ორი წიგნი და ერთი თვალსაზრისი რუსეთ-საქართველოს ომზე

0 კომენტარი

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს უცხოურ პრესაში ბევრი სტატია და ნაშრომი მიეძღვნა, გამოიცა არაერთი წიგნიც. ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ორ მათგანს, რომელთაგან ერთ-ერთის, რონალდ ასმუსის გახმაურებული კვლევის “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო” პრეზენტაცია თბილისში, ევროპის სახლში 12 აპრილს გაიმართა. მეორე წიგნი სხვადასხვა ავტორის სტატიების კრებულია.
ორივე წიგნში დეტალურადაა განხილული ომის გამომწვევი მიზეზები.

„პატარა ომი, რომელმაც
შეძრა მსოფლიო”
ავტორი: რონალდ ასმუსი
წელი: 2010

რონალდ ასმუსის ეს წიგნი პრეზენტაციამდე ბევრად ადრე გახდა პოპულარული. ერთ-ერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ მაყურებელს მისი მინიინსცენირებაც კი შესთავაზა. მიზეზი მარტივია - კვლევაში მოტანილია საზოგადოებისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ფაქტები.
ასმუსი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის მოხელე იყო ევროპის საკითხებში, დღეს კი გერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისს ხელმძღვანელობს.
წიგნში გამოქვეყნებული მასალები ამერიკელ, ევროპელ თუ ქართველ ოფიციალურ პირთა ნაამბობითაა გამყარებული, მისი მთავარი გზავნილი კი ომის დროს ნატო-სა და ევროკავშირის უმოქმედობას უკავშირდება.
წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ თბილისის წიგნის მაღაზიებში. მისი ფასი 59 ლარია.
„აგვისტოს თოფები. 2008”
სტატიათა კრებული. 2009 წელი
ავტორები: ტომას გოლცი, თორნიკე გორდაძე, ანდრეი ილარიონოვი, ნიკლას ნილსონი, სტეფან ბლენკი, დევიდ ჯ. სმიტი, ჯოანა პოპიანევსკი, პაველ ფელგენჰაუერი, პოლ ა. გოუბლი, ჯეიმს შერი.

წიგნი, რომლის ქვესათაურია „რუსეთის ომი საქართველოში” და 2008 წლის სისხლიან მოვლენებს ეხება, არის მცდელობა, საზოგადოებას გააცნოს მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრებები ბოლო პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კონფლიქტის რაობაზე.
ათი ავტორი, მათგან ერთი ქართველი და ცხრა უცხოელი, აანალიზებს ომის გამომწვევ მიზეზებს, სწავლობს ესკალაციის ღრმა შრეებს და, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, შლის ოცწლიან პანორამას. მკვლევარები ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ 2008 წლის აგვისტოს შეირაღებული დაპირისპირება არის არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის უგუნური ან გონივრული ნაბიჯის შედეგი, არამედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის ლოგიკური დასასრული.
ანდრეი ილარიონოვის სტატიაში „რუსეთის ხელუსფლების საომარი სამზადისი 1999–2008” საილუსტრაციოდ მოტანალია ოთხგვერდიანი ცხრილი, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ქრონოლოგიური დეტალები. მაგალითად, პირველი დადასტურებული საჰაერო თავდასხმა რუსეთის მხრიდან მოხდა 2002 წლის 23 აგვისტოს, ქართულმა მხარემ კი მსგავსი ოპერაცია პირველად 2008 წლის 8 აგვისტოს განახორციელა. სეპარატისტულ რეგიონებში სრული სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა 2008 წლის 3 აგვისტოს, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იგივე პროცედურა 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის ჯარმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2008 წლის 7 აგვსიტოს, ღამის 3 საათსა და 52 წუთზე, საქართველო კი მხოლოდ თავს იცავდა და ასე შემდეგ.
საინტერესოა ჯოანა პოპიანევსკის მოსაზრება. ის მიიჩნევს, რომ, არაერთ სხვა ფაქტორთან ერთად, რუსეთის აგრესია, გარკვეულწილად, ევროპული ქვეყნების ინერტულმა პოზიციამაც გამოიწვია. მისი აზრით, ზოგიერთი დასავლელი ლიდერის მიერ საქართველოს მთავრობის უპასუხოდ დატოვებული უამრავი თხოვნა რუსეთის თავდაჯერებულობის მიზეზად იქცა.
სტატიების კრებულს გამოეხმაურა ჯონ მაკკეინი: „ამ ნაშრომს უსათუოდ უნდა გაეცნონ პოლიტიკოსები, სპეციალისტები და ყველა ის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია, გაიაზროს იმ ომის წინაპირობები, მიმდინარეობა და შედეგები, რომელიც რუსეთმა აწარმოა თავისი პატარა და დემოკრატიული მეზობლის წინააღმდეგ.”
კვლევები დაწერილია პოპულარული ენით, გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის. წიგნს თან ერთვის ომის ამსახველი კადრების ფოტოკოლაჟი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები