დემოკრატიის შენებას რა უნდა

ყველას გვინდა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს. თუმცა, მართლა გვინდა? თუ უბრალოდ მიღებულია ამის თქმა? რატომ გვინდა - რომ ევროპელებთან არ შევრცხვეთ (იმ ევროპელებთან, ვისაც ყველანი ცოტ-ცოტას ვლანძღავთ, ოღონდ სხვადასხვა მიზეზით)? თუ მართლა გვწამს, რომ დემოკრატიის გარეშე ივერია ვერ გაბრწყინდება?

მე მწამს, რომ 21-ე საუკუნეში ივერია დემოკრატიის გარეშე ვერ გაბრწყინდება. მის გარეშე ვერ გვექნება ქვეყანა, სადაც ცხოვრება მეტ-ნაკლებად გაგვეხარდება და გაქცევა არ მოგვინდება. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებითაც: ტოტალიტარულ ქვეყანაშიც მიცხოვრია, დემოკრატიულშიც, ახლა ნახევრად-დემოკრატიულში ვარ, და დავრწმუნდი: დემოკრატია ჯობია. ან, უინსტონ ჩერჩილის უკვდავი ფრაზა რომ გავიხსენოთ, კი ცუდია, მაგრამ ყველა ალტერნატივა კიდევ უარესია.

თუმცა, დემოკრატიის „პრომოუშენი” არ არის ახლა ჩემი მიზანი (ან რა აზრი აქვს - მაინც არავინ გეკამათება!). სხვა კითხვა მინდა დავსვა: შეგვიძლია კი ეს ოხერი დემოკრატია? ბოლო ოცი წლის მანძილზე სამჯერ გავიარეთ ერთ წრეზე: დავამხეთ მთავრობა, რომელსაც „ჩაუშესკუს” ვეძახდით, მოვიყვანეთ ხალხი, ვისგანაც დემოკრატიას ველოდით, და მალევე დავიწყეთ წუწუნი, რომ ესენიც არ ყოფილან, ვინც გვინდოდა. ესე იგი მარტო ზვიადში, ედუარდში და მიშაში არ ყოფილა საქმე, ხომ? (არა, მაგათ თუ რამე დააშავეს, გავთათხოთ, ღმერთი-რჯული არავის ვაჩერებ).

მაინც რა უნდა დემოკრატიის შენებას? ერთი კარგი რევოლუცია რომ არ შველის, ეს დავინახეთ (სამიც არ ეყო). ერთი კარგი კონსტიტუცია? ეს სერიოზული საკითხია. მეც ვთვლი, რომ ჩვენი კონსტიტუცია კარგი დემოკრატიის სტანდარტს არ შეესაბამება. ხელისუფლებამ, ამის აღიარების ნიშნად, საკონსტიტუციო კომისიაც შექმნა - მაგრამ ეს არავის აინტერესებს ლევან რამიშვილის გარდა. რაღაცაშია საქმე.

საზოგადოება არ არის მზად? შეიძლება, მაგრამ ეს „საზოგადოება” გადღაბნილი და გაურკვეველი რამაა. ვინ და როგორ გაგვიზომავს - „გამოდგება” საზოგადოება დემოკრატიისთვის თუ არა? კონკრეტული ნიშნებია საჭირო.

ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი პოლიტიკური პარტიებია. დემოკრატიის შენებას რამდენიმე კარგი პარტია უნდა. ორიც სავსებით საკმარისია. ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი არა გვყავს, თუმცა ოცი წელია ვცდილობთ.

კიდევ საჭიროა, საზოგადოება იყოს რთული და დასახსრული, მასში უნდა იყვნენ ჯგუფები, ვისაც გააზრებული აქვს, რომ მათი ინტერესები განსხვავებულია სხვებისგან და მათ დაცვა სჭირდება, ოღონდ წესების ფარგლებში. ამ მხრივ ჩანასახოვან მდგომარეობაში ვართ, თუმცა ბოლო ხანებში პატარა ძვრებიც შეინიშნება. მაგალითად, ღიად პრორუსული ჯგუფები რომ გაჩდნენ, ეს კარგია, რადგან საზოგადოების ნაწილს აქვს პრორუსული განწყობა და მისი აზრი წარმოდგენილი უნდა იყოს. პროდასავლელებს შორისაც დაიწყო პროამერიკელების და პროევროპელების გამიჯვნა. არიან სეკულარისტები და ანტისეკულარისტები, ეკონომიკური ლიბერალები და დირიჟისტები, და ასე შემდეგ. ასეთი გაყოფები ყოველთვის ელიტიდან იწყება, მაგრამ საჭიროა, ისინი პოლიტიკურად რელევანტურიც გახდეს, ანუ პოლიტიკური პარტიები ამის მიხედვით გავარჩიოთ ერთმანეთისგან. ამას ჯერ პირი არ უჩანს.

ესე იგი, რისკენ მიმყავს საქმე: დემოკრატიის თავი მაინც არა გვაქვს და ერთი კარგი ავტორიტარიზმი მაინც შევქმნათ და შევირგოთ-მეთქი? ჯერ ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, სახელმწიფო ბიუროკრატია, ჯარი და პოლიცია ფეხზე დავაყენოთ, ეკონომიკა ავაყვავოთ, რაციონალურად მოაზროვნე საშუალო კლასი გამოვზარდოთ და დემოკრატიაზე მერე ვიფიქროთ? არა, არ ვამბობ. მაგრამ რატომ? მეშინია, რომ სოროსი გრანტებს აღარ მომცემს? არ იქნებოდა ლოგიკური? ბევრი სოლიდური თეორეტიკოსია, ვინც მხარს დამიჭერდა („მოდერნიზაციის თეორია” ჰქვია ამას).

ჯერ ერთი, არ მომწონს ეს დიქტატორები და მომკალი. ის სოლიდური თეორიებიც რომ გავიხსენოთ, კი გამოერევა მათში თითო-ოროლა, ვინც მართლა ქვეყანაზე ზრუნავს და კარგ საქმესაც აკეთებს, მაგრამ ეს მაინც გამონაკლისია: სადაა გარანტია, რომ მაინცდამაინც შენ შეგვხვდება ის ჭკვიანი და პატრიოტი დიქტატორი?

მაშ რისი იმედი მაქვს? იმის, რომ დემოკრატიის რესურსები ნელა, მაგრამ გვემატება. პირველ რიგში, ეს არის განათლებული ხალხი. საკუთარ ადრე ნათქვამს გავიმეორებ: ამ ოცი წლის წინაც გვყავდა ბევრი განათლებული პროფესიონალი - მათემატიკოსი, ფიზიკოსი, კინორეჟისორი და ა. შ., მაგრამ პოლიტიკურად იდიოტები ვიყავით. ედუარდ შევარდნაძე რომ დაგვიბრუნდა, იმაზე გავგიჟდით, ეს რა ბუმბერაზი პოლიტიკოსიაო (იმ ფონზე იყო კიდეც). დღეს კი გვყავს ხალხი, ვინც სრულად ზის თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში. ჯერჯერობით ძალიან ცოტა, არასაკმარისი, მაგრამ გვყავს. თანდათანობით მომრავლდება. ეს დემოკრატიის შენების გადამწყვეტი ფაქტორია.

ახალი ელიტის შექმნის გარდა, ხალხმაც, ფართო საზოგადოებამაც მიიღო გამოცდილება. მან შეინარჩუნა მეამბოხური სული და უსამართლობაზე (ან იმაზე, რასაც უსამართლობად თვლის) მძაფრად რეაგირებს, მაგრამ ისე ადვილად აღარ გაყვება ყველა დემაგოგს, ვინც ივერიის უცებ გაბრწყინებას დაპირდება. ზედმეტი ილუზიები არა მაქვს - დემაგოგებს კიდევ ექნებათ ჩვენში გასავალი. მაგრამ ცვლილებები არის.

ის, რომ სახელმწიფო (ანუ ქმედუნარიანი ბიუროკრატია და სამართალდაცვის ორგანოები) როგორც იქნა გაგვიჩნდა, ესეც დემოკრატიის რესურსია საბოლოო ჯამში, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება უფრო ის გამოჩნდეს, როგორ „სუსხავს” მომძლავრებული სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების უმწიფარ ყლორტებს. რომანტიკული ანარქიის მორევიდან დემოკრატია არასოდეს ამოზრდილა, რაციონალური სახელმწიფო კი სტიმულს უქმნის რაციონალური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

დემოკრატიის კიდევ ერთი საშენი მასალა არ დაგვავიწყდეს - თავისუფალი ეკონომიკა. მართალია, რაღაც დრო მან ავტორიტარულ გარემოშიც შეიძლება გაიხაროს, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ის - და მხოლოდ ის - შეიძლება იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი. ეს ხილი ჩვენში ახალია და ძნელად შემოდის - მაგრამ შემოდის.

და ბოლოს, იმას დავუბრუნდები, დასავლეთისა რომ გვრცხვენია. ამის დაცინვა ადვილია. ჯობია, ის ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები ბოლომდე გათავისებული და ინსტიტუტებად განსხეულებული გვქონდეს და სხვები იქით სწავლობდნენ ჩვენგან ჭკუას.

კომენტარები