მოხუცი ახალგაზრდა პოეტები

არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე დავწერო წიგნზე, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა” გამოსცა - „ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსი”. მით უმეტეს, როცა ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც საინტერესო თემაა. პოეზია არ აინტერესებს ჩემს მეზობელ მარიკას. პოეზია არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილს. პოეზია არ აინტერესებს გორილას ზოოპარკში. პოეზია არ აინტერესებს ლენინის გვამს. პოეზია არ აინტერესებს ზურაბ ნოღაიდელს. პოეზია არ აინტერესებს მაია ასათიანს. პოეზია არ აინტერესებს მთვრალ პოეტს, არეული ენით რომ უკითხავს ლექსებს დიდმკერდიან ლამაზმანს, როცა სინამდვილეში მასთან დაწოლა უნდა. პოეზია არ აინტერესებს ბუნებრივ მოვლენას, რომელთან შედარებითაც პოეზია მართლაც უმნიშვნელო ამბავია.
მერე რა, კიდევ ერთი უხარისხო წიგნი გამოვიდა, მაშინ, როცა აფრიკაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ყოველ ღამე კოშმარები გვესიზმრება, ათიოდე წელში საერთოდ აღარ გამოვა წიგნები, მალე ნანოტექნოლოგიები საშულებას მოგვცემს... მაგრამ თითქოს, ჩემი ნახევარი საათი თავიდანვე დასაკარგავად იყო განწირული. წერას ვაგრძელებ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წიგნის მაღაზია „სანტა-ესპერანსაში” ეს თხელი წიგნი შევიძინე.
წიგნში 33 თანამედროვე ქართველი ავტორია. წინასიტყვაობა ლევან ბრეგაძეს ეკუთვნის. მის მიერ თანამედროვე ლიტერატურის უზადო ცოდნას, გონებამახვილობასა და ორიგინალურობას საზღვარი არ აქვს. ბატონ ლევანს წინასიტყვაობის ასეთი საინტერესო ფორმისთვის მიუგნია: წიგნში შესულ „პოეტთა” ფრაზეოლოგიური მოზაიკით, იგი ცდილობს „ბავშვობაწართმეული” თაობის ყველა სატკივარს შეეხოს. ამავდროულად, იმაზეც ზრუნავს, რომ „მოზაიკა” პირქუში არ გამოვიდეს; ეძებს ისეთ სტრიქონებს, სადაც მოიხსენიება მზე - აქ უკვე ვრწმუნდებით, რომ საქმე მართლაც გამოცდილ ლიტერატორთან და მოაზროვნესთან გვაქვს.
შევეცდები სხვაგვარი მოზაიკა შემოგთავაზოთ, რადგან ძალაუნებურად იქ მოყვანილ ლექსებს გავეცანი. წიგნში ვერ შეხვდებით უცნობი სალექსო ტექნიკების მეთოდური თუ ავტომატური გამოყენების მცდელობას, ტრადიციული მეტაფორული წესრიგის შეცვლას, თემატიკის განახლებას. 33 ავტორიდან მხოლოდ რამდენიმეს შეიძლება დააბრალო ტექსტისადმი სერიოზული დამოკიდებულება, ესენი არიან: პაატა შამუგია და გიორგი კეკელიძე. კიდევ - ეკა ქევანიშვილი, დიანა ანფიმიადი, ნათია ნაცვლიშვილი. შეიძლება გიორგი ზანგურის „სააშიკოდ, სალაღობოდ” შექმნილი ლექსებიც მოსწონდეს ვინმეს. დანარჩენი უკვე სარეველაა.
რატომ გადაწყვიტეს ამ ავტორებმა ასეთ კონტექსტში დაბეჭდვა, ვერაფრით ვერ ვხვდები. რატომ არ გამოთქვეს პროტესტი, რომ მთელი წიგნი ჯგუფი „მგზავრების” სუფრული რეგეის თუ დეფი გოგიბედაშვილის „თბილი, ეგზომ ჰუმანური, ჯიგრული” განწყობით არის გაჯერებული? რატომ არ თქვეს, რომ ყველაფერი საოცრად ყალბი და პროფანულია?
პირველივე ლექსში ვხვდებით პოეტის გამორჩეულ და ლექსზე ჯვარცმული მესიის ნაძალადევ როლს: „ღამეა სხვათა შორის, განცდათა შეჯერება, რთულია უსაშველოდ პოეტის განაჩენი”. შემდეგ უკვე ნიკოლოზ ბარათაშვილის ჯერიც დგება: „მიჰქრის, მიამტვრევს”... უცებ ოშოს და ხოშის გარითმვის ფრიად წარმატებული მცდელობა მოგჭრით თვალს. წიგნი ჰგავს თინეიჯერის „ნაკლეიკებით” მორთულ დღიურს, სენტიმენტალური და ინფანტილური ჩანაწერებით, რომელიც მხოლოდ იმას ამბობს, რომ ავტორმა სექსუალური მოწიფულობის ასაკს მიაღწია, ინიციაციის პერიოდი დაუდგა, მაგრამ ვაგლახ, რომ ეს ინიციაცია არსაიდან ჩანს: „ჩემი ცრემლების მარილიან ოკეანეში თავი ჩავიხრჩვე”, - იმდენად გაცვეთილი და ბანალური, რომ შეუძლებელია უარესის წარმოდგენა. ვერც იმას წარმოიდგენ, რომ თანამედროვე პოეზიის თანამედროვე გამოცემაში შეხვდები: „წვიმიანი ქალაქის არეულ ფიქრებს”, „მძივებად დაშლილ წვიმასა და ლავისგან დამპალ ფესვებს”, „როგორც ტარიგი ელოდები ყასბის სეკატორს” და კიდევ მრავალ მსგავს „უცნაურ კონსტრუქციას”. როცა იფიქრებთ, რომ ყველაზე სასაცილომ უკვე ჩაიარა, უცებ ისევ გაოგნდებით: „გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას, „in vino veritas! in vino veritas!” - იშვიათი უნიჭობაა. ჩანს, გამომცემლებმა არ იციან, რომ ცხოვრობდე დღეს არ ნიშნავს იყო თანამედროვე და წერდე დღეს, არ ნიშნავს იყო თანამედროვე მწერალი.
წინა თაობასთან ხიდზე საუბარიც ზედმეტია. ეს არის, როგორც მამარდაშვილი იტყოდა, „მამებისგან გაძარცული შვილების” უკურეაქცია; მცდელობა „ზუსტი და უშნო ანალოგიის შექმნისა”. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ წიგნში შესულ ავტორთა უმრავლესობა არ იცნობს წინა თაობის შემოქმედებას, იგივე დათო ბარბაქაძის, კარლო კაჭარავას, ბადრი გუგუშვილის, დათო ჩიხლაძის, ზვიად რატიანის... თუნდაც „რეაქტიული კლუბის” პოეზიას. მანამდე ბესიკ ხარანაულს, ლია სტურუას... ის კი არა, XIX-XX საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურაც არ აქვთ ჯეროვნად აღქმული, თავი რომ დავანებოთ უზარმაზარ ევროპულ გამოცდილებას, რომლის შესწავლისა და გააზრების გარეშე, თანამედროვე ლიტერატურაზე საუბარი შეუძლებელია.
კვლავ წინასიტყვაობას დავუბრუნდეთ: „წაგვრილი ბავშობა მათ ამ ხუნდებისგან ათავისუფლებს” - აგრძელებს ბრეგაძე. „სიყვარული? სიყვარული არ არის ამ წიგნში, ახალგაზრდა პოეტების ამ კრებულში?” - წუხს შესავლის ავტორი და გამალებით ეძებს დაშანთულ გულებს, სანთლებს და მთვარეს...
ბატონი ლევანი ომზეც წერს, ამ თაობას სახლებში მიუვარდა ომიო. მიუვარდნენ ტანკებით, დროშებით, „კალაშნიკოვებით”, - ეძებს ფრაზებს, რომელიც უკეთ აირეკლავს ომს. კი მაგრამ, ასევე ომმა წარმოშვა ბიტნიკების თაობა, რომელთაც ჩანასახშივე გამორიცხეს ომი, გამორიცხეს ისეთივე სისასტიკით, როგორიც თავად ახასიათებს ომს. ქართული „ბავშვობაწართმეული” თაობის რეფლექსია ომზე კი გაგიკვირდებათ და კვლავ ომის მონატრება, რომანტიზებული წარსულის თუ მილიტარისტული მანქანის პროპაგანდის გავლენებია.
ნახევარი საათი უკვე გავიდა. იმ ადამიანებზე, ვისი შემოქმედებითი გამოცდილებაც დღეს ავტონომიურობას ინარჩუნებს, რეალურად გამოხატავს, აღწერს და გადაამუშავებს „ბავშობაწართმეული” თაობის რეალობას, მერე დავწერ. მაშინ, როცა კვლავ გამახსენდება, რომ „ცები გახსნილია და ღმერთის თვალი ახალშობილთა ხორცს ნელ ცეცხლზე ხრაკავს.”


 

კომენტარები