რონ პოლი: ექიმი, მეწარმე და ლიდერი

2010 წლის 14 აპრილს Rasmussen Reports-მა გამოაქვეყნა საერთო ეროვნული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები. შეკითხვაზე - ვის მისცემდით ხმას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - რესპონდენტთა 41%-მა დაასახელა რესპუბლიკელი კონგრესმენი რონ პოლი, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხმათა 42% ერგო. დაახლოებით ორი თვით ადრე რესპუბლიკური პარტიის 2500 წევრს შორის ჩატარებულმა წინასწარმა კენჭისყრამ 2012 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატად რონ პოლი გამოავლინა.
ამ ორმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ აშშ-ს მოქალაქეთა დიდ ნაწილს ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად რონ პოლის ხილვა სურს - პიროვნებისა, რომელიც გამოდის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კურსის მკვეთრი ცვლილების, გაეროდან და ნატოდან გამოსვლის, ერაყიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან ჯარების გაყვანის, ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვის, გადასახადების მკვეთრი შემცირების, ფედერალური სარეზერვო სისტემის ლიკვიდაციის, ოქროსთვის ფულის ფუნქციის მინიჭების ლოზუნგებით და ეწინააღმდეგება აბორტებსა და ნარკოტიკებთან ბრძოლას. მარიხუანის ლეგალიზაცია და სექსუალურ უმცირესობათა უფლებები ის თემებია, რომელიც უზრუნველყოფს რონ პოლის პერსონისადმი მემარცხენედ განწყობილი ამერიკელების სიმპათიებსაც, თუმცა, ამავე დროს, მის მომხრეებში ბევრი მემარჯვენე ექსტრემისტიცაა, მათ შორის, ჯონ ბირჩის საზოგადოებაც.
მაშ, ვინ არის რონ პოლი, წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, მეტსახელად Doctor No, პიროვნება, რომელსაც სენატორმა ჯონ მაკკეინმა „კონგრესში ყველაზე უფრო პატიოსანი ადამიანი უწოდა”?
ის მართლაც ექიმია, მეან-გინეკოლოგი, თუმცა ეს მეტსახელი დაიმსახურა არა მხოლოდ პროფესიის, არამედ იმ პრინციპულობის გამოც, რომელსაც ის იჩენდა კონგრესში ხმის მიცემის დროს, არ უფრთხოდა რა პარტიული ხაზის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლებს. „კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიქცა საკუთარი თავის საცოდავ პაროდიად. იყო რა ადრე გამოჩენილი ინტელექტუალების და ლიტერატორების თავშესაფარი, დღეს ის მოგვიწოდებს ანტიინტელექტუალიზმისა და შოვინიზმისკენ”, - აცხადებს რონ პოლი საკუთარ წიგნში „მანიფესტი: რევოლუცია” და დასძენს - „ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ მემარცხენე ლიბერალებიც. კრიტიკულ მოაზროვნეებად პოზიციონირების მიუხედავად, მათი თავდაჯერებულობა მართვის საკითხებში უპატიებლად გულუბრყვილოა და ეფუძნება სამოქალაქო სამართლის სახელმძღვანელოდან აღებულ ბანალურობებს, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ რეალობასთან”.
დაიბადა პიტსბურგში 1935 წელს, მუშაობდა სამხედრო ექიმად კორეაში, ირანში, ეთიოპიასა და თურქეთში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა საჰაერო ძალების ბაზაზე ტეხასში, შემდეგ - ეროვნულ გვარდიაში. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1974 წელს. ორ წელიწადში აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში. 1988 წელს, აშშ-ს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა „მესამე ძალამ”, ლიბერტარიანულმა პარტიამ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურა წამოაყენა ჯორჯ ბუშ უფროსის და მაიკლ დუკაკისის კონკურენტად. რონ პოლს, ბუნებრივია, ესმოდა, რომ გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, თუმცა კარგად ხედავდა ამ ნაბიჯის პროპაგანდისტულ მნიშვნელობას. 1997 წელს, წარმომადგენელთა პალატაში დაბრუნების შემდეგ, პოლის ანგარიშზეა კანონპროექტები საბიუჯეტო ხარჯების შემცირების, საშემოსავლო გადასახადისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის გაუქმების შესახებ. 2007 წელს ჩაერთო ბრძოლაში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის. ამჯერადაც ძირითადი მიზანი საკუთარი იდეების პოპულარიზაციაა. მისი აქცენტი ახალგაზრდებზეა, აწარმოებს წარმატებულ კამპანიას ინტერნეტში, აქტიურად იყენებს საიტებს: Facebook, YouTube და MySpace.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის ფაშიზმისკენ და ეს არის უკანასკნელი 100 წლის ტენდენცია”, - აცხადებს იგი - „ტერორიზმთან ომმა ამერიკელთა კიდევ უფრო დიდ რაოდენობას აჩვენა, რომ მთავრობა იყენებს შიშს და საკუთარ შეცდომებსაც კი, იმისთვის, რომ გაამართლოს ჩვენი სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა”.
თუმცა, ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია არა რონ პოლის შიდაპოლიტიკური საპროგრამო პრინციპები, არამედ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მისეული ხედვა. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ერთ-ერთ ინტერვიუში მის მიერ ნათქვამი ფრაზა: „საბჭოთა კავშირმა დროთა განმავლობაში ზედმეტად გააფართოვა საკუთარი გავლენა და ვეღარ შეძლო მისი შენარჩუნება. ასე ინგრევა ყველა იმპერია, არა სამხედრო დამარცხებათა, არამედ ეკონომიკურ მიზეზთა გამო. ჩვენი გავლენა 140 ქვეყანაზე გავავრცელეთ და, ამავე დროს, ეკონომიკურად უკვე ბანკროტები ვართ... ვფიქრობ, ყველაფერი დასასრულს უახლოვდება”.
საყურადღებოა მისი განცხადებები საქართველოს შესახებ. კითხვაზე - თვლით თუ არა ადეკვატურად თეთრი სახლის რეაქციას კავკასიაში ომზე და როგორ მოიქცეოდით აშშ-ს პრეზიდენტი რომ გამხდარიყავით - რონ პოლმა უპასუხა: „პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, საქართველოსთვის ფულის გამოყოფის შეჩერებაა. თუ მათ სურთ ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამის სახსრები სადმე სხვაგან ეძიონ ან დაიცვან საკუთარი ძალებით. ამავდროულად, საქართველოსადმი დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთივე, როგორიც სხვა სახელმწიფოებთან. რაც შეეხება კონფლიქტებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ეს საკითხი ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ რუსეთმა და საქართველომ. ნატო ამაში არ უნდა ჩაერიოს. მე მხარს ვუჭერ ერის უფლებას თვითგამორკვევაზე; კოსოვოს შემთხვევაში აშშ რატომღაც მხარს უჭერს ამ პოზიციას, ხოლო როდესაც საქმე ეხება საქართველოს - უარს ამბობს მასზე.”
მთელი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში რონ პოლის მოსაზრებები იმდენად ეწინააღმდეგებოდა მეინსტრიმს, რომ უმრავლესობაში მხოლოდ თანაგრძნობის ღიმილს თუ იწვევდა, თუმცა ხსენებული გამოკითხვებისას ნაჩვენები შედეგი და მასზე რეაქცია აჩვენებს, რომ ტეხასელი კონგრესმენი არც თუ ისე არარეალურ თემებზე საუბრობს. იმის მიუხედავად, რომ პოლის პრეზიდენტობის შანსი დიდი არ არის, მის მიერ წამოწყებული მოძრაობა ყოველდღიურად ფართოვდება. აქტივისტები სულ უფრო მეტად ურთიერთობენ საზოგადოებასთან, მონაწილეობენ ადგილობრივ არჩევნებში, კენჭს იყრიან შერიფებად და მუნიციპალურ საბჭოებში. აშკარაა ტენდენცია, რომელიც უახლოეს წლებში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შეერთებული შტატების პოლიტიკაზე. ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 წელს, ყველა იძულებული იქნება იყოს ცოტათი რონ პოლი.

კომენტარები