მსოფლიო ჩემპიონატის ბურთები

0 კომენტარი

ჯაბულანი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ დიალექტზე, ზულუზე, ზეიმს ნიშნავს.
მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთს სწორედ ჯაბულანი ჰქვია და ის, ცხადია, ადიდასის ნაწარმია.
გერმანულმა კომპანიამ 1963 წლიდან დაიწყო ფეხბურთის ბურთების შექმნა, 1970 წლიდან კი ფიფა-ს ოფიციალური პარტნიორია და მას შემდეგ ექსკლუზიურად ამზადებს ბურთებს მსოფლიო ჩემპიონატებისთვის.
ჯაბულანი მეთერთმეტე ბურთია, რომელიც ადიდასმა ოქროს თასის გათამაშებისთვის შექმნა, ისტორია კი დაიწყო ტელსტარით, რომელიც მექსიკაში 1970 წელს გამართული ჩემპიონატისთვის დამზადდა.
ასევე ტელსტარი იყო ოთხი წლის შემდეგ, გფრ-ში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, თუმცა ის წინამორბედისგან მცირედით განსხვავდებოდა და სახელიც ოდნავ შეცვლილი ჰქონდა - ტელსტარ დურლასტი.
1978 წლისთვის ადიდასმა ახალი ბურთი დაამზადა და მას ტანგო უწოდა. ოთხი წლის შემდეგ, ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურმა ბურთმა მცირე მოდიფიკაცია განიცადა, სახელად კი ტანგო ესპანია ეწოდა.
1986 წელს ტურნირს კვლავ მექსიკამ უმასპინძლა, ადიდასმა კი მორიგი შედევრი შესთავაზა გულშემატკივრებს: მექსიკელთა წინაპრების, აცტეკთა კულტურის სიმბოლოებით დამშვენებული ბურთი, სახელად აცტეკა. ტურნირის ყველა ბურთი ხელით შეიკერა - ასეთი რამ პირველად და, ჯერჯერობით, უკანასკნელად მოხდა.
ოთხი წლის შემდეგ, იტალიაში, ფეხბურთელები ეტრუსკო უნიკო-თი თამაშობდნენ. ადიდასის მორიგ პირმშოს აპენინის ნახევარკუნძულზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მცხოვრები ხალხის - ეტრუსკთა კულტურის ელემენტები ამშვენებდა. ეტრუსკო უნიკო იყო ორი წლის შემდეგ შვედეთში გამართული ევროპირველობის ოფიციალური ბურთი...
1994 წელს ამერიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილ ბურთს ადიდასმა კუესტრა უწოდა. წინამორბედებთან შედარებით ის უფრო მსუბუქი იყო და წყლით არ იჟღინთებოდა.
1998 წელს საფრანგეთში გამართული პირველობისთვის შექმნილი ტრიკოლორი პირველი ფერადი ბურთი იყო ადიდასისა და, შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. ის საფრანგეთის სახელმწიფო დროშის ფერებით იყო გაფორმებული. ამავე დროს, ეს იყო ადიდასის პირველი ბურთი, რომელიც არა ევროპაში, არამედ აფრიკაში, კონკრეტულად მაროკოში დამზადდა.
2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართული ტურნირის ოფიციალური ბურთი იყო ფივერნოვა, რომელიც პოპულარობით არ სარგებლობდა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატს კი ტიმგაისტი ამშვენებდა. ტურნირის ისტორიაში პირველად, ყველა მატჩს კონკრეტული ბურთები ჰქონდა, რომლებზეც მატჩის თარიღი, ასევე მონაწილე გუნდების და სტადიონის სახელები იყო მითითებული.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები