ინგლისური - საშუალება და არა მიზანი

ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სკოლებში მოსალოდნელი ორი ცვლილების შესახებ გვაუწყა - პირველკლასელებს სპეციალური კომპიუტერები დაურიგდებათ, მათზე ჩატვირთული სახელმძღვანელოებით, და ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება. პრესაში პირველმა ინიციატივამ ნაწილობრივ დაჩრდილა მეორე. არადა, ნაბეჭდი წიგნის, როგორც ინფორმაციის წყაროს, ნაწილობრივი ჩანაცვლება ეკრანით, უფრო ფორმის საკითხია, ვიდრე შინაარსისა. კომპიუტერს ისედაც სულ უფრო მეტი მოზარდი ეჩვევა და მისი სასწავლო მიზნებით გამოყენებაც არ არის სიახლე. ინგლისური ენის საყოველთაო შესწავლამ კი, თუ ხარისხიანად მოხდა, შესაძლოა, ქართველთა მომავალი თაობების საინფორმაციო მარაგში თვისებრივი ცვლილებები შეიტანოს. მაგრამ საეჭვო სწორედ გაცხადებული გეგმის რეალურობაა.
ის მწირი ანალიზი, რაც ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებას მიეძღვნა, ხშირად ზედაპირული ან არაადეკვატური იყო. მაგალითად, ახალი 7 დღის ჟურნალისტი იხსენებს 1978 წლის მოვლენებს, როდესაც ქართველმა სტუდენტებმა „გადაარჩინეს დედა ენა რუსულით ჩანაცვლებას” და დასძენს, რომ ამ თარიღიდან 32-ე წლისთავზე პრეზიდენტი „ლინგვისტიკურ რევოლუციად გვიცხადებს ინგლისური ენის საყოველთაოდ ცოდნის აუცილობლობას საქართველოში”. ავტორს ავიწყდება, რომ 70-იან წლებში საუბარი იყო არა რუსული ენის სავალდებულო შესწავლაზე, არამედ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევაზე. პირველი კლასიდან რუსულის სავალდებულო სწავლება კითხვის ნიშნის ქვეშ საბჭოთა კავშირის დაშლამდე არ დამდგარა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც შენარჩუნდა. ამავე დროს, ცალკე საგნად ისწავლებოდა რუსული ლიტერატურა და გვქონდა უამრავი რუსულენოვანი სკოლა. დღეს საუბარია არა ქართული ენის სტატუსის დაქვეითებაზე ან ინგლისური ენისთვის მსგავსი სტატუსის მინიჭებაზე, არამედ მხოლოდ ამ უცხო ენის სწავლების გაძლიერებაზე.
სურვილი, საზოგადოება უკეთ ფლობდეს დე-ფაქტო საერთაშორისო ენას, ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ საზოგადოების კეთილდღეობას გულშემატკივრობს. მოგვწონს ეს თუ არა, დღეს სწორედ ინგლისურად იწერება მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისა და პროფესიული ლიტერატურის უდიდესი ნაწილი. საქართველოზე გაცილებით დიდ და მდიდარ ქვეყნებსაც კი არ შეუძლიათ ამ უზარმაზარი საინფორმაციო ნაკადის მყისიერად თარგმნა. საერთაშორისო ენის უცოდინრობა ავტომატურად ნიშნავს ჩამორჩენას მრავალ სფეროში, რომელიც წლებით ან ათწლეულებით იზომება, ზოგჯერ კი სულაც აღმოუფხვრელად რჩება.
ინგლისურის დაწყებითი კლასებიდან სწავლება დღეს მრავალ ქვეყანაშია სავალდებულო. მათ შორის არის მსოფლიოს უმდიდრესი და უდიდესი ქვეყნები, რომელთა დადანაშაულება თვითმყოფადობის კარგვაში ან საკუთარი კულტურის უპატივცემლობაში ძნელია. მოზარდები სწავლობენ ინგლისურს შვედეთში, ფინეთში, ჩინეთში. იშვიათად თუ მოისმენთ წუხილს, რომ ამის გამო „ბავშვები ფესვებს სწყდებიან” და „მშობლიური ენა ავიწყდებათ”. მსგავს წუხილს რაციონალური საფუძველიც არ ექნებოდა. მილიონობით ადამიანმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ არათუ პირველი კლასიდან ინგლისურის შესწავლა, ბავშვობიდან ორ ან მეტ ენაზე მეტყველებაც არ უშლის ხელს მშობლიური ენის ათვისებას. პირიქით, იზოლირებულ ტომებს სიტყვიერ მარაგს არ უმდიდრებს უცხო ენების უცოდინრობა.
ამრიგად, კრიტიკის მთავარი საგანი უნდა იყოს არა იდეა, არამედ მისი განხორციელებისათვის არჩეული გზა. თავად სააკაშვილიც ინიციატივას „რევოლუციას” უწოდებს, რითაც ირიბად აღიარებს შემზადების ნაკლებობას. თუ ხელისუფლებაში აცნობიერებდნენ ინგლისურის სწავლების აუცილებლობას, გაუგებარია, რატომ არ იდგმებოდა ექვსი წლის განმავლობაში მკვეთრი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მეტიც, კახა ლომაიას მინისტრობისას დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც უცხო ენების სწავლების თანმიმდევრობას სამეურვეო საბჭოები ირჩევენ, ახალ პოლიტიკას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
სააკაშვილის ინიციატივის გაჟღერებამდე სამი კვირით ადრე ტაბულაში გამოქვეყნდა წერილი, რომელიც მეტწილად სწორედ ინგლისური ენის სწავლების საჭიროებას ეძღვნებოდა. მაგრამ საჭიროება არ უნდა იწვევდეს მის დასაკმაყოფილებლად არარეალური ვადების დაწესებასა და მოუზომავ ნახტომებს. დღემდე სკოლების ხშირად უპირატესობას რუსულ ენას ანიჭებდნენ, მიზეზად კი ინგლისური ენის პედაგოგების დაბალ დონეს ასახელებდნენ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთ რეალობაში ინგლისურის სწავლება ერთბაშად რამდენიმე წლით გახანგრძლივდება და, ამავე დროს, გახდება ეფექტური. განათლების სამინისტრო დაგვპირდა 1.000 ინგლისურენოვანი პედაგოგის ჩამოყვანას, მაგრამ საქართველოში 3.000-მდე სკოლაა. თანაც, რთული სათქმელია, როგორი აღმოჩნდება ამ პედაგოგების პოტენციალი და რა პრობლემებს წააწყდებიან ისინი ადგილზე.



 

კომენტარები