ქართველი მომხმარებლები ფეიფალზე ოცნებობენ

0 კომენტარი

ინტერნეტშოპინგის მოყვარულთათვის უცხო არ არის საიტები, რომლებზეც გადახდის ერთ-ერთი ან ერთადერთი საშუალება ფეიფალია. ასეთ საიტებს მიეკუთვნება უდიდესი ინტერნეტაუქციონი იბეიც.
ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობა გარკვეულ რისკს შეიცავს. თუ არაკეთილსინდისიერ გამყიდველს გადააწყდით, შესაძლოა, ნაყიდი ნივთი, მასში გადახდილ თანხასთან ერთად, უკვალოდ დაიკარგოს. ჩვეულებრივი ბარათით გადახდის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება საბანკო ანგარიშიც. მისი მონაცემების არასანდო ხელში ჩავარდნა შეიძლება ცუდად დამთავრდეს. სხვა სისტემებისგან განსხვავებით, ფეიფალით გადახდილი თანხა მიმღებს ისე ერიცხება ანგარიშზე, რომ მყიდველის პირადი მონაცემები საიდუმლოდ რჩება. ფეიფალის საშუალებით იბეი მყიდველს შენაძენის დაკარგვისგანაც იცავს.
ძალიან ადვილია დარეგისტრირდე ფეიფალის საიტზე და გახდე მომხმარებელი... თუ 190 მხარდაჭერილი ქვეყნიდან რომელიმეს მოქალაქე ხარ. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს ვერ ნახავთ. სიაში შეტანილია ჩვენი ყველა მეზობელი. თუმცა, ქვეყნების მხარდაჭერის ხარისხი სხვადასხვაა. თურქეთის გარდა, საქართველოს მეზობლებს ფეიფალი ყველაზე შეზღუდული ფორმით ემსახურება.
მართალია, ქართული საბანკო ბარათებითა და მისამართით ფეიფალის გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მომხმარებლებმა გამოსავალს მიაგნეს. ისინი სისტემაში არარსებული თურქული და უკრაინული მისამართებით რეგისტრირდებიან და ანგარიშს პროკრედიტ ბანკის ვიზა კლასიკ ბარათებით ავსებენ. ეს ბარათები გერმანიაში მზადდება, რის გამოც ფეიფალის სისტემა „ტყუვდება” და მათზე უარს არ ამბობს. პროკრედიტ ბანკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბარათების ამგვარი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მომხმარებლებისგან შეიტყვეს.
შემოვლითი გზების აღმოჩენის მიუხედავად, ინტერნეტმომხმარებლებმა შეადგინეს ონლაინ პეტიცია, სიაში საქართველოს დამატების მოთხოვნით. პეტიციაზე უკვე 3.200-მდე ხელმოწერა შეგროვდა. თუმცა, სხვა ინტერნეტმიმართვების მსგავსად, შედეგი არც მას გამოუღია. საქართველო კვლავ ფეიფალის ინტერესთა სფეროს მიღმაა დარჩენილი. ამასთანავე, არც ერთ ქართულ ბანკს ფეიფალისთვის არ შეუთავაზებია ის მყარი საბანკო გარანტიები, რაც სისტემას სჭირდება. ერთადერთი გამონაკლისი 2005 წელს საქართველოს ბანკის წარმომადგენლის არაოფიციალური მიმართვა იყო, რომელზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა.
ფეიფალის კონკურენტი გადახდის სისტემებიდან ერთ-ერთი, გუგლ ჩექაუთი, საქართველოშიც მოქმედებს. თუმცა, მისი მომხმარებლების რიცხვი ჯერჯერობით გაცილებით მცირეა, ვიდრე ფეიფალისა. ბევრად მცირეა ამ სისტემის მხარდამჭერი საიტების რიცხვიც. ამასთან, გუგლ ჩექაუთს არ გააჩნია ის, რაც ფეიფალის მთავარი უპირატესობაა. თუ ფეიფალი ტრანზაქციას საკუთარი ანგარიშიდან ახორციელებს, ჩექაუთი მხოლოდ მომხმარებლის ბარათის მონაცემებს იმახსოვრებს და ავტომატურად აწვდის ინტერნეტმაღაზიებს.
2007 წელს ფეიფალმა მხარდაჭერილი ქვეყნების სია 87-ით გაზარდა. დამატებულთა შორის იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა, აფრიკის ქვეყნები და გრენლანდია, სადაც სულ 58,000 ადამიანი ცხოვრობს. როდის ეღირსება ამგვარ წყალობას საქართველო, ამაზე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები