ვაჟკაცი ევროპელის შავი შაბათი

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ პოლონეთის გაბედული, მებრძოლი პოლიტიკური ელიტის დაღუპვის გამო.

„ეს დაწყევლილი ადგილია,” - პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე კვაშნევსკიმ ეს სიტყვები სწორედ იმ ადგილზე თქვა, სადაც 10 აპრილს დაიღუპა თანამედროვე პოლონეთის პოლიტიკურ-ინტელექტუალური ელიტა.

არ ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ ისტორიულ კანონზომიერებას (თუ ასეთი არსებობს) და მოვლენებს შორის კავშირს ძალიან ხშირად გაუოცებივარ. ინტუიციას და ფაქტების ანალიზს ბევრჯერ შეუშინებივარ.

აი, რა ამბავი გამახსენა სმოლენსკთან ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა:

პოლონეთის გმირი, გენერალი სიკორსკი, 62 წ., პოლონეთის დევნილი მთავრობის პრემიერი, პოლონეთის ჯარების მთავარსარდალი 1943 წლის 4 ივნისს ქალიშვილთან, შტაბის უფროსთან და 7 სხვა ოფიციალურ პირთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. თვითმფრინავი გიბრალტარის აეროდრომიდან აფრენიდან 16 წამში ზღვაში ჩავარდა. გადარჩა მხოლოდ მფრინავი.

ამ ტრაგედიას წინ მოვლენების ასეთი განვითარება უსწრებდა:

სიკორსკი ომისშემდგომი პოლონეთის საზღვრების გადასინჯვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან სტალინის პროექტით პოლონეთი მიწებს კარგავდა - ვიწროვდებოდა აღმოსავლეთით და ცოტას უმატებდნენ დასავლეთით. 13 აპრილს გერმანელებმა გამოაქვეყნეს კატინის ტყეში ნაპოვნი ათასობით პოლონელი ოფიცრის საერთო საფლავის მასალები. 16 აპრილს სიკორსკიმ იმ დროისთვის მოკავშირე სტალინისგან მოითხოვა კატინში დახვრეტილი 4 000 პოლონელი ოფიცრის საქმეზე ახსნა-განმარტება და უნდოდა ეს საქმე ობიექტური გამოძიებისთვის წითელი ჯვარისთვის გადაეცათ. 26 აპრილს სტალინმა ფაშიზმის წინააღმდეგ თანამებრძოლი პოლონეთის დევნილი მთავრობა ნაცისტებთან ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა და ურთიერთობა გაწყვიტა. კატასტროფამდე რამდენიმე კვირით ადრე, მაშინ, როდესაც სიკორსკი გიბრალტარზე იმყოფებოდა, ლონდონში მდებარე პოლონეთის საელჩოში გაისმა სატელეფონო ზარი, რომელიც იუწყებოდა პრემიერის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესახებ. ზარი ხულიგნობად მიიჩნიეს. გიბრალტარის აეროდრომიდან გასაფრენად გამზადებულ სიკორსკის თვითმფრინავს დაცვა არ ჰყავდა, იდგა ასე, მარტო. ზუსტად ამ დროს მის გვერდით დაჯდა საბჭოთა თვითმფრინავი ელჩი მაისკის და ათეული საბჭოთა ოფიცრის თანხლებით. ამ პერიოდში რეგიონში ბრიტანეთის დაზვერვას ხელმძღვანელობდა საბჭოთა ორმაგი აგენტი კიმ ფილბი.

ბრიტანულმა გამოძებამ დაადგინა: „თვითმფრინავი გახდა უმართავი, მაგრამ თუ რატომ, ამის გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელია”. პილოტი, რომელიც ერთადერთი გადაურჩა კატასტროფას, ცნობილი იყო იმით, რომ ფრენისას დამცავ ჟილეტს არ იცვამდა. იმ დღეს ჩაიცვა და ამიტომაც გადარჩა. პირველ დაკითხვაზე მან უარყო ის, რომ ჟილეტი ეცვა. შემდეგ ამნეზია მოიმიზეზა...

1942-43 წლები მოკავშირეთა და საბჭოეთს შორის ურთიერთობის დათბობის დროა. მათ ყველას ერთი მტერი ჰყავთ. სულ ცოტა ხნის წინ სტალინი და ჰიტლერი ერთად მოიხსენიებოდნენ, მათ კარიკატურებს ერთად ხატავდნენ, ორივე სოციალისტი იყო და ორივეს იმპერიული ამბიციები აწუხებდა. მაგრამ ახლა მოკავშირეებს სტალინი მეგობრად სჭირდებათ. პროკომუნისტური პოლონური მთავრობა სწორედ სტალინის პროექტი იყო. სიკორსკი კი, თავისი პრინციპული მოთხოვნით და სტალინთან უკიდურესი დაპირისპირების გამო, მურმანის ეკალივით ეჩხირებოდა ყველას. სიკორსკის სიკვდილიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, 1943 წლის ნოემბერში, თეირანის შეხვედრაზე, რუზველტმა და ჩერჩილმა სტალინს პოლონეთი დაუთმეს. პოლონეთის საზღვრები შეიცვალა. მან აღმოსავლეთით დიდი ტრიტორიები დაკარგა. 1944 წლიდან პოლონეთს წითელი არმიის დახმარებით მართავდნენ კომუნისტები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბებიდან 67 წელია გასული, ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ კაჩინსკის დაღუპვასთან.

ბევრ კითხვას ბადებს სმოლენსკის კატასტროფა. არ ვარ კონსპირაციული შეთქმულებების დიდი მოყვარული. პოლიტიკური ნოხი, სამწუხაროდ, გაცილებით ბანალური შემთხვევებით იქარგება ხშირად, მაგრამ ამ შემთხვევების ანალიზით, სხვა შემთხვევებთან შედარებით და ინტუიციით უცნაურ დასკვნებამდე მიდიხარ ადამიანი. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია და, ადრე თუ გვიან, ცხადი გახდება ნებისმიერი დეტალი, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ პუტინს, მედვედევს და მთელ რუსულ თანამედროვე მმართველ ისტებლიშმენტს ეს ამბავი არ სწყენიათ. მათ გაუხარდათ.

სამწუხაროდ, ისტორიაში ასეთ ტრაგედიებს უფრო დიდი ტრაგედიები მოჰყვება ხოლმე. მოკლედ, დრო გვიჩვენებს. მგონია, დიდი ხნის ლოდინიც არ მოგვიწევს.

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა 21-ე საუკუნის მოვლენათა ერთ-ერთი გასაღები იქნება. ჯერჯერობით რუსეთის რევანშის ანგარიშია 3:0.

კომენტარები