მოსაზრებები სკოლების კომპიუტერიზაციაზე

0 კომენტარი

ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან პირველკლასელებს წიგნების ნაცვლად დაურიგდებათ კომპიუტერები შიგ ჩატვირთული სახელმძღვანელოებით; მოსწავლეები თავიდანვე ეზიარებიან ახალ ტექნოლოგიებს და ეს ყველაფერი დამატებით დანახარჯებს აღარ საჭიროებს. მოგვიანებით რომელიღაც სახელმწიფო მოხელემ დააზუსტა, რომ აქამდე პირველკლასელთა წიგნებზე იხარჯებოდა 8 მლნ ლარი ყოველწლიურად, ხოლო ეს თანხა სრულიად საკმარისია ყველა პირველკლასელისთვის ლეპტოპის შესაძენად.

წინასწარ უნდა განვაცხადო, რომ იდეა ძალიან კარგი და პროგრესულია და მომავალში მას ალტერნატივა არ გააჩნია. ოღონდ მისი განხორციელებისთვის საჭიროა გავიაზროთ, რა ტიპის პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ.

პირველ ყოვლისა, უნდა დავაზუსტო, რომ 8 მლნ ლარი არამცთუ არასოდეს დახარჯულა პირველკლასელთა სახელმძღვანელოების შესაძენად, არამედ თეორიულადაც ვერ დაიხარჯება: სულ საქართველოში არის დაახლოებით 40 ათასი პირველკლასელი. პირველი კლასის სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ასეთ შემთხვევაში უნდა ღირდეს 200 ლარი, არადა, ღირს, დიდი-დიდი, 40 ლარი ანუ 5-ჯერ ნაკლები. თანაც, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც რვეულების ფასსაც კომპლექტის ღირებულებაში შევიტანთ. მაგალითად, შარშანწინ 1 მლნ ლარზე ნაკლები დაიხარჯა სახელმძღვანელოების შესაძენად.

პრეზიდენტის განცხადებამ განსაკუთრებული პანიკა გამოიწვია მასწავლებლებში. სპეციალური გადამზადების გარეშე (ეს კი დროის მოკლე, თუნდაც ერთწლიან მონაკვეთში სრულიად შეუძლებელია) მასწავლებელი სწავლებას ვერ მოახერხებს - ადგება და მშობლებს ისევ წიგნების მოტანას დაავალებს. მშობლებს ფულის გადახდა მოუწევთ იმაში, რაც აქამდე უფასო იყო.

პრეზიდენტის განცხადებამ დააბნია გამომცემლებიც. ბევრ მათგანს აქვს პირველი კლასის სახელმძღვანელოების ნაშთები და, კომპიუტერის სავალდებულო შეტანით, ნაშთი მაკულატურად იქცევა. ზარალის ასანაზღაურებლად გამომცემელი იძულებული გახდება, გაზარდოს სხვა კლასების სახელმძღვანელოების ფასები. გარდა ამისა, როდესაც ვლაპარაკობთ ლეპტოპში ჩატვირთულ სახელმძღვანელოებზე, საიდან უნდა გაჩნდეს ეს მასალა? ალბათ იგულისხმება, რომ უნდა ავიღოთ არსებული წიგნები და გადავიყვანოთ PDF ფორმატში. არსებული წიგნები სხვადასხვა გამომცემლობის კერძო საკუთრებაა და არა მგონია, რომელიმე დათანხმდეს მათ უფასო ჩატვირთვაზე მოსწავლის ლეპტოპში. თანაც, კომპიუტერის გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ PDF ფორმატში არსებული გვერდები იკითხოს კაცმა, ცოდოა. ასეთი მიდგომა პრინციპულად არ განსხვავდება ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნის გამოყენებისგან. თანამედროვე ტექნოლოგიების მთელი ხიბლი ის არის, რომ მათი დახმარებით სწავლება უფრო საინტერესო ხდება - ეს უკვე აღარც არის მხოლოდ სახელმძღვანელო (ანუ ტექსტს პლუს ილუსტრაციები) - ამ ყველაფერს ემატება ვიდეო და აუდიოფაილები და ინტერაქცია. იმის გამო, რომ ქართულში შესატყვისი არა გვაქვს, გამოვიყენოთ ამ ყველაფრის აღსანიშნავად ინგლისური სიტყვა კონტენტი (სიტყვა „შინაარსი” აშკარად სხვა რამეს ნიშნავს).

საიდან უნდა გაჩნდეს ახალი კონტენტი, რომელიც მოსწავლის ლეპტოპს დასჭირდება? კონტენტად რომ PDF ფორმატის წიგნები არ გამოდგება, ცხადია. შესაბამისად, იგი ახლიდანაა შესაქმნელი. ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ერთმანეთის ალტერნატიული რამდენიმე კონტენტი არსებობდეს და თუ შეიძლება, მაშინ როგორ შეიძენს სახელმწიფო ამა თუ იმ კონტენტს?

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტენტი არსებობს, წარმოიქმნება რამდენიმე ტექნიკური პრობლემა. მაგალითად, ის, რომ მოსწავლის ლეპტოპს აუცილებლად ქართული კლავიატურა უნდა ჰქონდეს. ჩვენდა სამარცხვინოდ, კლავიატურა ქართული ანბანით არ არსებობს და, რაც ყველაზე უარესია, კლავიატურის სტანდარტიც კი არა გვაქვს. როდესაც ასეთ ელემენტარულ საკითხზეც კი არავის უფიქრია, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის პრეტენზია.

პრეზიდენტის ერთ-ერთი ძირითადი პათოსი იყო, რომ ლეპტოპის შეძენით და მასში PDF ფორმატებში გადაყვანილი წიგნების ჩატვირთვით დაიზოგება თანხები. სინამდვილეში ეს მთლად ასე არაა: უნდა განვასხვავოთ მოწყობილობა და კონტენტი. კონტენტის შექმნა არანაკლებ რთული და ძვირია, ვიდრე მოწყობილობებისა. მოწყობილობის შეძენით თითქოს გვაქვს ერთჯერადი ხარჯი, მაგრამ სინამდვილეში მივიღებთ პოტენციურად ზრდად ხარჯებს სულ ახალ-ახალი კონტენტის შესაქმნელად.

ყველა შემთხვევაში, პრეზიდენტის იდეის განსახორციელებლად უნდა გადაიჭრას შემდეგი საკითხები:

1. მოხდეს ქართული კლავიატურის სტანდარტიზაცია და მისი დანერგვა სახელმწიფო დაწესებულებებში მაინც. მერეღა შეიტანონ სკოლებში მხოლოდ ქართულკლავიატურიანი ლეპტოპები;

2. ვინაიდან მოსწავლის ლეპტოპებს ბევრი სხვადასხვა კომპანია აწარმოებს მთელ მსოფლიოში, ისინი ტენდერის საშუალებით უნდა შევიძინოთ; საერთოდ კი, რაკი მოსწავლის ლეპტოპი არაა სრულფასოვანი კომპიუტერი და ოპერაციული სისტემის ნაცვლად კონტენტი პირდაპირ ინტეგრირებულია მოწყობილობაში, კონტენტის შემქმნელი კავშირში უნდა იყოს ლეპტოპის მწარმოებელთან (ან თავადვე აწარმოოს ლეპტოპი);

3. რადგან ლეპტოპის შეძენაზე უფრო რთული სათანადო კონტენტის შექმნაა, ჯერ საჭირო ცვლილებები უნდა შევიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში და მერე გამოცხადდეს კონკურსები კონტენტის შესაქმნელად (სახელმძღვანელოების კონკურსების ანალოგიურად). გასათვალისწინებელია ალტერნატიული კონტენტების არსებობის შესაძლებლობა (ისევე როგორც არსებობს ერთმანეთის ალტერნატიული გრიფირებული სახელმძღვანელოების თავისუფალი ბაზარი).

დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლის ლეპტოპი სათანადო კონტენტით გარდაუვალი აუცილებლობაა არცთუ შორეულ მომავალში, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მომავალი მალე დადგეს, მისი განხორციელების რეალისტურ გზებზე ახლავე უნდა დაიწყოს მსჯელობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები