მშვიდობის სუში

მოკლედ, ასეა: იმას, ვისაც მტკვარზე გადებული, “მშვიდობის ხიდად” წოდებული, ვეება რკინის მონსტრი არ მოეწონება, თურმე, არც პროგრესისა გაეგება რამე და არც ქალაქის განვითარებაზე შესტკივა გული.

გვეუბნებიან: ინჟინერ ეიფელის კოშკიც არ მოსწონდათ მის თანამედროვეებს, მაგრამ, ჰა, ხომ დაამტკიცა ისტორიამ, რომ არა ჟაკ ეიფელი, არამედ სწორედ კრიტიკულად განწყობილი ხალხი ცდებოდაო.

ესე იგი, რა გამოდის? ვიდრე იმას ვიტყოდეთ, მოგვწონს თუ არა ეს თეთრი ვეშაპი („მშვიდობის ხიდად” სახელდებული), ან მსგავსი თუ სხვანაირი “ანტისხეული”, მანამდე ეიფელისა და გი დე მოპასანის ამბავი უნდა გავიხსენოთ (მოგეხსენებათ, არც ამ უკანასკნელს ეხატებოდა გულზე პარიზის დღევანდელი სიმბოლო) და მხოლოდ მერეღა გამოვთქვათ აზრი, მერეღა გადავწყვიტოთ, მოგვეწონოს თუ არა. გემოვნებას კი არ ვენდოთ, არამედ ისტორიულ გაკვეთილს, ისტორიულ მაგალითებს... ფრანგები შეცდნენ XIX საუკუნის ბოლოს და ეგებ მეც ვცდებიო!

დიდი საქმე, თუკი ამ გიგანტურმა სუშიმ („მშვიდობის ხიდად” რომ მონათლეს) მეტეხიც ჩაჰყლაპა, სიონიც, ნარიყალაც და ყველაფერი, რაც მართლა მოგწონდა თბილისში - მერე რა, თუკი აღარაფერი ჩანს ამ “რკინის სუშის” გარდა - იდექი და იფიქრე, რომ ოდესღაც ფრანგებიც შეცდნენ და ხმა არ ამოიღო: რა მნიშვნელობა აქვს, უხდება თუ არა “სუში” ძველ თბილისს, ლამაზია თუ მახინჯი - მთავარი ხომ “შენება” და პროგრესულობაა...
,

ამ “სუშისაც” ისევე შევეჩვევით, როგორც სხვა, ჩვენს შიგნით თუ გარეთ ჩაბეტონებულ-ჩაჟანგულ სიმახინჯეებს. ჩვენ ხომ შეგუების ხალხი ვართ.

სულ მცირე, კონკურსის თუ არა, დისკუსიის საგანი ხომ მაინც უნდა გამხდარიყო ამის მტკვარზე დადგმა-არდადგმა!

ის, რომ პრეზიდენტს მოსწონს ან კიდევ ვინმე სხვას, ეს საკმარისია, რომ ამხელა ახალი სხეული განდეს ქალაქის ისტორიულ ნაწილში?

აქ ასეა: რასაც ხელისუფლება აკეთებს, აუცილებლად უნდა მოგეწონოს, თორემ ან “ჩასაფრებული” ხარ, ან “ნოღაიდელი”.

უკაცრავად, არც ერთი ვარ, არც მეორე: ჯერ ერთი, ეს ხიდი მიმაჩნია სრულ სიმახინჯედ და, მეორეც, ვბრაზობ, როცა ხელისუფალს ფეხებზე კიდია თავისი მოქალაქეების აზრი და როცა თვლის, რომ სწორედ მისი შეხედულებაა (ნებისმიერ სფეროში) ანგარიშგასაწევი და სწორი...

როდის იყვნენ, ერთი, ესთეტიკის მეტრები პოლიტიკოსები? საიდან ეს ამბიცია?

ანკი ეს რაღაა: იცით, თურმე, რის აშენებას აპირებენ ყოფილი “მხატვრის სახლის” ადგილზე? - ზუსტად პარლამენტის შენობის წინ, - რაღაც უგვანი შუშის აკვარიუმის! რატომ არ შეიძლება, რომ აღდგეს ძველი ნაგებობა, რა აუცილებელია, რომ აქაც თანამედროვე ყაზახური არქიტექტურის “შედევრების” მსგავსი კოლოსი აღმოცენდეს?

ან თუნდაც რა ბედი ელის ე. წ. “იმელის” შენობას?

მე ახლა არ ვწერ “პროგრესულობაზე” და “კონსერვატორულობაზე”, მე ვწერ უპასუხისმგებლობაზე და სრულიად გაუგებარ და არაადეკვატურ თავდაჯერებულობაზე.

რა შუაში არიან XIX საუკუნის ფრანგები?

ანკი რა უნდა “სუშის” მტკვარში?
 

კომენტარები