აფხაზეთში რუსეთის საეკლესიო ექსპანსია

ბაღაფში, პუტინი, აფლია და ოზგანი. შეხვედრა სოხუმში. 2009
2010 წლის 9 აპრილს სახალხო დამცველს აფხაზეთში მცხოვრებმა 250-მდე მოქალაქემ მიმართა განცხადებით, რომელშიც ისინი აღნიშნავდნენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ქართველ მართლმადიდებლებს სისტემატურად უზღუდავს რელიგიის თავისუფლებას. აფხაზეთის ტერიტორიაზე აკრძალულია ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, ეთნიკურად ქართველ სასულიერო პირებს კი დევნიან. თემას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც შეეხო, 2009 წლის მოხსენებაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარების მიუხედავად, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იქ გზავნის მოსკოვის საეკლესიო პატრიარქატის ერთგულ მღვდლებს, აფხაზური ეკლესიების გახსნის საბაბით.” 
კანონიკურად აფხაზეთის ეპარქია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს ექვემდებარება. მაგრამ შარშან, სექტემბერში, სეპარატისტული რეგიონის სამღვდელოებამ ავტოკეფალია გამოაცხადა და მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს, დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა. 1992-1993 წლების ომის შემდეგ მიტროპოლიტ დანიელს საკუთარ ეპარქიაში ჩასვლისა და ღვთისმსახურების აღსრულების საშუალება არ ჰქონია. დღეს მართლმადიდებლური ღვთისმსახურება აფხაზეთში არცთუ ხშირი მოვლენაა. სასულიერო პირების რაოდენობა მცირეა, ხოლო მოსახლეობის მართლმადიდებელი ნაწილი, ადგილობრივი წყაროებით, დღესასწაულებზე აქტიურობით არ გამოირჩევა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ წინა წელს ქვეყნიდან, ჯაშუშობის ბრალდებით, ექვსი ქართულენოვანი სასულიერო პირი გამოაძევა. ამ დროისთვის რეგიონში მსახურებს საქართველოს ეკლესიის მიერ წარსულში ნაკურთხი ორი სასულიერო პირი - ეპარქიის მმართველი მღვდელი ბესარიონ აფლიაა და იეროდიაკონი დავით სარსანია. ორივე ანტიქართული გამონათქვამებით გამოირჩევა. დაუმორჩილებლობის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა არც ერთს ოფიციალურად არ შეუჩერა მღვდელმოქმედება. ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგაც კი სასულიერო პირებს საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან არ მისცემიათ სქიზმატების ანუ განხეთქილებაში მყოფთა კვალიფიკაცია.
უეპისკოპოსო საეპისკოპოსოს „სულიერად კვებავს” რუსეთის საპატრიარქო. აფლიაასა და სარსანიას გარდა, ყველა მღვდელმსახური რუსეთის ეკლესიის ეპარქიებშია ნაკურთხი და არაოფიციალურად სწორედ მას ემორჩილება. ავტოკეფალიის გამოცხადებამდე აფხაზი სამღვდელოება ღმერთს ავედრებდა ადიღე-მაიკოპის მთავარეპისკოპოსსა და მოსკოვის პატრიარქ კირილს. კანონიკური წესით, წირვის ამ მონაკვეთში ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი დანიელი და ეკლესიის პირველიერარქი ილია მეორე უნდა მოეხსენიებინათ. საეკლესიო სამართლის სპეციალისტის, დავით ჩიკვაიძის აზრით: „აფხაზეთის ეპარქია არათუ მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ არის, არამედ, ფაქტობრივად, მისი ერთ-ერთი ეპარქიაა”.
ბესარიონ აფლიაა კრემლის ხშირი სტუმარია - მას განსაკუთრებით თბილად პრემიერი პუტინი მასპინძლობს. მამა ბესარიონი მღვდლობამდე რამდენჯერმეა ნასამართლევი. ალბათ ქრისტიანები გაიხსენებენ ქრისტეს მარჯვნივ გაკრულ ავაზაკს, რომელიც განსაკუთრებული სინანულის გამო პირველი შევიდა სასუფეველში. მაგრამ მღვდელი ბესარიონი სასულიერო ხარისხშიც აგრძელებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან მეგობრობას. აფხაზეთის „ავტოკეფალიის” მეთაურმა პირადად აუგო წესი ვიაჩესლავ ივანკოვს, კრიმინალურ სამყაროში „კანონიერ ქურდად” ცნობილ იაპონჩიკს. ამასთან, „მამაშვილური” სიყვარულით არის აღვსილი სერგეი ბაღაფშისა და პატრიარქ კირილის ურთიერთობა. მის უწმინდესობა კირილს არ ავიწყდება დღესასწაულების პირადად მილოცვა, მისივე სიტყვებით, „პრეზიდენტ ბაღაფშისთვის”.


 

კომენტარები