მკვლელობა გულისხმიერების სახელით

„თქვენ არ იცნობთ ჯეკს” მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა. ფილმი „სიკვდილის უფლების” ადვოკატის, ექიმ ჯეკ ქევორქიანის ისტორიას მოგვითხრობს. ექიმის როლს ოსკაროსანი ალ პაჩინო ასრულებს.
ქევორქიანმა შექმნა „მოწყალების მანქანა”, რომლის მეშვეობითაც 1990-98 წლებში 130-ზე მეტი სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი გაემგზავრა იმ ქვეყნად. ექიმი გაასამართლეს და 10-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2007 წელს კი პირობით ვადამდე ადრე გაანთავისუფლეს. 16 აპრილს, CNN-ის ინტერვიუში ქევორქიანმა რიტორიკული შეკითხვა დასხვა - „სხვა რა უნდა გააკეთოს ექიმმა, როდესაც ხედავს, რომ პაციენტი იტანჯება - ზურგი შეაქციოს?”. ამ კითხვაზე მისი კოლეგა მედიკოსები ხშირად დუმილს ამჯობინებენ, აცნობიერებენ რა სამართლებრივი დევნის საფრთხეს.
საქართველოში პაციენტის მოკვდინება, თუნდაც მისი დაჟინებული თხოვნით, სიცოცხლის ხელყოფად კვალიფიცირდება და დასჯადია. არსებობს საკუთარი სიკვდილის დაჩქარების ირიბი, კანონიერი გზა - სამედიცინო ჩარევაზე უარის თქმა. რელიგიური თვალსაზრისით თვითმკვლელობა მკვლელობას უტოლდება, თუნდაც საქმე მძიმე ავადმყოფს ეხებოდეს, და ორივე გზას ხშირად ევთანაზიის სახელით მოიხსენიებენ.
მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) განმარტავს. მისი თქმით, სამედიცინო-ბიოეთიკური მიდგომა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს რელიგიურ არგუმენტებს. ეკლესიისთვის ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხში ჩარევა მიუღებელია და მისი ვალია, საზოგადოებას ეს განუმარტოს.
„ჩვენს კანონმდებლობაში ყველა სახის ევთანაზია აკრძლალულია, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება კვლავ და კვლავ უბრუნდება ამ საკითხს”, - აღნიშნავს მამა ადამი და იქვე დასძენს, რომ ევთანაზიის შესახებ საუბრის გააქტიურება შეიძლება „გარკვეული ჯგუფების” ინტერესებში შედიოდეს.
ევთანაზიის მომხრეთა არგუმენტებიც ჰუმანური ხასიათისაა: რატომ უნდა ვაქციოთ ვინმესთვის სიცოცხლის უფლება სიცოცხლის ვალდებულებად და ვაიძულოთ, ტანჯვით გალიოს სიცოცხლის ბოლო წუთები? მამა ადამი ამ კითხვაშივე ხედავს პასუხს. მისი თქმით, პაციენტები სინამდვილეში უკეთეს პირობებსა და მოვლას, უკეთეს ტკივილგამაყუჩებელს ითხოვენ. „ადამიანი ვერ ინატრებს სიკვდილს - იმას, რისი გემოც არ იცის. როდესაც დაიწყო ევთანაზიის ლეგალიზაციის მცდელობა, პირველნი, ვინც ამის წინააღმდეგ წავიდნენ, იყვნენ არა ეკლესიის წარმომადგენლები ან ექიმები, არამედ ინვალიდები, მოხუცებულები, ონკოლოგიური ავადმყოფები... მათ საფრთხე იგრძნეს ევთანაზიის დაკანონებაში. სიცოცხლე სწორედაც ვალდებულებაა”, - აღნიშნავს არქიმანდრიტი.
უმძიმესი ავადმყოფისთვის პოტენციურად ლეტალური ტკივილგამაყუჩებლის გაკეთებას კანონი ვერ კრძალავს. რისკი, რომ მედიკამენტი სიკვდილს დააჩქარებს, ხშირად არსებობს, ექიმი კი ვალდებულია, გაუტკივარებაზე იფიქროს. ხშირად სადავო საკითხი ხდება განზრახვა, რადგან ზღვარი ტანჯვის შემამსუბუქებელ და სასიკვდილო დოზას შორის ბუნდოვანია. არქიმანდრიტ ადამის თქმით, ტკივილის გაყუჩება აუცილებელია, ისევე როგორც სხვა სიტუაციებში სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის ჩატარება, რომელიც ასევე შეიძლება ამოკლებდეს სიცოცხლეს.
მართლმადიდებლურის მსგავსია კათოლიკური ეკლესიის პოზიციაც, რომელსაც მამა აკაკი (ჭელიძე) გვიზიარებს. მისი თქმით, შეგნებული ქმედებით ან უმოქმედობით სიკვდილის გამოწვევა ყოველთვის დაუშვებელია. არსებობს მრავალი საშუალება, რათა აუტანელი ტკივილი შემსუბუქდეს. „ბუნებრივია, პრობლემა რთულია — დგება ღირსების, ცხოვრების ინდივიდუალური ხედვის საკითხი” — აღნიშნავს მამა აკაკი. არავის აქვს უფლება უარი თქვას ღვთის უდიდეს საჩუქარზე — სიცოცხლეზე. მეტიც, განკაცებულმა უფალმა გვაჩვენა, რომ ცხოვრების მოკლე და მტანჯველი გზა ზოგჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე ხანგრძლივი და მიწიერი კეთილდღეობით აღსავსე.
ეკლესიების ერთგვაროვანი პოზიციის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მიდგომა განსხვავებულია. ნიდერლანდებში პაციენტის თხოვნით მისი უმტკივნეულოდ მოკვდინება დაშვებულია. ბელგიაში, შვეიცარიასა და აშშ-ს შტატ ორეგონში ლეგალიზებულია „თვითმკვლელობა ექიმის დახმარებით” - ექიმი პაციენტს ეხმარება მომაკვდინებელი წამლის მიღებაში. საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის გივი ჯავაშვილისთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელი და გასაკვირიცაა. თუმცა, მისთვის ხელშეუხებელია პაციენტის უფლება, უარი თქვას სიცოცხლის შემანარჩუნებელ სამედიცინო ჩარევაზე.
ჯავაშვილის აზრით, ავადმყოფის უარს მკურნალობაზე ევთანაზია არ უნდა ვუწოდოთ. ეს უფლება კანონითაც დაცულია - პაციენტის ნების წინააღმდეგ წასვლა კვალიფიცირდება, როგორც მასზე თავდასხმა. ჯავაშვილის აზრით, სიცოცხლის გადარჩენა ექიმის უპირველესი მოვალეობაა, მაგრამ იძულებითი მკურნალობის აკრძალვასაც აქვს მორალური გამართლება. „თუ ექიმი ხედავს, რომ მისი მოქმედება პაციენტს ტანჯვას აყენებს და იზოლაციაში აქცევს... ხედავს, რომ პაციენტი ახლობლებთან ვეღარ ურთიერთობს, თავის დასამშვიდებლად ან სხვების დასანახად კვდომის პროცესი უსარგებლო ჩარევით არ უნდა გაახანგრძლივოს. ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ყოველთვის საჭირო არ არის,” - აღნიშნავს იგი.
ჯავაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რატომ ამბობს ხოლმე პაციენტი მკურნალობაზე უარს. შესაძლოა, ამის საფუძველი იყოს არა მხოლოდ სნეულებით გამოწვეული ფიზიკური ტკივილი, არამედ ავადმყოფის ემოციური მდგომარეობაც. „იქნებ ჩვენ ვართ უგულოები? იქნებ ავადმყოფი ხედავს, რომ გარშემომყოფთათვის ის ეკონომიკური ტვირთია?” ჯავაშვილის თქმით, მზრუნველობის შესაძლებლობა არ წყდება არც უიმედო პროგნოზის და არც მკურნალობაზე უარის თქმის შემდეგ. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა - მრავალმხრივი პრაქტიკა, გათვლილი იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. მისივე აზრით, ევთანაზიის ლეგალიზაციაზე პრიორიტეტულია იმ თანამედროვე მიდგომის დამკვიდრება და განვითარება, რომელიც გათვლილია მძიმე ავადმყოფისთვის ტკივილის შემსუბუქებაზე, სიმპტომების მოხსნასა და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.

 

კომენტარები