იუნორინა: ქაოსი ქართულ სანაკრებო სისტემაში

მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა თასის ხუთგზის მომგები 
ხუან სანტისტებანი 1998-2008 წლებში ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა და პირენეელებმა არნახულ წარმატებებს მიაღწიეს: ოთხჯერ მოიგეს ევროპის 16 წლამდელთა ჩემპიონატი, ორჯერ - 17 წლამდელთა, ხუთჯერ 18 წლამდელებში გახდნენ უძლიერესნი, ერთხელ კი ევროპის 19 წლამდელთა პირველობაც მოიგეს. ამას გარდა, 17 წლამდელთა შორის სამჯერ ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში. აღარაფერს ვამბობთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებებზე.
სწორედ სანტისტებანის გუნდებში დაიწყეს ეროვნული გუნდისკენ სვლა იკერ კასილასმა, კარლეს პუიოლმა, ხერარდ პიკემ, ხავი ერნანდესმა, ანდრეს ინიესტამ, სესკ ფაბრეგასმა, დავიდ ვილიამ, ფერნანდო ტორესმა, ერთი სიტყვით, ესპანეთის ნაკრების დღევანდელმა სუპერვარსკვლავებმა...
ერთი მწვრთნელი კურირებდა იუნიორთა გუნდებს და რა შედეგებიც ჰქონდა, ზემოთ ვთქვით. ზოგადად, ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა: ერთი სპეციალისტი ამზადებს ფეხბურთელებს ახალგაზრდული და ეროვნული გუნდებისთვის, ის გეგმავს ამა თუ იმ ნაკრების განრიგს, შეკრებებს, ის არჩევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 16, 17, 18 და 19 წლამდელებს...
ამ მხრივ საქართველო ათი თავით მაღლა დგას სხვებზე! სფფ-ის გადაწყვეტილებით, ჩვენს ასაკობრივ გუნდებში, არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი მთავარი მწვრთნელია დასაქმებული!
19 წლამდელებს ერთი მწვრთნელი ჰყავთ (ვლადიმერ გუცაევი), 17 წლამდელთა შორის რატომღაც ორი ნაკრებია და, ცხადია, - ორი მთავარი მწვრთნელი (გიორგი დევდარიანი და კობა ჟორჟიკაშვილი), 16 წლამდელებს სულ სხვა წვრთნის (ვასილ მაისურაძე), 15 წლამდელები კი, როგორც ნაკრები, არ თამაშობენ, მაგრამ მათაც მოეძებნებათ ხელმძღვანელი (გელა შეყილაძე)...
და თუ სფფ-ის ოფიციალურ ინტერნეტგვერდს ვენდობით, საქართველოს 13(!) წლამდელთა ნაკრებიც ჰყოლია. ცხადია, სულ სხვა მწვრთნელით.
რა გამოდის?
მაშინ, როცა უეფა-ს ეგიდით კონტინენტის პირველობა მხოლოდ 17 და 19 წლამდელთა შორის ტარდება (ანუ მხოლოდ ორ ასაკობრივ ჯგუფში), საქართველოში ხუთი ასაკობრივი ნაკრებია სხვადასხვა შეხედულების, გაქანების, ცოდნის თუ გემოვნების ამდენივე მწვრთნელით და სწორედ მათ ხელში ყალიბდება ჩვენი ბედკრული ფეხბურთის მომავალი.
შედეგი?
შარშანდელს არ გავიხსენებთ, ბოლო თამაშებზე მოგახსენებთ: 19 წლამდელებმა (ვლადიმერ გუცაევი) გასულ კვირას იასპარეზეს პორტუგალიაში, ტრადიციულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში, სადაც რუსეთთან 0:3, მასპინძლებთან კი 0:6 დამარცხდნენ და მხოლოდ ბოლო ადგილზე გასულ ბულგარეთს სძლიეს 3:1. 16 წლამდელები (ვასილ მაისურაძე) ორჯერ დამარცხდნენ აზერბაიჯანში მასპინძლებთან - 0:1 და 1:3...
მარცხი, მარცხი, მარცხი...
ასე გრძელდება წლიდან წლამდე და, სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის მესვეურთაგან ჯერჯერობით ვერავინ მიხვდა, რომ საქმისადმი ასეთი მიდგომა დამღუპველია, დრო - დაკარგული, დახარჯული თანხა კი - წყალში გადაყრილი.
სფფ-ის წინა ხელმძღვანელობისას მხოლოდ 17 და 19 წლამდელთა ნაკრებები არსებობდა, ზვიად (დომენტი) სიჭინავას გუნდის მოსვლის შემდეგ კი მათ 17 წლამდელთა შორის კიდევ ერთი ნაკრები (მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი) და 16 და 15 წლამდელთა გუნდები დაემატა.
რას ემსახურება ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია.
ვეჭვობთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმება აქვს გადაწყვეტილი. თუ ასეა, არ გაგვიკვირდება, თუ უახლოეს მომავალში საქართველოს 10, 8, 6 წლამდე, სკოლამდელი ასაკისა და ჩვილ ფეხბურთელთა ნაკრებების შესახებაც შევიტყობთ.


 

 

 

კომენტარები