პოლონეთი კაჩინსკის შემდეგ

0 კომენტარი

1989 წელს ლეხ კაჩინსკიმ, სოლიდარობის სხვა ლიდერებთან ერთად, პოლონეთის კომუნისტური რეჟიმის კაპიტულაციის პირობები განსაზღვრა. პოლონეთი გათავისუფლდა. დანიშნულ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა (99%-ით). კაჩინსკი უშიშროების მინისტრი გახდა. მინისტრი, რომელიც სასტიკად დაუპირისპირდა ყოფილი კომუნისტების გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე. ამ შეუვალმა პოზიციამ იგი ძველ თანამებრძოლებს ჩამოაშორა. აქ გაიყარა სოლიდარობის ლიდერ ლეხ ვალენსასა და ლეხ კაჩინსკის პოლიტიკური გზები. კაჩინსკის მიაჩნდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც არ დასაჯა კომუნისტი ბოროტმოქმედები. შედეგად, უკანასკნელნი პოლიტიკურ ავანსცენას „ახალ პიჯაკებში” გამოწყობილნი დაუბრუნდნენ. ძველმა ელიტამ შეძლო ძალაუფლება სიმდიდრედ ექცია და ახალ, კაპიტალისტურ სისტემაშიც დაწინაურებულიყო. ეს იყო კაპიტულაციის არაოფიციალური ფასი, რომელიც პოლონელმა ხალხმა „უკლადად” ანუ გარიგებად მონათლა. კაჩინსკის სძულდა ძველი ნომენკლატურა. მისი ხედვით, ქვეყანა უნდა განახლებულიყო, უნდა დაბადებულიყო „მეოთხე რესპუბლიკა”, რომელიც საკუთარ თავში კომუნისტურ გადმონაშთებს გამორიცხავდა.
2000-2001 წლებში ლეხ კაჩინსკი პოლონეთის იუსტიციის მინისტრი იყო, მოგვიანებით კი ვარშავის მერი. ამ პოსტმა მას საშუალება მისცა დაპირისპირებოდა ვარშავის ბიუროკრატიასთან გადახლართულ კრიმინალურ ქსელს. მისი ხისტი მიდგომები პოპულარობით გამოირჩეოდა. მაგალითად, 2004-2005 წლებში კაჩინსკიმ დედაქალაქში ჰომოსექსუალთა მარში აკრძალა და სანქცია გასცა „ნორმალურების მსვლელობაზე”, რითაც აღაშფოთა სეკულარული ევროპა, თუმცა კათოლიკე პოლონელების გული მოიგო. მისი გამასხარავება უცხოელი და პოლონელი ჟურნალისტებისთვის საამურ საქმიანობად იქცა, თუმცა ხშირად ისინი უგულებელყოფდნენ მის ღირსებებს და მხოლოდ ნაკლოვანებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
2001 წელს კაჩინსკიმ, ტყუპისცალ ძმასთან, იაროსლავთან ერთად, დაარსა კანონის და სამართლიანობის პარტია, რომლის ეგიდითაც, 2005-ში, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთო. ძმების ეს ტანდემი წარმატებული გამოდგა. არჩევნების მეორე ტურში ლეხ კაჩინსკიმ ხმათა 54% დააგროვა და პოლონეთის პრეზიდენტი გახდა, იაროსლავი კი - პრემიერ-მინისტრი.
შიდა პოლიტიკაში ტყუპები მალევე გადააწყდნენ სირთულეებს. კაჩინსკის პრინციპები მეორე მსოფლიო ომამდელი პოლონეთის სოციალისტური პარტიისას ჰგავდა. ძმები სკეპტიკურად უყურებდნენ დიდ ბიზნესს. მათ სახელმწიფო კონტროლის განმტკიცების გზით სურდათ სისტემაში კორუფციისა და სხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრა, როცა თავისუფალი ბაზრის მომხრენი ლიბერალიზაციას და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებას მოითხოვდნენ. შედეგმა არ დააყოვნა. 2007 წელს იაროსლავ კაჩინსკი დონალდ ტუსკიმ ჩაანაცვლა. პოლონელებს მოსწონთ გულმართლები, მაგრამ აგრეთვე მოსწონთ -კომპეტენცია, ეფექტიანობა და მოდერნულობა.
საერთაშორისო ურთიერთობებში ლეხ კაჩინსკი უპირისპირდებოდა პოლონეთის ისტორიულ მეტოქეებს, რუსეთს და გერმანიას. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციებს ეფუძნებოდა. ოპონენტები თვლიდნენ, რომ ის ოდნავ პროვინციული, მარტივი და გადამეტებულად ნაციონალისტური იყო. კაჩინსკი უბრალოდ ფიქრობდა: ამერიკა და ნატო კარგია, რუსეთი და გერმანია - ცუდი. აგენტების მიერ მართული რუსეთისგან დაცვა სჭირდება კომუნისტური იმპერიალიზმის ყველა მსხვერპლს - საქართველოს, უკრაინას, ლიტვას. ევროკავშირი ზედმეტად ძლიერი და სეკულარულია; სხვა სახელმწფოების გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე კი - ძალზე სუსტი. გასაკვირი არაა, რომ პოლონეთი უპირობოდ დათანხმდა აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას მის ტერიტორიაზე და რომ პოლონელი სამხედროები მონაწილეობდნენ სამშვიდობო ოპერაციებში ავღანეთსა და ერაყში. ევროკავშირისა და რუსეთის თანამშრომლობას კაჩინსკი ეჭვის თვალით უყურებდა. მაგალითად, რუსეთ-გერმანიის გაზსადენის პროექტი მან 1939 წლის რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს შეადარა.
კაჩინსკი ყოველ წელს მიაგებდა პატივს კატინის მსხვერპლთ. თუმცა, იგი სმოლენსკში ჩადიოდა როგორც კერძო პირი, და ამიტომ, რუსეთის ხელმძღვანელობა ამ ვიზიტს უყურადღებოდ ტოვებდა. წელს რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობები გამოსწორების გზას დაადგა და რუსეთში კატინის საქმის საბოლოოდ დახურვა გადაწყვიტეს. პუტინმა 7 აპრილისთვის, კატინის ტრაგედიის 70-ე წლისთავზე, სმოლენსკში მიიპატიჟა პრემიერი დონალდ ტუსკი. განთქმული ანტირუსული განწყობის მქონე კაჩინსკი არ მიუწვევიათ. 3 დღეში პოლონეთის ხისტი და პრინციპული პრეზიდენტი სმოლენსკის აეროდრომის მისადგომებთან დაიღუპა. მის გარდა ავიაკატასტროფას შეეწირა პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის უდიდესი ნაწილი: დევნილი მთავრობის ბოლო პრეზიდენტი, საგარეო და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა სარდალი, დაზვერვის ხელმძღვანელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ომბუდსმენი და სეიმის ათობით წევრი. უბედურ შემთხვევას უკვე უწოდეს მეორე კატინი.
ტრაგედიის შემდეგ, ქმედითუნარიანი პოლიტიკური ინსტიტუტებით, პოლონეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დემოკრატიულობა. კონსტიტუციური მექანიზმების წყალობით, სწრაფად ჩანაცვლდა სამხედრო ხელმძღვანელობა, ჩანაცვლდნენ სხვა მნიშვნელოვან თანამდებობათა პირებიც; სეიმის სპიკერმა - ბრონისლავ კომოროვსკიმ - ქვეყნის პრეზიდენტობა გადაიბარა. საპრეზიდენტო არჩევნები ივნისის ბოლოსთვის დაიგეგმა. არ გამოცხადებულა საგანგებო მგდომარეობა, არ ყოფილა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, პოლონეთის პოლიტიკურმა ელიტამ ერთიანობის უნიკალური სულისკვეთება გამოავლინა.
პოლონეთი კაჩინსკის შემდეგ პრემიერ დონალდ ტუსკის დაბალანსებულ კურსს გააგრძელებს. 2007 წლიდან, ტუსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ რადეკ სიკორსკის ძალისხმევით, პოლონეთმა მოახერხა გერმანიასთან დაძაბულობის განმუხტვა, გამოაცოცხლა თანამშრომლობა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ვიზეგრადის ჯგუფის ფარგლებში, განამტკიცა ურთიერთობები შვედეთთან და მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია რუსეთთან ურთიერთობაში.
პრემიერი ტუსკი შიდასახელმწიფოებრივ დონეზეც დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოლონეთის ეკონომიკა არასდროს ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორიც დღეს არის: 2009 წელს ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ პოლონეთმა აჩვენა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (1.7%-ით). სახელმწიფოს საბანკო სისტემა მდგრადია, ეროვნული ვალუტა (ზლოტი) კი - სტაბილური.
კაჩინსკის სიცოცხლეში აშკარა იყო ტუსკის პარტიის (სამოქალაქო პლატფორმა) კანდიდატის, ბრონისლავ კომოროვსკის გამარჯვება 2010 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მარტში ჩატარებულმა PBS DGA-ის კვლევამ აჩვენა, რომ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა 51%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა, ხოლო კაჩინსკის კანონისა და სამართლიანობის პარტია - 27%-იანით. თუმცა, მომხდარის შემდეგ ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ საპრეზიდენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვებას. მას ხომ მთელი ქვეყანა თანაუგრძნობს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები