ახალი საავადმყოფოები არჩევანის თავისუფლების სანაცვლოდ

არასდროს მჯეროდა გენიალური და მარტივი სქემების. განსაკუთრებით ისეთების, ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას რომ გულისხმობს. ერთ-ერთი ასეთია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა.

საქართველოში, მთავრობის მონაცემებით, დაახლოებით 880 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა გარდა, ამ კატეგორიაში შედიან დევნილები, პედაგოგები და (რატომღაც) სახალხო არტისტები!

ადრე ამ ხალხის სამედიცინო დაზღვევას სახელმწიფო წელიწადში 180 ლარის ღირებულების ვაუჩერებით აფინანსებდა. ვაუჩერის მფლობელი თვითონ ირჩევდა სადაზღვევო კომპანიას და, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიებიც ამ კლიენტებისთვის კონკურირებდნენ.

ეს კონკურენცია მთავრობას ზედმეტად მწვავე მოეჩვენა, ეჭვი გაუჩნდა, რომ იმ 180 ლარის ნაწილს კომპანიები კორუფციული მეთოდებით კლიენტების მოზიდვისთვის ხარჯავდნენ (მაგალითად, ექიმების მოსყიდვაში). ამიტომ თამაშის წესების შეცვლა გადაწყვიტა: საქართველო დაყო 26 ე.წ. სამედიცინო რაიონად და აპირებს იქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პირდაპირ მიამაგროს შესაბამის რაიონში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიას, თან სამი წლით.

ეს სისტემა თავისთავად ცუდია, რამეთუ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სამედიცინო სერვისების სამომხმარებლო არჩევანის საშუალება ჩამოერთვათ. უარესს მას მთავრობის კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა ხდის – გამარჯვებულმა კომპანიებმა თავიანთ „სამედიცინო რაიონებში” ამ ხალხის სამკურნალოდ საავადმყოფოები უნდა ააშენონ – „ჩვენ ამდენ გარანტირებულ კლიენტს გაძლევთ და თქვენც რამე გაგვიკეთეთ” პრინციპით.

რატომ უარესი? ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ თუ აქამდე სადმე ახალი საავადმყოფოს გახსნა თავში არავის მოსვლია, ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ იქ საავადმყოფოს არსებობა ეკონომიურად წაგებიანია და ასეთ ადგილას „ძალით” შექმნილი სტაციონარი მფლობელისთვის, უბრალოდ, ფულის უაზრო ხარჯვა იქნება.

მომგებიანიც რომ იყოს, საავადმყოფოს აშენება, ფლობა ან მართვა სადაზღვევო კომპანიის საქმე არ არის. სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი ძალიან რთული ბიზნესია, სპეციალური ექსპერტიზა და გამოცდილება სჭირდება, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს არა აქვთ და არასდროს ჰქონიათ.

ასეც რომ არ იყოს, სახელმწიფო კლიენტურისგან მოზიდული პრემიის დიდი ნაწილი კომპანიებმა (მოთხოვნის თანახმად) საავადმყოფოებში უნდა დააბანდონ და ამას გააკეთებენ დაზღვეულთა მომსახურების გაიაფების ხარჯზე.
ზოგადად, „ნორმალური” კლიენტებისთვის საბაზო სამედიცინო დაზღვევის ფასი წელიწადში 300-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამასთან შედარებით სახელმწიფოს 180 ლარი უკვე ცოტაა. ამას კიდევ რომ საავადმყოფოების მშენებლობის ღირებულება დააკლდება, რაღა დარჩება? დარჩება ახალი საავადმყოფოები, სადაც მომსახურების ხარისხი იქნება ან საშინელი, ან საშინელზე ცოტა უკეთესი.  

კომენტარები