თავისუფლების შესახებ

0 კომენტარი

„მირჩევნია ვეკუთნოდე ღატაკ, მაგრამ თავისუფალ ერს,
ვიდრე თავისუფლებაში განხიბლულ მდიდარს”.
ვუდრო უილსონი

რამდენიმე კვირის წინ, მე და ჩემმა პარტნიორმა ჩვენი ბანკის რე-ბრენდინგი გამოვაცხადეთ : ძველი და გაცვეთილი სახელი, ახალ - ცოცხალ და კეთილხმოვან ბრენდზე გავცვალეთ. ახალ სახელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად და ადვილად მივიღეთ, რადგან, განურჩევლად ენისა, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის ინგლისურ ექვივალენტზე შევჩერდით. ასე დაიბადა ლიბერთი ბანკი.
თავისუფლების მნიშვნელობა ვინ არ იცის, მაგრამ ის იმდენად ღრმაა და ფაქიზი, რომ თავისუფლების თქვენეული განსაზღვრება, შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ჩემისაგან, ჩემი - სავარაუდოდ სხვისაგან და ასე შემდეგ. ჯონ ლოკისეული განსაზღვრება „თავისუფლება ნიშნავს იყო შეზღუდვებისგან და ძალადობისგან თავისუფალი” რომელიც უკვე სამ საუკუნეზე მეტს ითვლის, ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ზუსტია. ლორდ აქტონის სიტყვები: „თავისუფლება უფრო მაღალი მიზნის მიღწევის საშუალება არაა. ის თავად არის უმაღლესი პოლიტიკური მიზანი” - მხიბლავს მისი დოგმატური სიმარტივით.
უდავოდ ადვილია განსაზღვრო რა არ არის თავისუფლება. ჩემმა თანამემამულეებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და გაიზარდნენ იციან, რას ნიშნავს არ იყო თავისუფალი. მაგრამ ტირანიისა (საბჭოთა, თუ სხვა) და ლიბერალური დემოკრატიის შავ-თეთრ უკიდურესობებში ნაცრისფრის უამრავ ტონს ვაწყდებით და იმ ხაზის გავლება, რომლის მიღმაც, ნებისმიერი, თუნდაც მცირე კომპრომისი, თავისუფლების დათმობას ნიშნავს, არ არის ყოველთვის ადვილი. ედმუნდ ბერკის სიტყვები რომ გავიმეოროთ, „რეალური საფრთხე მაშინ დგება, როდესაც თავისუფლებას, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ნაწილ-ნაწილ ვთმობთ”.
თავისუფლების ზომა-წონის განსაზღვრის ყველაზე ადვილი გზა ჩემთვის უკავშირდება სახელმწიფო ხარჯების წილს ქვეყნის ეკონომიკაში. თავისუფალი სამყაროს ისტორია მას შემდეგ, რაც ბისმარკმა სოციალური კანონმდებლობა წარმოადგინა 1880 -იან წლებში, სახელმწიფოს ზომის შეუქცევადი ზრდის პარალელურად განვითარდა. ესტაფეტა პროგრესისტებმა გადაიბარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ატარეს დიდ დეპრესიამდე, რამაც დასაბამი მისცა რუზველტისეულ ახალ კურსს და ა.შ. 1947 წლის შემდეგ, ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ ხელისუფალთა რეალური (ანუ ინფლაციაზე დაკორექტირებული) დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაოთხმაგდა. გაერთიანებული სამეფოს შემადგენელ უელსსა და შოტლანდიაში, სახელმწიფო ხარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-მდე მოდის, ანუ უფრო მეტი, ვიდრე უნგრეთში 1989 წელს.
ბისმარკს, ალბათ, გულწრფელად სჯეროდა, რომ აწონდაწონილი სოციალური რეფორმა, სოციალისტურ რევოლუციას აღკვეთდა. ლუის ბრანდეისმა, რომელიც ლიბერთარიანელების მედროშედ, როგორც წესი, არ განიხილება, ერთხელ თქვა: „თავისუფლების ყველაზე დიდი საფრთხე კეთილისმსურველ უმეცართა გულმოდგინებაში იმალება”. დემოკრატიულ კონტექსტში, სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს გაფართოება მიზანშეწონილ და გონივრულ ფარგლებს მიღმა, როგორც ჩანს, სამწუხაროდ შეუქცევადი პროცესია. როგორც ფრედერიკ ბასტია ამბობს, „ყველას სურს იცხოვროს სახელმწიფოს ხარჯზე, ავიწყდებათ რა, რომ სახელმწიფოს სურს იცხოვროს ყველას ხარჯზე.” ასევე ხშირად ავიწყდებათ, რონალდ რეიგანის ნათქვამი: „სოციალური პროგრამების მიზანი, მათი არსებობის აუცილებლობის აღმოფხვრა უნდა იყოს”. უნდა ითქვას, რომ არაფერი მსგავსი მდიდარ დემოკრატიულ ქვეყნებში არ მომხდარა - პირიქით, სოციალურ პროგრამებზე დამოკიდებულების ხარისხმა იმატა - უმეტეს შემთხვევაში პიროვნული თავისუფლების ხარჯზე. არჩევნებიდან არჩევნებამდე სახელმწიფოს ზომა იზრდება და მისი ფუნქციები ფართოვდება - ასახავს თუ არა ეს ვითარება ჭეშმარიტ კონსენსუსს? იქნებ სახელმწიფო ხარჯებზე კონსტიტუციური კონტროლის არარსებობის გამო პროფესიული პოლიტიკის დღევანდელ ეპოქაში ერთადერთი რასაც ამომრჩეველი იღებს, არის მრავალფეროვნება და უბრალო რიტორიკა რეალური არჩევანის მაგივრად?
შემდეგ სვეტში ავხსნი იმას, თუ რატომ შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო ჩარჩოებში მოქცევა სახელმწიფოს ოპტიმალური ზომის განსაზღვრას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაბეგვრის უფლებამოსილება, სრულიად მართებულად, ხალხის და არა პროფესიონალი პოლიტიკოსების ხელში იქნება.





 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები