ავიაკატასტროფის მიზეზები კვლავ გაურკვეველია

კაჩინსკის თვითმფრინავი კატასტროფის შემდეგ
10 აპრილი არ ყოფილა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი. 2008 წელს თვითმფრინავის გაუმართავობის გამო ლეხ კაჩინსკი მონღოლეთში შეფერხდა და ტოკიოში ჩარტერული რეისით გამგზავრება მოუწია. ერთ კვირაში თვითმფრინავს კვლავ შეექმნა პრობლემები სეულში გაფრენის დროს.
2009 წელს თვითმფრინავი გარემონტდა - რუსეთში. მისი შეცვლის საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა, თუმცა კაჩინსკის ოპონენტის, პრემიერ ტუსკის ინიციატივით, დღის წესრიგიდან მოიხსნა. ტუსკი პრეზიდენტს თითქმის ყველაფერში ეწინააღმდეგებოდა და თვითმფრინავის თემაც გამონაკლისი არ იყო. მიზეზად უსახსრობა დასახელდა.
გამოითქვა ვარაუდი, რომ სმოლენსკის აეროპორტის დისპეჩერის რეკომენდაციის მიუხედავად, ძლიერი ნისლის გამო თავი შეეკავებინათ დაჯდომისაგან, თვითმფრინავის დაშვება თავად კაჩინსკის მოთხოვნით შეიძლება მოხდარიყო. შავი ყუთის გახსნის შემდეგ კი აღნიშნული ვარაუდი გაბათილდა. არსებობს ლეგენდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სერიოზული საფრთხის მიუხედავად, კაჩინსკიმ აიძულა პილოტები დამსხდარიყვნენ თბილისის აეროპორტში. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ლიტვის პრეზიდენტი ვლადას ადამკუსი, რომელიც კაჩინსკისთან ერთად იმავე თვითმფრინავით ჩამოფრინდა და პოლონეთის პრეზიდენტისა და პილოტების საუბარს უშუალოდ შეესწრო.
სხვა ვერსიის მიხედვით, სმოლენსკის აეროპორტის დისპეჩერმა პოლონელ მფრინავებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ხილვადობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ საუბარი პილოტსა და დისპეჩერს შორის რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ისმის, რომ პილოტს რუსულად საუბარი უჭირს და ხშირად ინგლისურ სიტყვებსაც იშველიებს.
ტუ-154 სსრკ-ს, და შემდგომში რუსეთის, ერთ-ერთი მთავარი ავიატრანსპორტი იყო. 2006 წლის შემდეგ ის ტუ-ს სერიიდან ერთადერთი მოდელია, რომელიც ევროკავშირის საჰაერო ზონაში დაიშვება. ტუ-154-ით გადაადგილდებიან ბულგარეთის, რუსეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ნიკარაგუას და აზერბაიჯანის პირველი პირები. სმოლენსკის კატასტროფის შედეგების საბოლოო გამოძიებამდე ბულგარეთში ტუ-154-ით მგზავრობისგან თავს შეიკავებენ.
ზომებს მიიღებენ ისრაელშიც. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ქნესეთის სპიკერს, უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენელს, გენერალური შტაბის სარდალს და სპეცსამსახურების უფროსს ერთდროულად ერთი თვითმფრინავით მგზავრობა აეკრძალებათ.



 

კომენტარები