგა. განსაკუთრებით წარუმატებელი იყო The Visitors, რომლის ფიასკომ ჯგუფის დაშლა დააჩქარა.
ჯგუფების გაერთიანებას ფანები ყოველთვის ორჭოფულად ხვდებიან. 2007 წელს თვით ლედ ზეპელინის გაერთიანებაც კი ბევრისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა, თუმცა O2 არენაზე გამართული კონცერტი ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს. ასე რომ, საეჭვოა, აბბას ცარიელი დარბაზის წინ მოუხდეს გამოსვლა.
სცენას, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ზემოხსენებული ლედ ზეპელინი. ჯგუფის ფრონტმენმა რობერტ პლანტმა არაერთხელ თქვა, რომ სურვილი აქვს ჯგუფთან ერთად გლასტონბერის 2010 წლის ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა. ოცნებას ზეპელინის გაერთიანების შესახებ, შეიძლება ითქვას, ახდენა უწერია. ჯგუფის მეორე მთავარმა ფიგურამ, ბასისტმა ჯონ პოლ ჯონსმა ახლახან დაასრულა მსოფლიო ტურნე ახალ სუპერჯგუფ Them Crooked Vultures-თან ერთად და წლის ბოლომდე არავითარი გეგმები არ აქვს.
გლასტონბერის წლევანდელ ფესტივალთან დაკავშირებით გაერთიანებას აპირებს კიდევ ერთი ლეგენდარული როკ ჯგუფი - ფალფი. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა ფიფლს ჯგუფის ვოკალისტმა და გიტარისტმა ჯერვის კოკერმა გასული წლის ოქტომბერში განუცხადა. მოგვიანებით მან უარყო საკუთარი ნათქვამი, თუმცა ფესტივალის დამფუძნებელი მაიკლ ევისი დარწმუნებულია, კოკერი ვერ გაუძლებს ცდუნებას კიდევ ერთხელ იყოს ფესტივალის ჰედლაინერი (პირველად ფალფი 1995 წელს იყო ჰედლაინერი), მით უმეტეს, რომ წლეულს გლასბორნის ფესტივალი მეორმოცე წლისთავს აღნიშნავს.
მიმდინარე წელს იგი პოპი მკვდრეთით აღადგენს თავის ჯგუფს - სთუჯის. ძირითადი გიტარისტის რონ ეშტონის გარდაცვალების მიუხედავად, პანკ როკის ბაბუა დანებებას მაინც არ აპირებს. როგორც ცნობილია, ეშტონს ჩაანაცვლებს ჯეიმს ვილიანსონი, რომელიც ჯგუფში 1971-74 წლებში მუშაობდა.
დადასტურებულია, რომ სცენას უბრუნდება ბლინკ 182. ჯგუფი მეექვსე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, წლის მეორე ნახევარში კი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება.


 

კომენტარები