საქართველოს საკრედიტო რეიტინგი იზრდება

0 კომენტარი

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard and Poor’s-მა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, B კატეგორიიდან B+ - მდე გააუმჯობესა. მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი B დონეზე შენარჩუნდა. კომპანიის ანალიტიკოსები საკუთარ გადაწყვეტილებას ერთი მთავარი მიზეზით ხსნიან - საქართველოს ეკონომიკამ კრიზისის პერიოდში მდგრადობა გამოავლინა.
კომპანია Standard and Poor’s მთავრობების მხრიდან ვალების დაფარვის შესაძლებლობას ადგენს: მაღალი რეიტინგი მსესხებელ ქვეყანას შესაძლებლობას უქმნის კრედიტი ხელსაყრელი პირობებით აიღოს.
პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის აზრით, რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაზრდის მეწარმეებისა და ინვესტორების ნდობას ქვეყნის მომავლისადმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, იანვარში ქვეყნის ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა, რასაც სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება მოჰყვა. ამასთან, იანვარში, რეგისტრირებული კომპანიების დღგ-ს შემოსავლებთან ერთად, ბიუჯეტში დღგ-ს შემოსავლებიც გაიზარდა. 2009 წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობამ 759.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი მრეწველობის სექტორზე მოდის. ინვესტორებისთვის მიმზიდველი სფეროები აღმოჩნდა აგრეთვე ტრანსპორტი, კომუნიკაციები და უძრავი ქონება
Standard and Poor’s-ის პროგნოზით, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპის მხარდასაჭერად და საგარეო დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილის დასაფინანსებლად საკმარისი იქნება: „საქართველოს შედარებით დაბალი საგადასახადო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეჟიმი ხელს შეუწყობს ინვესტორების ქვეყნისკენ შემობრუნებას, განსაკუთრებით მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რადგან საქართველო ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია.”
Standard and Poor’s-ის შეფასებით, რეიტინგი გაუარესდება, თუ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო ვალი სწრაფად გაიზრდება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები