კრიზისი ღრმავდება

აზერბაიჯანმა გააუქმა ამერიკასთან ერთად მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ელდარ საბიროღლუმ არ ახსნა წვრთნების გაუქმების მიზეზი. ბაქოში ამერიკის საელჩომ კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ კითხვები აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უნდა დაუსვან. წლევანდელი სამხედრო წვრთნა „საშტაბო ტრენინგი კომპიუტერული მხარდაჭერით” გათვალისწინებული იყო ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სამხედრო შეთანხმებით. პირველი ანალოგიური ღონისძიება შარშან ჩატარდა სახელწოდებით - რეგიონული პასუხი 2009.
წვრთნების გაუქმება აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობების გაციების პირველი პრაქტიკული შედეგია. აშშ-ს პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში გააკრიტიკეს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა მრჩეველმა ალი ჰასანოვმა. 12-13 აპრილს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე არ მიუწვევიათ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, განსხვავებით თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და ყაზახეთის ლიდერებისგან. ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანს პირისპირ ესაუბრა.
აზერბაიჯანს ამერიკის პოლიტიკით უკმაყოფილების მიზეზი აქვს. აპრილში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მინსკის ჯგუფში ყარაბაღი მხარედ არის წარმოდგენილი. ბაქოს მწვავე რეაქციის შემდეგ, აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ტერი დევიდსონმა განაცხადა, რომ ამერიკას არ შეუცვლია საკუთარი დამოკიდებულება ყარაბაღის მიმართ, არ აღიარებს ყარაბაღის რესპუბლიკას და მოლაპარაკების პროცესში ნეიტრალურ მხარეს წარმოადგენს. აზერბაიჯანმა უარყოფითად აღიქვა მინსკის ჯგუფში ამერიკის წარმომადგენლის, მეთიუ ბრაიზას შეცვლა რობერტ ბრადტკეთი. პოლიტოლოგ რასიმ მუსაბეკოვის აზრით, ამით ამერიკამ მოლაპარაკებებში ინიციატივა რუსეთს დაუთმო. ამას გარდა, აშშ ეკონომიკურად ეხმარება სომხეთს, რომელსაც აზერბაიჯანი ოკუპანტად განიხილავს. მეორე მხრივ, კონგრესის 907-ე შესწორების მიხედვით, ამერიკას ეკრძალება აზერბაიჯანის ეკონომიკური დახმარება.
აზერბაიჯანი არ ეთანხმება აშშ-ს მიდგომას თურქეთ-სომხეთისა და აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების საკითხთა განცალკევების მიმართ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის არაზ აზიმოვის განცხადებით, ამერიკის პოლიტიკა - მოაწესრიგოს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები ყარაბაღის საკითხის გვერდის ავლით - არასწორია. ამერიკა ცდილობს აიძულოს თურქეთი, რომ უკანასკნელმა მოახდინოს სომხეთთან შარშან დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია საზღვრის გახსნის შესახებ. თურქეთმა, აზერბაიჯანის სოლიდარობის ნიშნად, საზღვარი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებისას დაკეტა. თურქული მხარე აცხადებს, რომ არ აპირებს ამ საკითხის განხილვას, სანამ ყარაბაღის საკითხი გაყინულია.
ამერიკას არ ჰყავს ელჩი აზერბაიჯანში. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს აზერბაიჯანის მიმართ ამერიკის ინტერესის სემცირებაზე. 2009 წლის ივლისიდან, ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უძღვება მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო ახალი ელჩის მივლინების საკითხი კვლავ გაურკვეველია.
აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებში გარკვეულ როლს თამაშობს თურქეთიც. რამდენიმე ხნის წინ ამერიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 1915 წლის თურქეთ-სომხეთის კონფლიქტის გენოციდად შეფასებაზე. საპასუხოდ, თურქეთმა საკუთარი ელჩი გამოიწვია ამერიკიდან კონსულტაციების საბაბით (ამ დროისთვის ელჩი დაბრუნდა ამერიკაში). ყოველი წლის 24 აპრილს, ამერიკის პრეზიდენტი სიტყვით გამოდის 1915 წლის მოვლენების შესახებ. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ უკვე იცის მომავალი გამოსვლის შინაარსი და ახალს არაფერს ელის.
ამერიკისა და თურქეთის პოლიტიკით უკმაყოფილება აზერბაიჯანს ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგებს. აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის მიყიდვაზე შეუთანხმდა რუსეთს და ირანს, ნაბუქოს პროექტი კი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზეა. 13 აპრილს, ბუქარესტში, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ახალი ენერგოპროექტის განხორციელების შესახებ. 5 მილიარდ ევროდ შეფასებული პროექტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან გაზი მივა შავი ზღვის საქართველოს ტერმინალებამდე, გათხევადდება და გადაიზიდება ტანკერებით ევროპაში, რუმინეთის გავლით. რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის ამ პროექტის მნიშვნელობას.
თურქეთის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო სტრატეგიული კვლევის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სედათ ლაჩინერის აზრით, ამერიკა კავკასიაში არასწორ პოლიტიკას ატარებს. მისი თქმით, ამერიკამ ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს სომხეთის პრობლემების მოგვარებას, რომელიც სამხედრო ბაზებისა და ეკონომიკური დამოკიდებულების გამო, რუსეთის გავლენის სფეროა. ამერიკას ხელიდან ეცლება თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის პროდასავლური ხაზი, რითაც კასპიის ზღვის ენერგორესურსებთან ერთად, კარგავს ცენტრალურ აზიაზე გავლენის გავრცელების შესაძლებლობას.



 

კომენტარები