არჩევნების შესახებ ბევრ დევნილს ინფორმაცია არ აქვს

30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილობაში მყოფი მოსახლეობისთვის ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელშიც სახლიდან მოშორებით მიიღებენ მონაწილეობას. 26 ათასამდე ეგრეთ წოდებული ახალი დევნილი ამ არჩევნებში პროპორციული სისტემით აირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას.
მაგრამ ამის შესახებ უმრავლესობას ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს. ახალ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რა არჩევნები ტარდება 30 მაისს და აქვს თუ არა მონაწილეობის უფლება. მათთვის ისიც გაუგებარია, რატომ უნდა მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როდესაც მათ ძველ გამგეობებს, მაგალითად, ქურთის, ერედვის და თიღვის თემის საკრებულოებს, 2010 წლიდან ორი წლით გაუგრძელდათ მუშაობის ვადა.
ხურვალეთში დასახლებულ დევნილს, ქალბატონ დარეჯანს ჰგონია, რომ არჩევნები მხოლოდ თბილისში და ისიც მხოლოდ მერის ასარჩევად ტარდება. „ჩვენთან არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს”, - ამბობს იგი.
წეროვანში მცხოვრები ერედველი ბერუაშვილების სამსულიანი ოჯახის წევრები მზად არიან არჩევნებში მონაწილეობისათვის, თუკი ხმის მიცემის უფლება ექნებათ. ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ ვერ გაურკვევიათ, რომელ გამგეობას ირჩევენ. „ჩვენი სოციალური საკითხების მოგვარება მცხეთის რაიონს ეხება, ხოლო თუ რამე საბუთზე ან კომპენსაციაზეა საუბარი, მივმართავთ ძველ გამგეობებს, რომლებიც თბილისშია. ძალიან დაბნეულები ვართ ამის გამო”, - აცხადებს ერედვიდან დევნილი ქალბატონი.
ამავე დასახლების მკვიდრ ბადრის სმენია არჩევნების შესახებ, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერი იცის. ის ერთ-ერთ პრობლემად არაინფორმირებულობას ასახელებს, თუმცა აპირებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას.
წეროვანში ერთ-ერთ კომერციულ ჯიხურთან შეკრებილ მამაკაცებსაც გავესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ მათ იციან არჩევნების თარიღი, იციან, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა ჩვენს კითხვაზე, ვის აძლევენ ხმას - პარტიებს, მაჟორიტარებს თუ ორივეს ერთად - პასუხი ვერც ერთმა ვერ გაგვცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ჯული გიორგაძის განცხადებით, ე.წ. ახალი დევნილები იმ საარჩევნო ოლქების მიხედვით მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ჩასახლებულები არიან. მისი თქმით, დევნილები ყოველთვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მონაწილეობენ არჩევნებში. ინფორმაციას კი მათ აწვდიან როგორც საოლქო საარჩევნო კომისიები, ისე ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების საკითხებზე მუშაობს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად.
დევნილი მოსახლეობისთვის არავის წაურთმევია საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ერთ-ერთი მთავარი უფლება - გააკეთოს არჩევანი. მაგრამ დევნილებთან გასაუბრებამ ცხადყო, რომ ინფორმაციის ნაკლებობამ, შესაძლოა, დევნილთა უმოქმედობა გამოიწვიოს, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება მათ საარჩევნო აქტივობაზე. აუცილებელია იძულებით გადაადგილებულ პირებთან კომუნიკაციის უკეთესი სისტემის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, უკეთ გაეცნონ ახალ გადაწყვეტილებებს და მიიღონ ახსნა - განმარტება მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.


 

კომენტარები