ლიპი, ფორტუნა და ძველი ბიჭები

0 კომენტარი

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები ისეთი ვეღარაა, როგორიც ოთხი წლის წინ იყო, მაგრამ იტალიელების კოზირი ხომ ყოველთვის ისაა, რომ სხვებს ეგონოთ - დიდი არაფერი გუნდია, შეიძლება ჯგუფიდანაც ვერ გავიდეს. აი, ჩვენც, ქართველები, მათი მუდმივი თანაჯგუფელები შესარჩევ ციკლებში, დაუღალავად ვქადაგებთ, რომ იტალიასთან მაგრად ვთამაშობთ, მაგრამ თან პერმანენტულად ვაგებთ. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებს ბადალი არ ჰყავთ მსგავსი ილუზიების შექმნაში და შემდეგ ამ ილუზიების თავის სასარგებლოდ გამოყენებაში.

2006 წელს იტალიელების ორ თამაშს დავესწარი: ნახევარფინალს გერმანიასთან და ფინალს საფრანგეთთან. სტადიონზე ფეხბურთის ყურება სულ სხვა ამბავია, იქ ყველაფერს ხედავ, მთლიან სურათს აღიქვამ დინამიკაში და უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი არაფერი მინახავს - ეს იყო გენიალური კაცის მოფიქრებული სისტემის მოედანზე იდეალურად გადატანა.

ეს გენიალური კაცი, მარჩელო ლიპი, კვლავ იტალიელების მენეჯერია, კვლავ ძალიან ჰგავს პოლ ნიუმენს და კვლავ აბოლებს სიგარას, მაგრამ საინტერესო აქ ისაა, თუ რას მოიფიქრებს ამჯერად და შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები მისი დავალებების შესრულებას. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული აძურას წარმატება-წარუმატებლობა.

გერმანიაში ტრიუმფის შემდეგ გუნდში ბევრი არაფერი შეცვლილა, არ წამოვიდა სათანადო დონის და რაოდენობის ახალი თაობა და, სავარაუდოდ, ლიპი კვლავაც მაშინდელ, ოღონდ ოთხი წლით დაბერებულ ბირთვს დაეყრდნობა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიადესმა სტრატეგმა, ბუნებრივია, იცის, რომ ლიდერები უკვე ასაკში შევიდნენ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოტივაციაც აღარ აქვთ ისეთი, 2006 წლის ზაფხულამდე რომ ჰქონდათ. თუმცა ამ ამბავს, უარყოფითთან ერთად, დადებითი მხარეც შეგვიძლია მოვუძებნოთ: ზემოხსენებული ბირთვი იდეალურადაა შეთამაშებული და უზარმაზარი გამოცდილებაც აქვს. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის და იქ წარმატების მიღწევის გამოცდილება. ანუ ცოტა უცნაური სიტუაციაა: დიდი გამარჯვებით მიღებული გამოცდილება და ამ გამოცდილებით გამოწვეული ერთგვარი უმოტივაციობა.

მოდი, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა ლიპის მივანდოთ და გადავხედოთ იმ ხალხს, ვინც სამხრეთ აფრიკაში ტიტულის შენარჩუნებაზე იზრუნებს.

ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც ოთხი წლის წინ სულ ორი გოლი გაუშვა (ერთი ძაკარდომ შეაგდო საკუთარ კარში, მეორე - ზიდანმა პენალტიდან ფინალში), მხრის ტრავმას მკურნალობს და ივნისისთვის მწყობრში უნდა იყოს, ოღონდ ფორმაში იქნება თუ არა, საკითხავია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უკონკურენტოა, რადგან თუნდაც უპრაქტიკო ბუფონი სხვა იტალიელ მეკარეებს, ათით თუ არა, ერთი თავით მაინც სჯობს.

დაცვის ბელადი ისევ ფაბიო კანავარო იქნება, კაცი, რომელმაც გერმანიაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე, როგორ უნდა დაცვაში თამაში. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვინ დაეხმარება კაპიტანს ბუფონის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში. ალბათ წინა ჩემპიონატის აღმოჩენა და ერთ-ერთი გმირი ფაბიო გროსო, კატენაჩოს ნიჭიერი პროდუქტი ჯორჯო კიელინი და კარიერის გასასვლელ ჭიშკართან აყუდებული ძამბროტა.

საერთოდ, იტალიის ნაკრებში ასეთი ტრადიციაა: მეკარიდან მოყოლებული, ყოველი მომდევნო რგოლი წინაზე ოდნავ სუსტია. თუ რატომ, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც ვთქვათ - ამ ქვეყნის საფეხბურთო მსოფლმხედველობა, ყველასგან განსხვავებით, უკნიდან წინ განვითარებაზეა აწყობილი. იტალიაში თავდაცვა ყოველთვის თავდასხმაზე პრიორიტეტული იყო და იმიტომ. შესაბამისად, ამ ფორმაციის ნაკრებშიც მსგავსი ტენდენციაა.

„ძველი ბიჭები” იქნებიან ნახევარდაცვაშიც: პირლო, რომელიც საკუთარ აჩრდილს ემსგავსება, არასტაბილურობით გამორჩეული კამორანეზი, კარგ ფორმაში მყოფი დე როსი, ტრავმებით დატანჯული გატუზო და, ლიპის თქმით, არაა გამორიცხული, ფრანჩესკო ტოტიც. და ახალი სახეები: მარკიზიო, მარკიონი, აკვილანი და მონტოლივო.

რაოდენობრივი თვალსაზრისით დიდი კონკურენციაა შეტევაში, რასაც ხარისხზე ნამდვილად ვერ ვიტყვით: დი ნატალე, იაკინტა, როსი, კუალიარელა, ამაური, ტონი, პაცინი - ამ ფორვარდებს მხოლოდ გვარები და გაბარიტები თუ განასხვავებს ერთმანეთისგან.

და ბოლოს, იტალიელების ძველი და ძალიან ახლო მეგობარი, ფორტუნაც გავიხსენოთ. მან უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი და მსოფლიო ჩემპიონები ჯგუფში პარაგვაისთან, სლოვაკეთთან და ახალ ზელანდიასთან ერთად მოახვედრა. მეორე ნაბიჯიც თუ ერთად გადადგეს, მესამეზე ლიპი მარტოც აუცილებლად მოიფიქრებს რამეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები