პატარა ქვეყანა -კარგია თუ საშიშია?

დიდ საერთაშორისო პოლიტიკაში პატარა ქვეყნებს, ტრადიციულად, პატივს არ სცემენ. ისინი ხომ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით უძლურნი არიან. დიდ პოლიტიკაში აქტიურობა და ცვლილებები უძლიერესი სახელმწიფოების ხვედრია. სანამ ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში გადამწყვეტი ფაქტორია, საერთაშორისო სისტემა კი იერარქიული და ანარქიულია, პატარა ქვეყანა მესამეხარისხოვან და უმწეო აქტორად აღიქმება, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი პატარა ქვეყანა მყიფე და არამდგრადი სახელმწიფოებრიობით გამოირჩევა. ამგვარი პატარა ქვეყნების რიცხვი იზრდება, „ახალშობილი” და „ახალგაზრდა” ქვეყნების სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას კი არა მხოლოდ დიდი ძალისხმევა, არამედ დიდი დროც ესაჭიროება.

პატარა ქვეყნებს არასოდეს ულხინდათ. ადრე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე, პატარა ქვეყნების ხელში ჩაგდება, მათი დანაწევრება თუ „სატელიტიზაცია” ჩვეულებრივი მოვლენა იყო საერთაშორისო პოლიტიკაში.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან პატარა ქვეყნებისათვის თითქოს უკეთესი დრო დადგა. ჯერ ერთი, იმპერიების ნგრევისა და კოლონიური სისტემის მოშლის შედეგად მათმა რიცხვმა იმატა. დღეს პატარა ქვეყნებს, გაეროს თამადობით, საერთაშორისო ორგანიზაციები „პატრონობენ”. მათ ეხმარებიან ეკონომიკურად, ხელს უწყობენ სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და ა.შ. თითქოს მათი უსაფრთხოება დღეს უფრო უზრუნველყოფილია. მაგრამ ბევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდა პატარა ქვეყნის პოლიტიკოსებს რომ ვკითხოთ: რა ძირითადი ამოცანა დგას მათი ქვეყნის წინაშე, ისინი ალბათ გვიპასუხებენ: გადარჩენაო.

ნუთუ საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავაც „ჯუნგლის კანონი” ბატონობს და არავის - მით უმეტეს პატარა, სუსტ ქვეყანას - აქვს უსაფრთხოების გარანტიები? სამწუხაროდ, ჯერაც ასეა და ჩვენ ერთ-ერთი ის ახალგაზრდა პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან გადარჩენისთვის იბრძვის.

ომი, სეპარატიზმი, სიღარიბე, ჩამორჩენილობა და სხვა ნეგატიური მოვლენები ბევრი პატარა ქვეყნის ყოველდღიური პრობლემებია. დედამიწაზე არის მაღალგანვითარებული პატარა ქვეყნები (შვეიცარია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია და ზოგიერთი სხვა), რომლებმაც არა მხოლოდ კეთილდღეობის ძალიან მაღალ დონეს მიაღწიეს, არამედ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრეს, როგორც სანდო და აღიარებულმა მედიატორებმა სხვადასხვა კონფლიქტის, სადავო საკითხის მოგვარებაში, მშვიდობისმყოფელთა ფუნქციის განხორციელებაში. ხსენებული პატარა ქვეყნები საერთაშორისო დიპლომატიაში მეტად მნიშვნელოვან და კეთილშობილურ ფუნქციას ასრულებენ. ეს მათი „საერთაშორისო სპეციალიზაციაც” კი გახდა და ამის გამო ძლიერ გაიზარდა მათი საერთაშორისო როლი და ავტორიტეტი.

ზოგიერთი პატარა სახელმწიფო თავის რეგიონში მეტად ანგარიშგასაწევი ძალაა. ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი.

ყოველ პატარა ქვეყანას ერთი ან -კიდევ უკეთესი - მეტი დანარჩენი ქვეყნებისათვის საჭირო ფუნქცია უნდა ჰქონდეს, შრომის დანაწილების საერთაშორისო სისტემაში საკუთარი ნიშა უნდა გააჩნდეს. ამ შემთხვევაში მისი ეროვნული უსაფრთხოება უკეთ იქნება უზრუნველყოფილი.

ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი პატარა, საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმში რაც შეიძლება აქტიურად უნდა იყოს ჩართული. მისთვის ეს, ეკონომიკურადაც და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, უკეთესია.

უკვე 20 წელიწადია, რაც პატარა ქვეყნების რიცხვს კიდევ ახალი, მეტად სპეციფიკური ჯგუფი – პოსტსაბჭოური პატარა სახელმწიფოები შეემატა. ხსენებული ქვეყნების სპეციფიკა, პირველ ყოვლისა, გამომდინარეობს მათი საბჭოური წარსულიდან, როცა მათმა ხალხებმა, კულტურამ და ეკონომიკამ ძლიერი „მუტაცია” განიცადეს და დამოუკიდებლობისათვის მზად არ აღმოჩნდნენ. არც მათი მოსახლეობა და მეურნეობა იყო მზად საერთაშორისო გარემოში უმტკივნეულოდ ჩასართველად. ტოტალიტარულმა წარსულმა დაამახინჯა ამ ქვეყნების მოსახლეობა, რომელსაც ამის შედეგად ცივილიზებული საზოგადოების ბევრი ნიშანი დააკლდა.

პოსტსაბჭოურ პატარა ქვეყნებში მძვინვარებდა (უმრავლესობაში კი ახლაც მძვინვარებს!) ეთნიკური ნაციონალიზმი, კუთხურობა, ცუდი მართვა და კორუფცია, ნეპოტიზმი და ოჯახს ამოფარებული უზნეობა, სოციალური პოლარიზაცია და სხვა მანკიერი მოვლენები. ყველაფერმა ამან გაზარდა ეროვნული უსაფრთხოების შიდა საფრთხეები, ხელი შეუშალა ისედაც მყიფე შიდა სოციალურ-პოლიტიკურ შეკავშირებულობას, გაზარდა სეპარატიზმის და დესტაბილიზაციის საფრთხე. ამას გარედან დაემატა მეტად სერიოზული საფრთხე - ყოფილი „ბატონის”, რუსეთის მცდელობა ხელი შეეშალა სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების დამოუკიდებელი განვითარებისათვის და ამ ქვეყნების კვლავ რუსულ ორბიტაში მოქცევით, მათი „ვასალიზაცია” და „სატელიტიზაცია”. ამ მხრივ სტრატეგიულად ფრიად ხელსაყრელად განლაგებულ საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, რადგან რუსეთმა მის დასამონებლად ყველა შესაძლო მეთოდი გამოიყენა (სეპარატიზმი, ეკონომიკური ბლოკადა, შიდა დესტაბილიზაციის მცდელობები და პირდაპირი აგრესია ტერიტორიების ანექსიასთან ერთად).

რუსეთის ნეგატიურმა ფაქტორმა კიდევ უფრო გაამძაფრა მეზობელი პატარა ქვეყნების შიდა პრობლემები და მათში დემოკრატიულ ცვლილებებსა და ეკონომიკურ პროგრესს ხელი შეუშალა. რუსეთის ამგვარმა პოლიტიკამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის ერთ-ერთი პოსტულატი - „პატარა ქვეყნისათვის უდიდესი უბედურებაა დიდ, ძლიერ სახელმწიფოსთან უშუალო მეზობლობა” - დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ადგილი და როლი დაიმკვიდრა საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ისინი კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის მქონე პატარა ქვეყნებს. ამიტომაც ისინი:
• ცდილობენ ნაკლებად აქტიურნი იყვნენ მსოფლიო პოლიტიკის ურთულეს და კონფლიქტურ გარემოში;
• ცდილობენ თავიანთ რეგიონში მეზობლებთან საუკეთესო ურთიერთობები დაამყარონ;
• მაქსიმალურად ცდილობენ აქტიურნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და მშვიდობისმყოფელ აქციებში;
• მაქსიმალურად ცდილობენ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ქცევის ზნეობრივი ნორმებისა და წესების განმტკიცებას;
• ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად უსაფრთხოების კოლექტიურ სისტემებში გაწევრიანებას ან ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან მფარველობის მოპოვებას ცდილობენ;
• ცდილობენ ითანამშრომლონ სხვა ქვეყნებთან და კონფლიქტს მოერიდონ;
• უსაფრთხოებისა და გადარჩენისათვის არაპროპორციულად დიდ საგარეო პოლიტიკურ რესურსებს ხარჯავენ.
 

კომენტარები