გია ჭანტურია: წინასაარჩევნო პოპულიზმის ანატომია

0 კომენტარი

გაზი 10 თეთრად, დენი 5 თეთრად, წყალი უფასოდ - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მერობის კანდიდატი საარჩევნო არენაზე ამ ლოზუნგით და „მეურნის” იმიჯით გამოჩნდა. „მე არ ვარ პოლიტიკოსი”, - ეს გია ჭანტურიას კიდევ ერთი გზავნილია.
მიუხედავად ამისა, საარჩევნო ლოზუნგის მიღწევის გზად „არაპოლიტიკოსი” ჭანტურია სწორედ მერის პოსტის პოლიტიკური წონის გამოყენებას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, არჩეული მერის პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით შეძლებს ტარიფების სასურველი ზღვარის მიღწევას და წინასაარჩევნოდ საზოგადოებისთვის ერთი შეხედვით გასაგებ, მეორე მხრივ კი - გაუგებარ ენაზე საუბრობს.
ტარიფების 10 და 5 თეთრამდე ან უფასომდე ჩამოყვანაც აბსოლუტურად გასაგები და უმეტესწილად მისაღები გზავნილია პოსტსაბჭოთა მეტალიტეტისათვის. ამიტომ პოლიტიკოსებს ჰყონიათ, რომ „უფასოდ” და „იაფად”, „კაპიკებში” მოპოვებულ კეთილდღეობათა შეპირების ენა ქართველ ამომრჩეველს კარგად ესმის.
როცა ამ ტარიფების რეალისტურობის ახსნაზე მიდგება საქმე, ქრისტიან-დემოკრატთა მენავთობე ლიდერი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეკონომიკური გათვლების ენაზე იწყებს საუბარს.
გაზის შეპირებული ტარიფის მიღებას გია ჭანტურია იმ ხელშეკრულების საფუძველზე აპირებს, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის მშენებლობის შესახებ დაიდო. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს გავლით ტრანსპორტირებული გაზის ნაწილი ჩვენს ქვეყანას უფასოდ (5%), ნაწილი კი ფიქსირებულ ფასად უნდა მიეწოდოს. უფასო წილი ეკუთვნის საქართველოს რუსეთ-სომხეთის გაზსადენიდანაც. ჭანტურია ამბობს, რომ ამ თანხის საერთო მოცულობაზე გაყოფით გაზის საფასურს კუბურ მეტრზე 8 თეთრს ვიღებთ. კანდიდატი ამას საოპერაციო ხარჯად სულ ერთ თეთრს ამატებს, ერთი თეთრი აქვს განსაზღვრული მოგებისთვისაც.
გაზის ღირებულებაზე დამოკიდებულია ელექტროენერგიის ფასიც. ვინაიდან ჰიდრორესურსები - მოსახლეობის შუქით უზრუნველსაყოფად - საკმარისია მხოლოდ ზაფხულში, სხვა დროს ელექტროენერგიას გაზისგანაც ვაწარმოებთ. ჭანტურიას განმარტებით, თუკი საქართველო ააშენებს მიწისქვეშა გაზსაცავს, შესაძლებელი გახდება ზაფხულში „იაფი გაზის” დაგროვება, რაც ასევე გააიაფებს ელექტროენერგიის და გაზის ტარიფებს.
რაც შეეხება წყალს, მას ჭანტურია მოსახლეობას და კვების მრეწველობის ობიექტებს უფასოდ ჰპირდება.
გია ჭანტურიას წინასაარჩევნო დაპირებები, ძირითადად, ამ ტარიფებზეა აგებული. კანდიდატი ამბობს, რომ ამომრჩევლებს ყველა პრობლემას ვერ გადაუწყვეტს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. მისთვის მთავარია, ადამიანები დასაქმდნენ და თავიანთი თავისა და ოჯახების რჩენა შეძლონ, რაც მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პირობებში იქნება შესაძლებელი. ამას კი ტარიფების შემცირება უზრუნველყოფს.
ქრისტიან-დემოკრატთა მერობის კანდიდატის გათვლებს არარეალისტურად მიიჩნევენ ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელიც მოსახლეობისთვის გაზის ტარიფებს კანონით განსაზღვრული წესით ადგენს. კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ გაზის ამჟამინდელი ტარიფი რეალურ გათვლებს ემყარება და მისი შემცირება, თუნდაც თეთრის მეათასედით, შეუძლებელია. კომისია ტარიფის დადგენისას შემდეგ კომპონენტებს ითვალისწინებს - გაზის წარმოების ფასს, მიმწოდებელი და გამანაწილებელი კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, და მოგებას. გურამ ჩალაგაშვილის განმარტებით, ამჟამად დაწესებულ ტარიფში გათვალისწინებულია ყველა ის კომპონენტი, რომელიც ამ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს ფუნქციონირებისთვის სჭირდება, მოგება კი მინიმუმამდეა დაყვანილი. აქ იკვეთება ერთი პრობლემაც - თუ ტარიფი წაგებიანი იქნა კერძო მფლობელისთვის, მას, ბუნებრივია, აღარც ენერგოკომპანიის მართვა მოუნდება და მით უმეტეს, ფულის დაბანდება კომპანიის შემდგომ განვითარებაში.
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არსებულ ხელშეკრულებას ბოლომდე ვერ იყენებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უარყოფენ. აქ ამბობენ, რომ ბაქო-თბილისი-ერზრუმისა და სომხეთ-რუსეთის მილსადენებიდან გაზს სწორედაც რომ ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე ვიღებთ - ნაწილობრივ უფასოდ და ნაწილობრივ ფიქსირებულ ფასად. კორპორაციაში ციფრების დასახელებისაგან თავს იკავებენ, რადგან კონტრაქტი კომერციულია და არ აქვთ უფლება მის დეტალებზე ისაუბრონ. თუმცა, ამბობენ, რომ შეღავათიანი ტარიფით თან ახლავს პირობები - საოპერაციო ხარჯების, გაზის კალორიულობის, დოლარის კურსის გათვალისწინების მოთხოვნა - რომლებიც ტარიფს მაღლა სწევს.
გია ჭანტურიას საარჩევნო დაპირებებში შესული გაზსაცავის მშენებლობის იდეა კი, როგორც ცნობილია, დღეს უკვე განხორციელების საწყის ეტაპებს გადის. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა წინასაპროექტო შესწავლები, ამ მიზნისთვის შეირჩა ნინოწმინდის საბადო და თანხების მოძიების პროცესიც დაიწყო.
რაც შეეხება წყალს, საქართველოს წყლის საკმარისი მარაგი აქვს, მაგრამ მის სასმელად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანას და მომხმარებლამდე მიტანას რესურსები სჭირდება - იქნება ეს ტექნიკური თუ ადამიანური. გია ჭანტურიას თქმით, ამის ფინანსურ უზრუნველყოფას მერია აიღებს თავზე. თანხები მერიის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მოსახლეობისგან აკრეფილი გადასახადებით ივსება. ასე რომ „უფასო” წყალს მოსახლეობა ისევ საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხების ხარჯზე მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ 20 აპრილს საქართველოს პარლამენტში გია ჭანტურიას განცხადებები პოპულიზმად და აბსურდად შეაფასეს და გაიხსენეს, „თუ რა დღეში იყო ენერგეტიკა”, როცა ნავთობის კორპორაციას გია ჭანტურია ხელმძღვანელობდა, ქრისტიან-დემოკრატთა წინასაარჩევნო პროგრამის აქტიური და სიღრმისეული კრიტიკა დღემდე, პრაქტიკულად, არ ისმის საქართველოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, გია ჭანტურიას წინასაარჩევნო აქტივობის კიდევ ერთი მახასიათებელი იყოს: საქართველოს მთავარი ქალაქის მერობის კანდიდატი, ყველა სხვა ოპოზიციონერი კონკურენტისგან განსხვავებით, ადგილობრივი არჩევნების წინ, ხელისუფლების რადიკალურ ცვლილებასა და მომავალ საპრეზიდენტო პოლიტიკურ ამბიციებზე არ საუბრობს. ალბათ ამიტომაც, მის რეალურ პოლიტიკურ წარსულს დღეს აქტიურად არც თავად ქრისტიან-დემოკრატები და არც პოლიტიკური ოპონენტები იხსენებენ. მაგალითად, არ საუბრობენ იმაზე, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს გია ჭანტურია პოლიტიკურ კულუარებში და მედიაშიც საკმაოდ ხშირად სახელდებოდა შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრედ. ჭანტურიას გვარს დღეს ვერც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა შორის ამოიკითხავთ, მაშინ, როცა 2006 წლამდე ქართული მედია, მაგალითად, civil.ge სწორედ ამ სიაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჭანტურია შევარდნაძისდროინდელი სხვა რამდენიმე ჩინოვნიკის მსგავსად, იძებნებოდა.
დღეს თავად გია ჭანტურია ამბობს, რომ საქართველო 2004 წელს საკუთარი ნებით დატოვა და 2007 წელს ქვეყანას დაუბრუნდა როგორც მეურნე. თავისი წარსული მოღვაწეობის მთავარ მიღწევად კი მიიჩნევს საქართველოში სამხრეთკავკასიური ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტთა განხორციელებას.
მერობის კანდიდატი აქვე ამბობს, რომ ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დაუშვია, მაგრამ ვინაიდან თავს პოლიტიკოსად არ თვლის, ამ შეცდომებით ქვეყანა არ დაუზარალებია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები