სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

თურქეთში სამხედროებს
აპატიმრებენ. ათობით ოფიცერს ბრალი დასდეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. უკანასკნელი 6 აპრილს დააპატიმრეს. თურქები შიშობენ, რომ მთავრობასა და სამხედრო ელიტას
შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდა.


ქემალ ათათურქის მმართველობის დროიდან, სამხედრო ელიტა თურქეთში სეკულარიზმის დამცველად ითვლებოდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ისლამური მისწრაფების ე.წ. სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოვიდა, სამხედრო ელიტის გავლენამ იკლო. ქვეყნის სათავეში ყოფნის ორი ვადა პარტიამ არმიის გავლენის შეზღუდვის ხარჯზე, თავისი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა.
ორი წელია მიმდინარეობს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის გამოძიება. იანვარში გაზეთ „ტარაფში” გამოქვეყნდა 5 ათას გვერდიანი სამხედრო დოკუმენტისა და სამხედრო პირების სატელეფონო საუბრების შინაარსი. ამის საფუძველზე, ჯერ კიდევ იანვარში დააკავეს მაღალ თანამდებობებზე მყოფი სამხედრო პირები. მათ ბრალად წაუყენეს ქვეყანაში არეულობის პროვოცირება და საკუთარი თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა, რასაც, ჩანაფიქრით, საბერძნეთთან ომის დაწყება უნდა მოჰყოლოდა. სამხედრო პირებმა აღიარეს, რომ 2003 წლის მარტის სემინარზე მართლაც განიხილეს შიდა არეულობის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა, თუმცა უარყვეს გადატრიალებისა და თურქული თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა. მათი მტკიცებით, სატელეფონო ჩანაწერებისა და დოკუმენტების შინაარსი მხოლოდ ომის შესაძლო განვითარების იმიტირებული სცენარი იყო. დაიწყო დაპატიმრებათა კიდევ ერთი ტალღა. საუბრობდნენ 90-მდე ყოფილი ოფიცრის შესაძლო დაპატიმრებაზე. საბოლოოდ, მთავარმა პროკურორმა სია შეამცირა.
ორივე მხარე ერთნაირი რიტორიკით ცდილობს თავის დაცვას და ოპონენტის დადანაშაულებას. თურქეთის არმია თავს განიხილავს სეკულარული კონსტიტუციის დამცველად, მთავრობას კი ქვეყნის ისლამიზაციაში ადანაშაულებს. მთავრობა ამტკიცებს, რომ რეფორმებს ატარებს ევროკავშირში შესასვლელად და თურქეთის არმიას ბრალს სდებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ის ფაქტი, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში არმიამ ოთხჯერ დაამხო ხელისუფლება, თურქეთის ამჟამინდელ მთავრობას შიშის საფუძველს უქმნის.
ხელისუფლება, დემოკრატიულ რეფორმებზე აქცენტის პარალელურად, თავად არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს. იზღუდება ოპოზიციური პრესა, ოპონენტებს არ შეუძლიათ ხმამაღლა აკრიტიკონ მთავრობა. ამ დაკავებებსაც ბევრი სწორედ მოწინააღმდეგეთა გაჩუმების მიზნით ხსნის.
თურქეთის ხელისუფლებასა და სამხედრო წრეებს შორის დაპირისპირება ალბათ გაგრძელდება. ამას 2011 წლის ივლისის არჩევნების მოახლოებაც შეუწყობს ხელს.


 

კომენტარები