რა პერსპექტივა აქვს ფედერალიზმს საქართველოში

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 9 მარტს განაცხადა, რომ საქართველო „კავკასიის შვეიცარია” იქნება. ამით სააკაშვილმა მომავალი საქართველოს - სტაბილური, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის - მისეული ხედვა გამოხატა.
მთების, შოკოლადის, ფინანსებისა და ნეიტრალიტეტის გარდა, შვეიცარია ცნობილია ფედერალიზმის ხანგრძლივი ტრადიციითაც. მრავალეთნიკური ქვეყანა დაყოფილია 26 კანტონად (რეგიონად), რომლებიც ფედერალურ სახელმწიფოსთან სუვერენიტეტს იყოფენ. შვეიცარიის თითოეულ კანტონს ფართო უფლებამოსილება აქვს და შეუძლია თავად განსაზღვროს დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, ჯანდაცვის, ეკონომიკური და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებული მმართველობის ფორმამ (თვით ფედერალური გერმანიაც კი არ ანიჭებს ასეთ ძალაუფლებას ადგილობრივ მთავრობებს) შვეიცარია კარგი მმართველობის, ეკონომიკური მოქნილობის და ძლიერი დამოუკიდებლობის მქონე სამაგალითო ქვეყნად აქცია. ალბათ, სწორედ ამ ტიპის ქვეყნის მშენებლობას გულისხმობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც შვეიცარია საქართველოსთვის მისაბაძ იდეალად შეარჩია.
ერთი შეხედვით, საქართველო დიდად განსხვავდება შვეიცარიისაგან. ზომით უფრო დიდია - ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, შვეიცარიაზე 30%-ით მეტი - მოსახლეობის რაოდენობა კი გაცილებით ნაკლებია; იგი შვეიცარიას ეკონომიკური განვითარებითა და პოლიტიკური სტაბილურობითაც ჩამორჩება (დღევანდელ საქართველოში ხელისუფლება ჯერ არ შეცვლილა მშვიდობიანად). სხვა თუ არაფერი, რუსული მილიტარიზმი საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია.
თუმცა, მსგავსებაც ბევრია: საქართველოც მთიანი ქვეყანაა და მისი მოსახლეობა ეთნიკური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. საქართველოს მსგავსად, შვეიცარიასაც დიდხანს ემუქრებოდა საფრთხე დიდი და აგრესიული მეზობლებისგან.
შვეიცარიის წარმატების ფორმულათა სახელმძღვანელოდან საქართველოს ერთი-ორი რამის სწავლა ნამდვილად შეუძლია. ცენტრში ძალაუფლების თავმოყრის ნაცვლად, შვეიცარიამ მოახერხა თავისი მრავალეთნიკური რეგიონების გაერთიანება ერთ სტრუქტურაში, რომელიც თანამედროვე ფედერალურ მთავრობად ჩამოყალიბდა.
განსხვავებულმა თემებმა საკუთარი უნიკალური ჩვეულებები და კულტურაც, შეინარჩუნეს და ძირითად ადგილობრივ საკითხებზე უშუალო კონტროლიც. კანტონებს შორის ძალაუფლების გადანაწილებამ ადგილობრივ მთავრობებს - პირდაპირი გზით არჩეულებსა და ადგილობრივ საჭიროებებსა და ინტერესებზე უკეთ მორგებულებს - საშუალება მისცა, შეემუშავებინათ რეალური პოლიტიკა, რომელმაც ხელი შეუწყო ქმედითუნარიანი სამოქალაქო საზოგადოებისა და მაღალკონკურენტული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას.
ასეთი სტრუქტურის საქართველოში შემოღების შემთხვევაში ის ძალაუფლება, რომელიც კონცენტრირებულია თბილისში, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაუნაწილდება. ახალი ფუნქციებითა და ვალდებულებებით აღჭურვილი რეგიონული მთავრობები ისეთ პოლიტიკას შეიმუშავებდნენ და იმ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურაში დააბანდებდნენ, რომელიც მაქსიმალურად დააჩქარებდა ეკონომიკურ განვითარებას.
ფედერალიზმი, ასევე, ერთგვარი დაცვაა ცენტრალური ხელისუფლების მიერ პოლიტიკის არასწორი დაგეგმვისა თუ ფინანსების არასწორი ხარჯვისაგან. რეგიონული სტრუქტურებისათვის ძალაუფლების დელეგირება ამცირებს არასწორი საჯარო პოლიტიკის მთელ ქვეყანაში გატარების რისკს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ალბათ, ის არის, რომ დაბალანსებული ფედერალური სისტემა დაანახებდა მთელ მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომ საქართველო სერიოზულად ეკიდება რეგიონებისათვის ძალაუფლების განაწილების საკითხს და რეგიონული ავტონომია თანამედროვე საქართველოს ფუნქციონირების განუყოფელი ელემენტია.
რა თქმა უნდა, ფედერალიზმი მყისიერად ვერ განვითარდება, ამას დრო სჭირდება. ეს პროცესი შეიძლება ბევრ წინააღმდეგობასაც წააწყდეს. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობა არის ის, რომ ბევრმა, შესაძლოა, ფედერალიზმი ბალკანიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასოს და მასში საქართველოს ქვესახელმწიფოებად დაყოფის საფრთხე დაინახოს - პროცესისა, რომელიც რუსეთის ჩარევით უკვე მიმდინარეობს. თუმცა, ფედერალური ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მოვლენების ასეთი განვითარება არ არის მოსალოდნელი, განსაკუთრებით ისეთი საუკუნოვანი ეროვნული ნარატივისა და ისტორიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
კიდევ ერთი მთავარი საზრუნავი ის სამუშაო იქნება, რომელიც ძალაუფლების და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის რეგიონული პარლამენტებისთვის გადაცემას ესაჭიროება. ეს მხოლოდ დაფინანსებით უზრუნველყოფას და პერსონალით დაკომპლექტებას არ გულისხმობს და მომზადებასა და გამოცდილებასაც მოითხოვს.
საკამათო შეიძლება გახდეს ისიც, რომ ფედერალიზმი შეაფერხებს გადაწყვეტილების მიღებას და გაართულებს დაგეგმვას ეროვნულ დონეზე. მეტიც, ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურების ზრდა კორუფციის საფრთხეს გაზრდის, რის თავიდან აცილებასაც ასე ცდილობს საქართველო. მიუხედავად ამ ფარული რისკებისა, ფედერალიზმი ის იდეაა, რომელიც ნამდვილად ღირს, რომ საქართველომ უფრო ღრმად შეისწავლოს.
მართალია, ფედერალური სისტემა არ იქნება ყველა პრობლემის იდეალური მოგვარების საშუალება, მაგრამ მისი პოტენციალის გაუთვალისწინებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა თვითმმართველობაში მონაწილეობის გაზრდაში, ალბათ, უდიდესი შესაძლებლობის დაკარგვა იქნებოდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები