პატარა საქართველოს დიდი სტრატეგია: სად გადის ზღვარი გაბედულობასა და სიგიჟეს შორის?

0 კომენტარი

ჩარლზ ჰილის გაფრთხილება
2009 წლის 7 აპრილს იელის უნივერსიტეტში საქართველოს მხარდასაჭერად მორიგი ღონისძიება გავმართეთ, რისთვისაც მოვიწვიეთ საქართველოს ელჩი ვაშინგტონში ბათუ ქუთელია და მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ალექსანდრე ლომაია. მომხსენებელთა შორის იყო პროფესორი ჩარლზ ჰილი. იგი ჯონ გადისთან და პოლ კენედისთან ერთად უძღვება ორსემესტრიან, უაღრესად პრესტიჟულ პროგრამას დიდ სტრატეგიაში, რომელშიც მონაწილეობა ჩემთვისაც დიდი პატივი იყო.
ჩარლზი საქართველოს სპეციალისტი არ გახლავთ და არც არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობდი, რომ 70 წელს გადაცილებული ყოფილი დიპლომატი, რომელიც რჩევებს აძლევდა ჯორჯ შულცს, ჰენრი კისინჯერსა და რონალდ რეიგანს, სხვაზე უკეთ გააანალიზებდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და სასარგებლო რჩევებსაც მოგვცემდა.
არ შევმცდარვარ. პროფესორმა ჰილმა მოკლედ და სხარტად წარმოთქვა თავისი სიტყვა, რომელიც ამგვარად დაასრულა: „შეხედეთ ამ პრეზიდენტს (ბარაკ ობამას). ის არ ლაპარაკობს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ის ლაპარაკობს უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. ეს კი სახიფათოა თქვენისთანა ქვეყნისათვის. წინ რთული გზა გელით.”
მეორე მხრივ, ჩინეთი, რუსეთი, ირანი და არაბული სამყარო ობამას აქცენტებით უაღრესად კმაყოფილნი უნდა იყვნენ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მათ გაღიზიანებას ჯორჯ ბუშისა და რონალდ რეიგანის იდეალიზმითა და ადამიანური განზომილებების წინა პლანზე წამოწევით.
მაგრამ მომეჩვენა, რომ ობამას პრიორიტეტების შეფასებისას პროფესორი ჰილი მაინც ერთობ კატეგორიული იყო...

აქვს თუ არა გარეულ ტახს
დიდი სტრატეგია?
სწავლება დიდ სტრატეგიაში (Studies in Grand Strategy) იელის სამაგისტრო, პროფესიული და სადოქტორო პროგრამების გადაკვეთის წერტილია, რომლის მიზანიც ხელმძღვანელობის უნარ- ჩვევების ხელშეწყობაა - კაცობრიობის მიერ 2500 წლის განმავლობაში დაგროვილი ისტორიული და პოლიტიკური გამოცდილების შეთვისების გზით. თავად დიდი სტრატეგია კი, ერთ-ერთი განმარტებით, ამოცანად ისახავს მშვიდობის მიღწევას საშუალებისა და მიზნის ოპტიმალური შეფარდებით.
იელის პროფესორებს რომ ჰკითხო, სტრატეგია სჭირდება მეომარსაც და მესაფლავესაც, ექიმსაც და პოლიტიკოსსაც, ადვოკატსაც და მოსამართლესაც, ფეხბურთელსაც და ვაჭარსაც. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, დიდი სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ხელმძღვანელისა და მისი გენერლის საქმეა, რადგანაც იგი პოლიტიკური მიზნისა და სამხედრო ძალის თანაქმედებას აღწერს.
დიდი სტრატეგია მშვიდობისაკენ მიმავალი სისხლიანი გზაა, რადგანაც მის ცენტრში - რაც, სხვათა შორის, შთამბეჭდავად იყო ასახული კურსის სილაბუსშიც - არიან გერმანელი სამხედრო სტრატეგოსი კლაუზევიცი და თანამედროვე რეალისტური პოლიტიკური სკოლის იტალიელი ფუძემდებელი მაკიაველი.
ჩარლზის კოლეგამ, პროფესორმა კენედიმ ერთ-ერთ სემინარზე აღნიშნა: დიდი სტრატეგია დიდი ბრიტანეთისა და მისი ტოლფარდი სახელმწიფოების საქმეა; ის ვერ ექნება აბსურდსვანჯს (პატარა ფიქტიური ქვეყნის ლიტერატურული სახელი). ამ მტკიცებულებას მაშინვე მოჰყვა რამდენიმე სტუდენტის კონტრარგუმენტები იმის სადემონსტრაციოდ, რომ აბსურდვანჯისებრ პატარა და უმწეო ქვეყანასაც შეიძლება ჰქონდეს დიდი სტრატეგია - სტრატეგია გადარჩენისათვის. განა გარეული ტახი არ მიმართავს სტრატეგიას, როცა მას ლომი ესხმის თავს? ფეხებს სწრაფი სირბილისათვის იყენებს, ეშვებს კი - მოსაგერიებლად. ამაზე პროფესორმა მიუგო: ალბათ, შეგიძლიათ ამის მტკიცება, რადგანაც ეშვებს ეხება საქმე, თუმცა, დაბეჯითებით ვიტყვი, რომ თაგვს ნამდვილად ვერ ექნება დიდი სტრატეგია კატის მიმართ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოკლებულია ძალის გამოყენების უნარს თავის დასაცავად და, მით უმეტეს, თავდასხმისათვის.

