სამხრეთ აფრიკის გამოწვევები

სერფერები კეიპტაუნის სანაპიროზე
პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ საახალწლო მიმართვაში 2010 წელი მოიხსენია „სამხრეთ აფრიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან წლად, 1994-ის შემდეგ”. ამ სიტყვებით იგი ეხმიანებოდა ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებას, რომელიც სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე ზაფხულში უნდა გაიმართოს. თუმცა, მან არ იცოდა როგორი რთული აღმოჩნდებოდა 2010 წლის პირველი თვეები პირადად მისთვის. გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის შემდეგ, მისი ზოგიერთი თანაპარტიელი (აფრიკის ნაციონალური კონგრესი - ანკ) იმასაც ამბობს, რომ წლის ბოლოს იგი უნდა გადადგეს. ხალხში უკმაყოფილება და იმედგაცრუება მატულობს.
განათლების სისტემა, კორუფცია და რეგიონში შექმნილი მდგომარეობა კვლავ ქვეყნის უმთავრეს პრობლემებად რჩება. დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, სამხრეთ აფრიკა 31-ე ადგილზეა, პრესის თავისუფლების მხრივ - 33-ე, გლობალური კონკურენტუნარიანობით - 44-ე. რაც შეეხება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, ამ ნიშნით ქვეყანა 72-ე ადგილს იკავებს. მონაცემები დამაკმაყოფილებელია კონტინენტის მასშტაბით, მაგრამ მსოფლიო კონტექსტში წარუმატებლობის ტოლფასია.
სამხრეთ აფრიკა დიდ თანხას ხარჯავს განათლებაზე (მშპ-ს 5%), გაცილებით მეტს, ვიდრე აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნები, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. ადამიანის განვითარების ინდექსით ქვეყანა 129-ე ადგილზეა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოსწავლეების ნახევარი ვერ იღებს საშუალო განათლების დიპლომს და მხოლოდ 15% ახერხებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. 2007 წელს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 42% თეთრკანიანი იყო, მაშინ, როდესაც ისინი მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს შეადგენენ.
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის ინდექსის მიხედვით, სამხრეთ აფრიკა 180 ქვეყნიდან 55-ე ადგილზეა. ანტიკორუფციული ორგანოს (SUI) ხელმძღვანელი უილი ჰოფმეირი აცხადებს, რომ საჯარო სექტორში აღმოჩენილია 400 ათასამდე დარღვევა. უმაღლესი მთავრობის 6 ათასმა წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა საკუთარი ბიზნესინტერესების კანონიერება.
პრეზიდენტი ნელ-ნელა მოკავშირეებს კარგავს. კომუნისტები პრეზიდენტს მათი მსოფლმხედველობის გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებენ, რაც მისი წინამორბედის, ტაბო მბეკის დროს გაბატონებული ეკონომიკური პოლიტიკის გარძელებაში გამოიხატება. ანკ-ის კიდევ ერთი ძველი მოკავშირე, „სამხრეთ აფრიკის ვაჭრობის კავშირების კონგრესი” (Cosatu), აპირებს, რომ სექტემბერში, შეკრებაზე, პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადოს. ბოლო ასეთი შეკრება 2005 წელს გაიმართა. მაშინ ტაბო მბეკის თანამდებობიდან „გამოწვევის” საკითხი დაისვა. ზუმას უპირისპირდება „სახალხო კონგრესიც” (COPE), რომელიც 2008 წელს გამოეყო ანკ-ს. გამოყოფის მიზეზად იდეოლოგიური განსხვავება დასახელდა. 2009 წლის არჩევნებზე სახალხო კონგრესი მესამე ადგილზე (7,4%) გავიდა და პარლამენტში 30 ადგილი მოიპოვა.
COPE მეტად პოპულარულია აღმოსავლეთ კეიპის რეგიონში, რომელიც დასახლებულია, ძირითადად, ქსოსას ტომის წარმომადგენლებით. ამ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან ტაბო მბეკი და ნელსონ მანდელა. ჯეიკობ ზუმა ზულუს ტომის წარმომადგენელია.
ექსპერტები ეჭვობენ, რომ აფრიკის ნაციონალური კონგრესი გაიყო არა იდეოლოგიური, არამედ ეთნიკური განსხვავების ნიადაგზე. ქვეყნის პოლიტიკაში იქმნება ტომობრივი გამიჯვნის საფრთხე, რასაც ანკ-ი მთელი არსებობის მანძილზე ებრძოდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რთულია სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური ამინდის პროგნოზირება. პრეზიდენტი ზუმა ძალიან ცბიერი პოლიტიკოსია. მან შეძლო თავის დაძვრენა კორუფციისა და გაუპატიურების ბრალდებებისგანაც კი. დღეს იგი ცდილობს დაიბრუნოს ძველი პოზიციები.
სამხრეთ აფრიკა 2010 წელს და სამხრეთ აფრიკა ნელსონ მანდელას მმართველობის პერიოდში – ორი განსხვავებული ქვეყანაა. მანდელას პროგრესულმა ფიგურამ ქვეყანას გაუხსნა დიპლომატიური გზა განვითარებული მსოფლიოსკენ.
ქვეყნის რეპუტაცია აფრიკის კონტინენტზე მაშინ შეილახა, როდესაც მანდელამ ელჩი გამოიწვია ნიგერიიდან, ერთ-ერთი აქტივისტის სიკვდილით დასჯის გამო. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაც ასე მოიქცა. მაშინ დაარქვეს კონტინენტის სხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკას – „თეთრი ქვეყანა შავი პრეზიდენტით”.
მანდელას შემდეგ სამხრეთ აფრიკა გზაგასაყარზე დადგა: მას შეეძლო ან ჩაბმულიყო გაეროს დისკუსიებში - ზიმბაბვეს, ბირმას და სხვა დიქტატორული რეჟიმების კრიტიკაში, ან ამ თემაზე დუმილი აერჩია. ერთ შემთხვევაში მას ურთიერთობა გაუფუჭდებოდა აფრიკის ქვეყნებთან, მეორე შემთხვევაში კი დასავლეთთან. ზუმას წინამორბედმა ტაბო მბეკიმ კონტინენტურ სოლიდარობას მიანიჭა უპირატესობა, მეტიც, ზიმბაბვეს დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნებაში წვლილიც შეიტანა. შედეგად, საერთაშორისო არენაზე სამხრეთ აფრიკის ავტორიტეტი დაკნინდა.
ახალი პრეზიდენტიც არჩევანის წინაშე დგას. მას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. თუ სამხრეთ აფრიკას არ სურს გახდეს მორიგი „რიგითი აფრიკული ქვეყანა”, ზუმამ უნდა დაუმტკიცოს მსოფლიო ლიდერებს, რომ იგი თავს არ დაუკრავს აფრიკის დიქტატორულ რეჟიმებს. ამისთვის ზუმას დასჭირდება რეგიონულ დონეზე არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. ჯერჯერობით, ჯეიკობ ზუმა თავისი წინამორბედის კვალს მიჰყვება.


 

კომენტარები