კლავიატურის ნაყვა ქართულად

2007 წლის ადრეულ შემოდგომაზე შავი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე ოცამდე მოხალისეს წააწყდებოდით, რომლებიც დილიდან საღამომდე ლეპტოპებს უტრიალებდნენ და უცნაური ტერმინებით საუბრობდნენ. ეს შეკრება კავშირი ღია კონსულტანტების მიერ მოწყობილი გაქართულების ბანაკი გახლდათ, მოხალისეები კი სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას ქართულ ენაზე თარგმნიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბანაკები სამი წლის განმავლობაში ეწყობოდა, გაქართულებული პროგრამების რაოდენობა დღემდე მცირეა. თანაც, მათი დიდი ნაწილი უფასო ოპერაციული სისტემა ლინუქსისთვის არის განკუთვნილი. ვინდოუსისთვის შექმნილი პროგრამების თარგმნა შეუძლებელია მწარმოებლის ლიცენზიის გარეშე, რომლის მოპოვება არც ისე ადვილია. ბაზრისადმი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, პროგრამების მწარმოებელი დიდი კომპანიები თავად ზრუნავენ საკუთარი პროდუქციის თარგმნაზე.
მაგალითისთვის, გრაფიკული პროგრამების მწარმოებელ ედოუბის (Adobe) აქვს პროგრამების ჩეხურენოვანი და უნგრულენოვანი პაკეტები. კომპანიის პროდუქტები ფართოდ გამოიყენება საქართველოშიც. მაგრამ ედოუბის, ისევე როგორც მსხვილი მწარმოებლების უმეტესობას, ჯერ აზრადაც არ მოსვლია, რომელიმე პროდუქტის ქართულენოვანი ვერსია მიეწოდებინა მომხმარებლისთვის.
არსებული ვითარების მთავარ მიზეზად ვებდეველოპერი ნოდარ დავითური საქართველოში გავრცელებულ კომპიუტერულ მეკობრეობას (პირატობას) ასახელებს. მისი თქმით, თუ მწარმოებელი დარწმუნებული იქნება, რომ შეძლებს პროდუქტის გაყიდვას და ამაში შავი ბაზარი ხელს არ შეუშლის, თარგმნისთვის საჭირო დანახარჯს გამართლებულად მიიჩნევს. მაგრამ, ბოლო წლების ზოგიერთი კვლევის მიხედვით, საქართველო მეკობრეობის 95%-იანი მაჩვენებლით აბსოლუტური ჩემპიონია მსოფლიოში.
ბაზრის სიმცირისა და უკონტროლობის მიუხედავად, მაიკროსოფტის ოპერაციული სისტემის გაქართულება მაინც დაიწყო, თუმცა საგრძნობი დაგვიანებით. 2001 წელს გამოშვებული Windows XP-ის თარგმანი დასრულებული სახით კომპანია იუ-ჯი-თიმ 2006 წელს წარმოადგინა. დღეისთვის ქართულად ხელმისაწვდომია ასევე ვინდოუს ვისტა და ოფის 2007. ამ პროგრამების გამქართულებელი პაკეტების უფასოდ გადმოწერა მაიკროსოფტის ოფიციალური საიტიდან არის შესაძლებელი. მაისის ბოლოს იგეგმება ანალოგიური პაკეტის დამატება ვინდოუს სევენისთვისაც.
ნათარგმნი ვერსიების არსებობის მიუხედავად, აი-თი მუშაკები ხშირად ერიდებიან ქართულენოვანი ვინდოუსის დაყენებას. ქალაქი აჭრელებულია განცხადებებით, რომელთა ავტორები მომხმარებელს ვინდოუსის ინგლისურ ან რუსულ ენებზე დაინსტალებას სთავაზობენ. „ქართულენოვან ვინდოუსს მტერს არ დავუყენებდი, ისეთი ხარისხია,” - ამბობს ერთ-ერთი მათგანი და იქვე ამატებს, რომ ქართულ ვერსიაზე მოთხოვნა მცირეა. იმ მომხმარებლებს, რომლებმაც არ იციან ინგლისური, ქართულს ისევ რუსული ურჩევნიათ.
მომხმარებლები არც სხვა ქართულენოვან პროგრამებს სწყალობენ. უმრავლესობა მიჩვეულია უცხოენოვან ინტერფეისებთან მუშაობას, სხვა ენაზე გადაწყობა კი ხშირად ინტერფეისის თავიდან შესწავლის ტოლფასია. მომხმარებლების არჩევანზე გაქართულებული პროგრამული უზრუნველყოფის მცირე რაოდენობა და თარგმნისას დაშვებული შეცდომებიც მოქმედებს.
სიტუაცია ჩაკეტილ წრეს ჰგავს. ბაზრის სიმცირის გამო დიდ მწარმოებლებს არ უღირთ პროგრამების თარგმნა, მომხმარებლებს კი, მწირი ქართულენოვანი პროდუქციის ნაცვლად, ურჩევნიათ კარგად ნაცნობი უცხოენოვანი ვერსიები გამოიყენონ. სკოლებში ქართული პროგრამების სწავლებამ შესაძლოა მომხმარებელთა შემდეგი თაობა კომპიუტერთან ქართულ ენაზე ურთიერთობას შეაჩვიოს. თუმცა ძირეულ ცვლილებებს ალბათ მხოლოდ ეკონომიკური ზრდისა და ბაზრის კონტროლის გამკაცრების შედეგად უნდა ველოდეთ.



 

კომენტარები