როგორ არის ჩვენი საქმე, არც ისე კარგად თუ არც ისე ცუდად?
ალბათ, მართალია პოლ კენედი იმაში, რომ იმას, რასაც ან ვისაც თავდასხმის მოგერიების ან წინააღმდეგობის გაწევის უნარი არა აქვს, ვერც დიდი სტრატეგია ექნება. ისიც, ალბათ, მართალია, რომ ჩვენ ვერც მგელი ვიქნებით და ვერც, მით უმეტეს, ლომი. მაგრამ რატომ არ შეიძლება ვიყოთ ტახი?
აგვისტოს ომში რომ საბოლოოდ არ გავნადგურდით, გარე ფაქტორებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითმა სტრატეგიამ გვიშველა, რისი უმნიშვნელოვანესი ელემენტიც მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვა და მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის გადატანა იყო. გარდა იმისა, რომ რუსებისათვის ეს მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა, ამ სტრატეგიულმა გათვლამ შეაფერხა მათი მოქმედება და მოგვაგებინა დრო.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: ამერიკას, იდეალისტი ჯორჯ ბუშის ნაცვლად, პრაგმატიკოსი ბარაკ ობამა მართავს; უკრაინის პრეზიდენტი, ჩვენი მხარდამჭერი ვიქტორ იუშჩენკოს ნაცვლად, ვიქტორ იანუკოვიჩია; ხოლო საშინელმა საავიაციო კატასტროფამ კი იმსხვერპლა პოლონეთის პრეზიდენტი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი ლეხ კაჩინსკი.
საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდნენ ფიგურები და მათი დაჯგუფებანი, რომელთაც რუსეთი უკვე ღიად უჭერს მხარს და რომელნიც თავადაც ამაყობენ პუტინისათვის ხელის ჩამორთმევით. კრემლი კავშირებს ხლართავს ძველი დროის ქართველ ინტელექტუალებთან და ქართულ საზოგადოებაზე გავლენის მოსაპოვებლად იყენებს საეკლესიო არხებსაც და ქურდულ სამყაროსაც.
ის, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ამ ეტაპზე, მოსკოვისათვის ხელსაყრელი გარემო ქაოსი და ანარქია, უკიდურეს შემთხვევაში კი, სუსტი და ადვილად მანიპულირებადი რეჟიმებია, ნათლად დაადასტურა ყირგიზეთისა და უკრაინის მოვლენებმა.
მეორე მხრივ, სახეზეა რუსეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა. ჩამორჩენილობის უფრო შთამბეჭდავი მაგალითები კი ინფანტილური ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციური გაუმართაობა, ყოვლისმომცველი კორუფცია და არაეფექტიანი სახელმწიფო აპარატია.
მოსკოვს სხვა პრობლემებიც უბრკოლებს იმპერიულ სქემებს. კერძოდ ის, რომ ვერ ახერხებს ჩვენს საერთაშორისო იზოლაციას. გარდა ამისა, მის მიერ შეთავაზებულ „ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულებას” ვაშინგტონმა უარით უპასუხა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის უფლებას, ჰქონდეს გავლენის სფეროები, ხოლო ნატო კი კვლავინდებურად რჩება ევროატლანტიკური სივრცის უმთავრეს პოლიტიკურ და სამხედრო გაერთიანებად.
ჩანს, პრეზიდენტი ობამა ბევრს არ ლაპარაკობს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, მაგრამ, ჯერჯერობით, არც არაფერს აკეთებს ისეთს, რაც ამ ღირებულებებს პირდაპირ დაემუქრება.

ზღვარი გაბედულობასა და
სიგიჟეს შორის.
უინსტონ ჩერჩილი წერდა: სტრატეგოსს ბევრი კარგი თვისება უნდა ამშვენებდეს, მაგალითად, განსწავლულობა, ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ თუ ის გაბედული არ არის, ვერაფერს მიაღწევსო.
იელის უნივერსიტეტში გამართულ ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე ჩერჩილის ამ მოსაზრების ციტირების შემდეგ აღვნიშნე: იმას, რასაც საქართველო აკეთებს, ზოგი გაბედულობას უწოდებს, ზოგი კი - სიგიჟეს. ვინ აღმოჩნდება მართალი, დამოკიდებულია იმაზე, შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს თავისუფლებას.
თუ მოვახერხებთ ჩვენი შიდა ერთიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის დახვეწას, ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზმის შემდგომ განვითარებას, სამხედრო გაძლიერებას და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების გაღრმავებას - რაც, უფრო კონკრეტულად, თანამედროვეობასა და განვითარებაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაა - მოსკოვს ხელიდან გამოეცლება ჭაობში ჩვენი დაბრუნების ბევრი საშუალება.
მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ამ მეხამრიდებმა ვერ იმუშავა და ჩვენი მოწინააღმდეგისათვის ხარჯისა და დანაკარგების შიში სტრატეგიული მოგების შანსმა გადასძალა? ასეთი შემთხვევისათვის მან დღესვე უნდა იცოდეს, რომ ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაზე უარს არ ვიტყვით: ჩვენც გვაქვს ჩვენი ეშვები და, მაშასადამე, საკუთარი დიდი სტრატეგია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები