კოალიციური მოლაპარაკებები დაიწყო

ეიად ალავი
26 მარტს ერაყის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდა: ეიად ალავის ალ-ირაქიამ საკანონმდებლო ორგანოში 91 ადგილი მოიპოვა, ნური ალ მალიქის სამართლებრივმა სახელმწიფომ – 89. შიიტური პარტიებისგან შემდგარი პროირანული ერაყის ნაციონალური ალიანსისთვის არჩევნები წარუმატებელი გამოდგა. მათ პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვეს. ქურთულმა კავშირმა ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში გაიმარჯვა და 43 ადგილით იქნება წარმოდგენილი.
ალ-ირაქიას გამარჯვება არ ნიშნავს ავტომატურად ალავის პრემიერ-მინისტრობას. პრემიერ-მინისტრის ასარჩევად პარლამენტის 325 წევრისგან 163-ის ხმაა საჭირო. ამისთვის ალავის კოალიციების შექმნა მოუწევს. ერთ-ერთი ვარიანტია ერაყის ნაციონალისტურ ალიანსთან გაერთიანება. თუმცა, ეს უკანასკნელი შიიტური ბლოკია, რომელსაც ირანი უმაგრებს ზურგს. ძნელად სავარაუდოა, რომ ეს გაერთიანება შედგება, ალავის პროამერიკული წარსულისა და სეკულარული იდეების გამო. მეორე ვარიანტია გაერთიანება ქურთებთან. ალ-ირაქიაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ოსამა ალ ნუჯაფი ნაინავას პროვინციიდან. მისი ახლო კავშირი ქურთებთან შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს კოალიციის შესაქმნელად.
სავარაუდოდ, კოალიციას შექმნის ალ მალიქიც. მოსალოდნელია მისი გაერთიანება პროირანულ ერაყის ნაციონალურ ალიანსთან. ორი ბლოკი გაერთიანებით 159 ადგილს მოიპოვებს პარლამენტში.
მალიქისგან თავის დასაცავად, ალავის მოუწევს „სამართლებრივი სახელმწიფოს” სუნიტი წევრების გადაბირება. ალავიმ განაცხადა, რომ იგი დაიწყებს მოლაპარაკებებს „სამართლებრივი სახელმწიფოს” წევრებთან, რადგან ერაყი არ არის რომელიმე ჯგუფის კერძო საკუთრება და მისი მშენებლობის პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. ზემოხსენებული ალიანსების შექმნის შეთხვევაშიც, ალავი გადამწყვეტ 163 ხმას ვერ მოაგროვებს. მან ალტერნატიული გზები უნდა ეძებოს.
ექსპერტების აზრით, ნებისმიერი კომბინაცია მოსალოდნელია, მაგრამ ალავის გამარჯვება ერაყის და მთლიანი არაბული სამყაროს დემოკრატიზაციის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მნიშვნელოვანია, ალავის არჩევით რას დაუჭირეს მხარი თავად ერაყელებმა. ერაყში ჩატარდა მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ნამდვილმა სეკულარისტმა, სირია-ირანის ინტერესების ოპონენტმა. მას მიემხრნენ სადამის რეჟიმის მხარდამჭერი სუნიტებიც, მიუხედავად იმისა, რომ ალავი სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო კომიტეტთან თანამშრომლობდა. როგორც ჩანს, ერაყელები ისწრაფიან სეკულარული სახელმწიფოსკენ, რომელიც გააერთიანებს საზოგადოებას.
ალავის გამარჯვება აშშ-სთვის დიდი წარმატებაა. ამერიკელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ალავიმ მოკავშირეები იპოვოს. ირანს ხელს არ აძლევს ერაყში პროამერიკული მთავრობის ჩამოყალიბება და ამიტომ ცდილობს მის დესტაბილიზაციას. თეირანში ერაყის რამდენიმე დელეგაცია ჩავიდა და მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ასეთი მოლაპარაკებები ამერიკის საელჩოში არ გამართულა. აშშ-ს უფრო აქტიური ჩარევა დასჭირდება ერაყში სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად. ობამას ადმინისტრაცია ალბათ ეცდება გამოიყენოს საკუთარი გავლენა ალავიზე, რათა ერაყში პროირანული ხელისუფლების მოსვლა არ დაუშვას.



 

კომენტარები