1426 სახელმწიფო საწარმოდან რეალური მოგება მხოლოდ 15-ს მოაქვს

სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ამას უკვე არა მხოლოდ ექსპერტები, არამედ კონტროლის პალატის აუდიტიც ამბობს. მეორე მხრივ, სახელმწიფოს ხელში საწარმოების კონცენტრაცია ქვეყნის მიერ არჩეულ ლიბერალური ეკონომიკის კურსს ეწინააღმდეგება.
2008 წელს 1426 სახელმწიფო საწარმოდან მოგებიანი იყო მხოლოდ 317. საერთო მოგებამ 116.75 მილიონი ლარი შეადგინა. თავის მხრივ, მთლიანი მოგების 98.3% ამ 317 საწარმოდან მხოლოდ 15-ზე მოდის, დანარჩენი 302 საწარმოს საერთო მოგება კი მთლიანი მოგების მხოლოდ 1.7% ანუ 1.98 მილიონი ლარია.
595 საწარმო არამოგებიანია, ხოლო 506 საწარმოს მოგება/ზარალის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს საერთოდ არ გააჩნია. დარჩენილი 8 საწარმო შარშან შეიქმნა, შესაბამისად, 2008 წლის შემოწმებაში ვერ მოხვდა.
ეკონომიკის სამინისტრო აღიარებს, რომ საწარმოთა არამოგებიანობას არასწორი მენეჯმენტი განაპირობებს, რადგან სახელმწიფო საწარმოების უმრავლესობა ყოველთვის მთავრობის დოტაციებისა და სუბსიდიების იმედზე იყო. სამინისტროში ამ ფაქტს საწარმოში დასაქმებულთა დაბალი კვალიფიკაციით, მოძველებული ტექნიკითა და ტექნოლოგიებით ხსნიან.
ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო საწარმოების მართვის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის დეტალებისგან თავს იკავებს. სამინისტროს ახალი გეგმის თანახმად, მთავარი პრიორიტეტი საწარმოთა ოპტიმიზაციაა: თუ რომელიმე საწარმო რეალურად წაგებიანია, იგი უნდა გაკოტრდეს. გაკოტრების გარდა, სახელმწიფო აქცენტს საწარმოების გამსხვილებასა და ლიკვიდაციაზეც აკეთებს: 102 საწარმო უკვე გამსხვილდა, 111 საწარმოს გაერთიანება განიხილება, 89 საწარმო ლიკვიდაციის, 16 კი გაკოტრების რეჟიმშია.
თუმცა, მთავარ პრობლემას თავად სახელმწიფო საწარმოს მართვის ზედმეტად რეგულირებული სისტემა და ზედმეტი რგოლი - საწარმოთა მართვის სააგენტო ქმნის: სახელმწიფო საწარმოს მენეჯერი, კერძო კომპანიის მმართველთან შედარებით, შეზღუდულად მოქმედებს, რაც საბოლოო ჯამში საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება.
ეკონომიკის მინისტრის მიერ დანიშნული მენეჯერი ვალდებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოს შეუთანხმოს კომპანიის ბიუჯეტი და ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ; ჩააბაროს ანგარიში და ფინანსური ბალანსები გაწეული სამუშაოების თაობაზე; ასევე, უნდა დაემორჩილოს კანონს შესყიდვების შესახებ, რომელიც, სხვადასხვა წესითა და რეგულაციით, გადაწყვეტილების მიღების პროცესს კიდევ უფრო ართულებს და აჭიანურებს. ამას ემატება შემოწმება კონტროლის პალატის მიერ. შედეგად, სახელმწიფო საწარმოს მენეჯერი ეკონომიაზე, ხარისხიანი საქონლის ან მომსახურების შექმნაზე ფიქრის ნაცვლად, სუბორდინაციაზე და კონტროლის აუდიტების კითხვებზე ფიქრობს.
გამოსავალი თავისუფალი კონკურენციის წახალისებაშია. ეკონომისტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ როცა სახელმწიფოს აქვს წილი რომელიმე საწარმოში და ბაზარზე მსგავსი, მხოლოდ კერძო წილის მქონე საწარმოებიც არის, ეს ზღუდავს კონკურენციას, რადგან სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი საწარმოების სუბსიდირება, კერძო მეწარმეს კი - არა.
ამდენად, მსგავსი საწარმოები უნდა გაიყიდოს, უნდა მოხდეს მათი პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხების აკუმულირება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს თანხა ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებას მოხმარდეს: „საწარმოებმა უნდა იმუშაონ კერძო მეწარმეების ხელში.”
ეკონომისტებს, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის მასშტაბთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, მათ შორის, მოგებიანი საწარმოებიც, კერძო მესაკუთრეს უნდა ჩაბარდეს: კერძო კომპანიის მენეჯერი მოტივირებულია, რომ კონკურენციის პირობებში ახალი კლიენტები მოიძიოს, ახალ ბაზრებზე გავიდეს და მაქსიმალური მოგება მიიღოს, რაც საბოლოოდ, მოგების გადასახადის სახით, გაცილებით მეტ შემოსავალს ნიშნავს სახელმწიფოსთვის. ზოგიც მიიჩნევს, რომ სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა, მაგალითად, რკინიგზა ან ნავიგაცია, სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს, დანარჩენი კი უნდა გაიყიდოს.
ეკონომიკის სამინისტრომ შარშან 84 საწარმოს პრივატიზება შეძლო. ერთი ამდენის პრივატიზებას წელსაც გეგმავს და, შედეგად, 210 მილიონი ლარის მიღების იმედი აქვს: სამინისტრო აქცენტს არაეფექტურ და არარენტაბელურ სახელმწიფო საწარმოებზე გააკეთებს.
კონტროლის პალატა სახელმწიფოს საწარმოების ნაწილის პრივატიზაციას და ნაწილის მართვაში გაცემას ურჩევს.


 

კომენტარები