ობამას საგარეო პოლიტიკა და საქართველო: გადატვირთვა ერთი წლისაა

„ჩვენ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ვიყავით და ვიქნებით. გვექნება იმაზე მეტი ბირთვული იარაღი ვიდრე გვჭირდება” – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ამერიკულ მედიასთან საუბრისას. სწორედ იმ დროს ბარაკ ობამა მსოფლიოს 46 ქვეყნის ლიდერს ბირთვული იარაღის შემცირებაზე ელაპარაკებოდა.
სახელმწიფო მდივანი აშკარად იცავდა დემოკრატ პრეზიდენტს რესპუბლიკელი ოპონენტების კრიტიკისგან. კრიტიკა მოჰყვა შეთანხმებას რუსეთთან ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. მიიჩნევენ, რომ შეთანხმების გაფორმება „გადატვირთვის” პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგია.
მოსკოვთან შეთანხმებას ხელი პრაღაში მოეწერა. ჩეხეთის დედაქალაქი საგანგებოდ შეირჩა იმის ნიშნად, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა არ მოხდება ყოფილი სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოთა ინტერესების ხარჯზე.
საეჭვოა, „რეალ პოლიტიკის”, ნაციზმისა და კომუნიზმისგან გაწამებულ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მსგავსი გზავნილი ეყოს დასამშვიდებლად.
„ცივი ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები ვეღარ ექცევა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფოკუსში. ობამას ახალი ადმინისტრაციის განსაზღვრული საგარეო პრიორიტეტები ნათელყოფს – ჩვენი რეგიონი მსოფლიოს ის ნაწილია, რომელზეც ამერიკელები აღარ დარდობენ” - ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ მოისმინა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი და მოქმედი პოლიტიკური ლიდერებისგან.
ობამას პრეზიდენტად არჩევით, ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ახალი ხანა დაიწყო. ძველი სტრატეგია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა და 60 წელიწადს გასტანა, სამ ძირითად პოსტულატს ეყრდნობოდა: 1.ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობა; 2.თავისუფალ ქვეყნებთან სამხედრო და ეკონომიკური ალიანსი; 3. ღია სავაჭრო და ფინანსური სისტემა.
სტრატეგია, რომელსაც „ტრუმანის დოქტრინად” მოიხსენიებენ, მიზნად ისახავდა პირველ ეტაპზე თავისუფლების მოყვარე ერების გაძლიერებას, რასაც თავის მხრივ „მთელი კაცობრიობის ბედნიერებისა და თავისუფლებისათვის” უნდა გაეკვლია გზა.
დღეს ბევრი პოლიტიკური კომენტატორი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ, უარი თქვა ამერიკის წამყვან როლზე. როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, დაიწყო „საერთო ინტერესებზე, საზიარო ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის ხანა”, როცა დიდი სახელმწიფოები თანასწორი პოზიციებიდან გადაწყვეტენ მსოფლიოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან პრობლემებს.
ახალი ადმინისტრაციისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური კომენტატორის, რობერტ კაგანის შეფასებით, ობამას გუნდი „პოსტამერიკული მსოფლიოს არქიტექტორად მოგვევლინა”.
ბარაკ ობამამ წინამორბედისგან მემკვიდრეობად მიღებული საგარეო პოლიტიკური თემებიდან პრიორიტეტებად აქცია ავღანეთ-პაკისტანის საკითხი და ირანის ბირთვული შეიარაღების აღკვეთა.
ირანის თემის მოგვარება ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან - რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გამოსწორებით გადაწყვიტა და ჰილარი კლინტონს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის „გადატვირთვის” სიმბოლურ ნიშნად “წითელი ღილაკი” გაატანა, მოგვიანებით კი ამერიკის კეთილ ზრახვებში არწმუნებდა ჩინეთს.
START-ის ხელმოწერას და ვაშინგტონის ბირთვულ სამიტზე ჩინეთის პირობას, მხარი დაეჭირა სანქციებისათვის ირანის წინააღმდეგ, ბარაკ ობამას კურსის დამცველები სწორედ მისი შერბილებული პოლიტიკის დამსახურებად მიიჩნევენ. თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციამ სამი რეზოლუცია ირანთან დაკავშირებით ისე გაიტანა გაეროში, მსგავსი რევერანსები სულ არ დასჭირვებია.
