ამერიკის ბირთვული პოლიტიკა იცვლება

ბირთვული დოქტრინის მიზანია ომის თავიდან აცილება. ის ცდილობს დაანახოს მოწინააღმდეგეს, რა ელის აგრესიის შემთხვევაში. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ამერიკა უფლებას იტოვებდა მასზე ან მის მოკავშირეებზე თავდასხმის შემთხვევაში ბირთვული დარტყმით ეპასუხა მოწინააღმდეგისათვის. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ აღნიშნა: „თუ ჩვენ გვექნება მოწინააღმდეგის განადგურებისათვის საკმარისი იარაღი, არასოდეს მოგვიწევს მათი გამოყენება”.
აშშ-ს ახალი ბირთვული პოლიტიკა უარს ამბობს ბირთვული შეკავების სტრატეგიაზე. ის ობამას ახალი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ბირთვული იარაღის, ისე მისი როლის შემცირებას ქვეყნის თავდაცვაში. თავდაცვის დეპარტამენტის მოხსენების მიხედვით (Nuclear Posture Review Report 2010), ამერიკაზე ან მის მოკავშირეებზე ბიოლოგიური, ქიმიური ან კიბერიერიშის შემთხვევაში, აშშ არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ თავდამსხმელ ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე და ასრულებს მის პუნქტებს.
ამ ნაბიჯით ბარაკ ობამას სურს, რომ მსოფლიოს დაანახოს თავისი ქვეყნის პოლიტიკის კეთილსინდისიერება. საეჭვოა ამ მიდგომამ გაამართლოს, რადგანაც ნაკლებ სავარაუდოა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ობამას მორალურ ნაბიჯს ასეთივე კეთილგანწყობით უპასუხოს. პირიქით, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანამ ეს აშშ-ს სისუსტის გამოვლინებად აღიქვას.
ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის თვითაკრძალვამ, შესაძლოა, ბევრ ქვეყანას უბიძგოს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისაკენ, მათ შორის, თავის მოკავშირეებსაც, რომლებიც ვეღარ დაეყრდნობიან აშშ-ს ბირთვულ ქოლგას.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ აშშ აღარ შექმნის ახალ ბირთვულ იარაღს. მისი თქმით, ისინი არსებულ მასალებს გამოიყენებენ ახლების ასაწყობად. საეჭვოა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით რამდენად ეფექტური იქნება მსგავსი იარაღი.
კითხვები გააჩინა 8 აპრილს პრაღაში ამერიკა-რუსეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ (რომელიც საჭიროებს ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს რატიფიკაციას). პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი უფლებას იტოვებს გამოვიდეს ხელშეკრულებიდან თუ ამერიკა განაგრძობს ბირთვული იარაღის მოდერნიზაციას.
ამერიკული მხარის განცხადებით, ხელშეკრულებას არ ექნება გავლენა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მისი ქვეყანა იმ შემთხვევაშიც გააუქმებს შეთანხმებას, თუ ამერიკის თავდაცვის სისტემები რუსეთის ინტერესებს შეეჯახება. ამ განცხადებით, რუსეთმა ხელშეკრულება დაუკავშირა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებას. ამან, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ამერიკისა და მისი მოკავშირეების ურთიერთობებზე. უდიდესმა პოლონურმა გაზეთმა Gazeta Wyborzca-მ პრაღაში ობამას ვიზიტზე დაწერა: „ობამა მოდის, მაგრამ ის უკვე აღარ არის ჩვენი ობამა”. ხელშეკრულებით არც სხვები დარჩენილან კმაყოფილნი.
პრაღის შეთანხმება არ ეხება ახლო მანძილზე მოქმედ ბირთვულ რაკეტებს, რომლებსაც ტაქტიკურ რაკეტებსაც უწოდებენ. რუსეთს სამი ათასზე მეტი ტაქტიკური რაკეტა აქვს. ჩვეულებრივ შეიარაღებაში რუსეთი ჩამორჩება როგორც ნატოს, ისე ჩინეთს. მათი აქცენტი ბირთვულ იარაღზეა, რაც გაცხადდა კიდეც 2010 წელს მიღებულ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში, რომლის მიხედვითაც, ბირთვული რაკეტების გამოყენება შეიძლება როგორც პრევენციული დარტყმისთვის, ისე კონვენციურ ომში. გამოდის, რომ ამერიკული ბირთვული არსენალის შემცირების პარალელურად, რუსული შეიარაღება გაიზრდება. ამის შემდეგ საკითხავია, რა სარგებელი შეიძლება მიიღონ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ამ ხელშეკრულებით?
12 აპრილს ვაშინგტონში გაიხსნა ბირთვული სამიტი, რომელშიც 47 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის არ არიან ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მათი ბირთვული პროგრამების გამო. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ ჩასულა სამიტზე, რადგან თურქეთი და ეგვიპტე, სავარაუდოდ, მისი ქვეყნის ბირთვული ინსპექციის საკითხს დააყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამიტზე არ იყო მიწვეული აზერბაიჯანის დელეგაცია, სამაგიეროდ ობამა პირადად შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს.
ობამას პოლიტიკამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩილემ, მექსიკამ და კანადამ საკუთარი ბირთვული პროგრამების შეკვეცისა და საჯაროობის სურვილი გამოთქვეს. უკრაინა მზადაა 200 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანი ამერიკას ან რუსეთს გადასცეს გასანადგურებლად. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია უკრაინის მაგალითს ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ მიბაძონ.
სამიტზე აღინიშნა ბირთვული ტერორიზმის საფრთხეზეც. ობამამ თავის გამოსვლაში ისაუბრა კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ბოლო წლებში ურანის მოპარვის უამრავი მცდელობა დაფიქსირდა.
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაში საკუთარი წილი საქართველომაც შეიტანა. სამიტზე მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ბოლო ათ წელიწადში რვაჯერ მოახერხეს გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა. ატომური ენერგიის სააგენტო შეშფოთებულია აფხაზეთში არსებული ბირთვული ნარჩენების საწყობის გამო. ბოლო ინსპექცია 2005 წელს ჩატარდა, მას შემდეგ კი ამ რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
საბოლოო ჯამში სამიტმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ობამას ადმინისტრაციამ სცადა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული წარუმატებლობის გადაფარვა. ვაშინგტონის საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა 17-18 აპრილისათვის თეირანში მოიწვია საკუთარი ბირთვული სამიტი, რომელშიც 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.



 

კომენტარები