მორიგი აჯანყება წარმატებით დასრულდა

რევოლუცია ბიშკეკში. ყირგიზეთი
ყირგიზეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტალასიდან აგორებული საპროტესტო ტალღა დედაქალაქ ბიშკეკსაც გადაედო, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და საბოლოოდ, ტიტების რევოლუციიდან ხუთ წელიწადში მეორე რევოლუციით დასრულდა. დაიღუპა ასამდე, დაშავდა ათასამდე ადამიანი. დაიშალა პარლამენტი. მთავრობის წევრებმა დედაქალაქი დატოვეს. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა როზა ოტუნბაევამ დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ოტუნბაევას, როგორც ქვეყნის მეთაურს და მისი მთავრობა ეფექტურად ცნო. ქვეყნის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა BBC-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. მან დროებით მთავრობას შესთავაზა მოლაპარაკებების დაწყება. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ქვეყნის სამხრეთში იმყოფება, თუმცა ადგილმდებარეობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
2005 წელს ბაკიევი და ოტუნბაევა ერთად ხელმძღვანელობდნენ ტიტების რევოლუციას, რომელმაც პრეზიდენტ ასკარ აკაევის მთავრობა დაამხო. ოტუნბაევა გარკვეულ ხანს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი ბაკიევთან უთანხმოების გამო პოსტი დატოვა.
საპროტესტო აქციების კატალიზატორი გახდა რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე ახალი ტარიფების შემოღება, რამაც ფასების 30%-ით ზრდა გამოიწვია. შედეგად, გაიზარდა ინფლაციაც. რუსეთსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო წლებში დაიძაბა. ყირგიზეთმა ქვეყანაში ყოფნის ვადა გაუგრძელა ამერიკულ სამხედრო ბაზას. რუსეთმა საპასუხოდ გადაიფიქრა ყირგიზეთისთვის დაახლოებით ორმილიარდიანი დახმარების გამოყოფა, რომელიც ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას უნდა მოხმარებოდა. თებერვალში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი დანიარ უსენოვი მოსკოვში იმყოფებოდა, ვლადიმირ პუტინმა კი მასთან შეხვედრა არ ისურვა.
გასულ თვეს პრეზიდენტმა ბაკიევმა ქვეყანაში ტრადიციული დემოკრატიის დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. წარმომადგენლობითი დემოკრატიისგან განსხვავებით, ე.წ. ტრადიციული დემოკრატიის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა არჩევნებს, არამედ ყურულთაის - სახალხო/უხუცესთა კრებას - ენიჭება. ბაკიევი მმართველობითი დინასტიის შექმნას ცდილობდა. მან მაღალი თანამდებობები საკუთარ ნათესავებს ჩამოურიგა, შვილი კი ცენტრალურ საინვესტიციო სააგენტოს ჩაუყენა სათავეში.
ყირგიზეთი დიდი სახელმწიფოების ინტერესთა გადაკვეთის წერტილია. ქვეყანაში სამხედრო საჰაერო ბაზები აქვთ როგორც რუსეთს, ისე აშშ-ს. ამერიკისათვის ყირგიზეთი ავღანეთის გამოა მნიშვნელოვანი. როზა ოტუნბაევამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებს ამ ბაზის სტატუსის გადახედვას. გარდა ამისა, ყირგიზეთი ესაზღვრება ჩინეთის სინძიანის პროვინციას, სადაც მუსლიმი უიღურები ცხოვრობენ. უიღურების სეპარატისტული მოძრაობა პრობლემებს უქმნის ჩინეთს, რომელიც, თავის მხრივ, ზეწოლას ახორციელებს ყირგიზეთზე.
ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი გმობენ ძალადობას. პუტინმა უარყო ყოველგვარი კავშირი არეულობასთან. მაგრამ იმავდროულად ბაკიევი გააკრიტიკა. გაერომ ყირგიზეთში სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა.
ყირგიზეთის ახალი მთავრობა ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად რუსეთის ჯარის გამოყენებაზე საუბრობს. ყირგიზეთის კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის ჯარის მონაწილეობას საშინაო კონფლიქტებში. ყოფილ პრემიერ დანიარ უსენოვის განცხადებით, ოპოზიციურ ლიდერებს აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინთან ჰქონდათ შეხვედრა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყირგიზეთს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას უწოდებდნენ. თუმცა, ყირგიზეთი რეგიონის უღარიბესი ქვეყანაა. მთლიანი შიდა პროდუქტის 45%-ს შეადგენს რუსეთიდან ნათესავებისთვის გამოგზავნილი თანხა. ტიტების რევოლუციის შემდეგ ყირგიზეთში დროდადრო ხდებოდა საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ უკანასკნელი განსაკუთრებული ძალადობით გამოირჩევა.


 

კომენტარები