რობერტ კაგანის აზრით, „რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, თუ ისინი მიიღებენ იმას, რაც ყოველთვის სურდათ: მათი შიდა პოლიტიკური მოწყობისა და რეგიონალური ჰეგემონიის პატივისცემას”.
სწორედ ამიტომ გაჩნდა შიში, რომ რუსეთთან „გადატვირთვის” პოლიტიკას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს ინტერესებიც შეეწირებოდა.
თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ობამას ეს ნაბიჯი რეალობისთვის თვალის გასწორების აუცილებლობამ განაპირობა: „თუ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი გინდა, მაშინ მას უნდა მოელაპარაკო. ერთ საკითხში თანამშრომლობა, სულაც არ ნიშნავს უპრინციპობას სხვა საკითხებში” - განაცხადა „ტაბულასთან” საუბრისას, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რონალდ ასმუსმა.
ჯერჯერობით ასეცაა. ამერიკის პირველ პირებს არასოდეს ავიწყდებათ, ხაზი გაუსვან მკვეთრ განსხვავებებს მათი და რუსეთის ხელისუფლების ხედვებს შორის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსკოვში ვიზიტისას ნათლად და არაერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა ვერასდროს შეეგუება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დანაწილებას; საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურღვევია, საქართველო თავისუფალია თავის არჩევანში, გახდეს იმ პოლიტიკური ალიანსის წევრი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. ამ სიტყვების ადასტურებს საკვანძო მომენტში ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში და ბარაკ ობამას სატელეფონო ზარი მედვედევთან 2009 წლის ზაფხულში, როცა რუსეთის აგრესიის საფრთხემ კვლავ სახიფათო ზღვარს მიაღწია; ამის დასტურია შტატების პრინციპული პოზიცია საქართველოში გაეროს მისიის მანდატზე რეზოლუციის მიღებისას და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა. რუსეთს ამ რეზოლუციაზე ვეტოს დადება მოუწია.
თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მეტი გაკეთდეს. „გადატვირთვის პოლიტიკა ჭკვიანური სვლა იყო რუსეთთან მართლაც რომ მძიმე ურთიერთობის დინამიკის შესაცვლელად - აღნიშნა ტაბულასთან საუბარში უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დეიმონ უილსონმა - მოწონებას იმსახურებს ობამას ადმინისტრაციის არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა მეგობრების ხარჯზე არ მოხდება, მაგრამ შესაბამისი ძალისხმევის გარეშე ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ამ სიტყვების განსამტკიცებლად ვაშინტონმა ნათელი პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს რეგიონში ახალი დემოკრატიების მხარდასაჭერად”.
ჯერჯერობით სურათი ბუნდოვანია: ობამამ უარი თქვა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე. როგორც ამერიკის ადმინისტრაცია ირწმუნება, უარი პროექტის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია და არა რუსეთის წინააღმდეგობამ. უკეთესი პროექტი ჯერ არ ჩანს, „ახალი” ევროპა კი შფოთავს; ნატოს წევრი ქვეყანა - საფრანგეთი ისე აწარმოებს უპრეცედენტო მოლაპარაკებას იარაღით ვაჭრობაზე რუსეთთან, რომ შეერთებული შტატები ყურსაც არ იბერტყავს; ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აზერბაიჯანი ბირთვულ სამიტზე არც კი დაპატიჟეს, ხოლო რუსეთის მოკავშირე სომხეთს ორმხრივი შეხვედრის პატივი ერგო. ამერიკა-ისრაელის ურთიერთობა ჩიხშია შესული - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ობამას მოწვევა არად ჩააგდო და ვაშინგტონში ბირთვულ სამიტზე არ ჩავიდა; ინდოეთი და იაპონია ჩინეთთან ტონის შერბილების გამო ნერვიულობენ; ობამას სურვილმა, ურთიერთობა გამოესწორებინა ჰუგო ჩავესის ვენესუელასთან და რაულ კასტროს კუბასთან მოკავშირე კოლომბია და ჰონდურასი ააფორიაქა.
ობამას ოპონენტებს აშფოთებს, რომ ქვეყნებს, ვისთან ურთიერთობის დათბობაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია, ავტორიტარული რეჟიმები მართავენ, განაწყენებულ მოკავშირეთა უმეტესობა კი დემოკრატიაა – ზოგი მათგანი არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატია.
ობამას ადმინისტრაციას სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ მეგობარი დემოკრატიების ხარჯზე მტრებთან მოკავშირეობაში: „ჩვენ გვჭირდება ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამერიკის მეგობრებს განარჩევს მტრებისაგან” - განაცხადა ბირთვული სამიტის დაწყებამდე სარა პეილინმა.
ობამას გუნდის წევრები, ამ მიდგომას პრეზიდენტის „რეალ პოლიტიკოსობით” ხსნიან. აი, რა უთხრა თეთრის სახლის ადმინისტრაციის უფროსმა, რაჰმ ემანუელმა ენერგოსამიტის დასრულების შემდეგ, ნიუ იორკ ტაიმსს: „როცა საქმე შენი ერის ინტერესებს ეხება, ცივსისხლიანი უნდა იყო”. ადმინისტრაციის უფროსის ამ განცხადებას ექსპერტებმა არაერთგვაროვანი შეფასება შეაგებეს. „ავტოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობის მცდელობა ობამას ჰენრი კისინჯერად არ აქცევს. კისინჯერი ჩინეთს ელაპარაკებოდა, რათა საბჭოთა კავშირზე სტრატეგიული უპირატესობა მოეპოვებინა. ის საბჭოთა კავშირის „განმუხტვის” პოლიტიკას შეუდგა იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდათ ვიეტნამის შემდეგ. მიუხედავად იმისა სწორი იყო ეს მიდგომა, თუ არასწორი, „რეალ პოლიტიკაც” სწორედ ეს არის. გლობალური განიარაღება შეიძლება კარგია, მაგრამ ამ მიზნისკენ სწრაფვას იდეალიზმის გარდა ვერაფერს დავარქმევთ” - ამბობს რობერტ კაგანი.
სკეპტიკოსების აზრით, ობამას დათმობებს ჩინეთი და რუსეთი აღიქვამენ არა როგორც ნაბიჯს, გადადგმულს კეთილშობილური მიზნის მისაღწევად, არამედ ამერიკის სისუსტედ ან გულუბრყვილობად. პოლიტიკური კომენტატორის, ივან კრასტევის თქმით, ობამას რუსეთში გორბაჩოვს ადარებენ: „რუსებს კარგად ახსოვთ გორბიმანია, რამაც მსოფლიო მოიცვა იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ისინი ობამას გლობალურ რეფორმატორობას და პროგრესულ დღის წესრიგს ამერიკის სისუსტედ განიხილავენ და არა ამერიკის განახლებულ ძალად და ლეგიტიმაციად”.
თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დამთბარი ურთიერთობის პირობებში რუსეთზე ზემოქმედება გაცილებით ადვილია: „შემცირებული ანტაგონიზმის ატმოსფერომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რამდენიმე პოტენციური საფრთხის აცილებისას, მათ შორისაა საქართველოში კონფლიქტის განმეორების საშიშროება 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე”, წერია რუსეთის შესახებ „ამერიკის პროგრესის ცენტრის” მომზადებულ ანგარიშში, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა.
იგივე ანგარიში მიუთითებს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობას რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხში. „ამერიკის პროგრესის ცენტრი” ამერიკის ადმინისტრაციას ურჩევს, „შეიმუშავოს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების სამოქმედო გეგმა. ადმინისტრაციამ რუსეთი უნდა აიძულოს პატივი სცეს საქართველოს მიმართ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელთა ნაწილიც ამჟამად აშკარად ირღვევა. წინ რომ წავიდეთ და მეორე კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ, საჭიროა უფრო კრეატიული გამოსავლის პოვნა იმ ჩიხიდან, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით აღმოვჩნდით”. როგორც ვხედავთ, „გადატვირთვის” პოლიტიკის მომხრეებშიც მოიძებნებიან ისეთები, ვინც მოკავშირეების, კერძოდ საქართველოს დასაცავად ამერიკის ადმინისტრაციისგან მკაფიოდ გაწერილ სტრატეგიასა და კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვენ.
კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაც მიეკუთვნება. „რუსეთის თავდასხმამ მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები - ნათქვამია სენატორ რიჩარდ ლუგარის მოხსენებაში, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გაეგზავნა - რუსეთი სანქციებით დაემუქრა საქართველოსთან იარაღით მოვაჭრე ქვეყნებს, რამაც ქვეყანა თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობის გარეშე დატოვა. ეს მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა უპრეცედენტო გარიგებაზე (იგულისხმება რუსეთ-საფრანგეთის გარიგება მისტრალთან დაკავშირებით ტ.) მიდის რუსეთთან”.
ამერიკული დახმარება საქართველოსთვის კი უფრო სამხედრო დოქტრინასა და სწავლებაზეა კონცენტრირებული. ქართული სამხედრო შენაერთების წვრთნაზე დაიხარჯება ის თანხაც, რომელიც პენტაგონმა 2010 წლის მარტის ბოლოს გამოუყო ექვს ქვეყანას: ბალტიისპირეთს, საქართველოს. ხორვატიასა და უნგრეთს. რაც შეეხება სხვა საკითხებს თავდაცვის სფეროდან, „ამაზე ვმუშაობთ - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ვაშინგტონ პოსტის” რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას - ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, დრო დაგვჭირდება”.
„ამაღამ პასუხი მიიღო ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ამერიკა არის ადგილი, სადაც შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს; ვინც ეჭვობდა, რომ ჩვენი დამფუძნებლების ოცნება ცოცხალია; ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ჩვენი დემოკრატიის ხარისხს” - ასე მიმართა ობამამ ამერიკელ ამომრჩეველს 2008 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა.
საკითხავია, ვისაც აქამდე არ შეპარვია ეჭვი ამერიკული ღირებულებების უპირატესობაში, ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ხომ არ გაუჩენს ასეთ ეჭვს?. მიმოხილველთა აზრით, ამის ფუფუნება საქართველოს არ აქვს: „ნეიტრალიტეტი საქართველოს არჩევანი ვერ იქნება - უთხრა „ტაბულას” „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სალი მაკნამარამ - რუსეთთან ლოგინში ჩაწოლა საქართველოს არ სურს, ასე რომ არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ გააგრძელოთ ნატოსთან, ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობა. ნატო საქართველოს კომისია, სავსებით შესაძლებელია საქართველოს გაუძღვეს ალიანსის წევრობისკენ. სამოქმედო გეგმა (MAP) არ არის სავალდებულო ინსტრუმენტი ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. აუცილებელია შიდა რეფორმების კურსის გაგრძელება”.
დეიმონ უილსონმა ტაბულასთან ინტერვიუსას სტრობ ტალბოტთან 90-იან წლებში შემდგარი საუბარი გაიხსენა: „მაშინ არც ერთს გვჯეროდა, რომ ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრები გახდებოდნენ, ბუნდოვნად ვსაუბრობდით ლიტვის ნატოში, ხოლო ესტონეთის - ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა იმას რაც მოხდა. ბალტიისპირეთის წარმატებამ რეფორმების კუთხით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. აი ასე გადაიქცა ძალიან სადავო საკითხი უდავოდ. ჩემი კოლეგები, რომლებიც თავიდან საქართველოს ევროპულ ქვეყნადაც არ აღიქვამდნენ, ორიოდე წელიწადში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე მსჯელობდნენ”.
ვაშინგტონის ბირთვული სამიტი დამთავრდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. საქართველომ კიდევ ერთი მადლობა მიიღო ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი - დემოკრატიული რეფორმების ერთგულებისთვის.
„საქართველოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია ვიდრე მისი ზომა” - ასე მიმართა ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ფრედ კემპმა საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად შეკრებილ საზოგადოებას 15 აპრილს, ვაშინგტონში. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ზომით პატარა ქვეყანა, რამდენიმე წელიწადია მსოფლიო პოლიტიკური დისკურსის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. „მთავარია საქართველოს მომავალი, საქართველოს ეკუთვნოდეს - ამ სიტყვებით დაასრულა ტაბულასთან საუბარი დეიმონ უილსონმა - ამ შემთხვევაში საქართველო აუცილებლად შეძლებს მიმდინარე დისკურსის მის სასარგებლოდ შეცვლას”.





 

კომენტარები