სომეხთა გენოციდი - თურქეთის ევროპულობის საბუთი?

0 კომენტარი

2005 წლის სექტემბერში სტამბულში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ცნობილმა სომხური წარმოშობის თურქმა ჟურნალისტმა ჰრანტ დინკმა მითხრა: „ხომ იცით ჩემი აზრი სომეხთა გენოციდის შესახებ, მაგრამ თუკი ევროპაში კანონი დაავალდებულებს ყველას ამის აღიარებას, ხოლო უარყოფას დანაშაულად გამოაცხადებს, მე წავალ ევროპაში და საჯაროდ ვიტყვი, რომ გენოციდი არ ყოფილა”. ამ შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ დინკი მოკლეს. მოკლეს თურქმა ულტრანაციონალისტებმა, თუმცა ამ მკვლელობას სიამოვნებით მოაწერდა ხელს ზოგიერთი სომეხი ულტრანაციონალისტიც.

ამ ბოლო თვეებში დასავლეთის დემოკრატიების (აშშ-ს და შვედეთის) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების დღის წესრიგში კიდევ ორჯერ დადგა სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი. ორივე შემთხვევაში უმცირესი უპირატესობით გაიმარჯვა გენოციდის აღიარების ოფციამ, რასაც მოჰყვა აღმასრულებელი ხელისუფლებების (ობამას, რეინფელდტის) განცხადებები - თურქეთის მთავრობის დასაშოშმინებლად - რომ ისინი ემიჯნებიან თავიანთსავე კანონმდებლებს. მაგრამ ცუდი უკვე მოხდა: კენჭისყრებმა ოფიციალური ანკარისა და თურქეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსალოდნელი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვაშინგტონიდან და სტოკჰოლმიდან გამოითხოვეს თურქეთის ელჩები, დაიწყო ახლა უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური ლიტანიები თურქულ პრესასა და საჯარო პირების გამოსვლებში. როგორც მოსალოდენლი იყო, ევროპელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ნაწილმა სიამოვნებით მოიფშვნიტა ხელები: „აი, ხომ ვამბობდით, თურქები კვლავ ნაციონალიზმის ტყვეობაში არიან. ისინი არ არიან ევროპელები, ევროგაერთიანებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაც კი ნაადრევი იყო მათთან”, - აცხადებენ ისინი. მართალია, იგივე პოლიტიკოსები მიუთითებენ თურქეთის ჩამორჩენაზე ქალთა ემანსიპაციის საკითხში, ხარვეზებზე სამართალდამცავ და სხვა სფეროებში, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ასახელებენ თურქულ ნაციონალიზმს და მასთან დაკავშირებულ ან მისგან გამომდინარე ფაქტორებს: უმცირესობათა (პირველ რიგში ქურთების) უფლებების შელახვას; კანონებს, რომლითაც მკაცრად ისჯება „თურქობის” და ეროვნული სიმბოლოების შეურაცხყოფა (სისხლის სამართლის კოდექსის 301 მუხლს); კვიპროსის საკითხს და, რაღა თქმა უნდა, სომეხთა გენოციდის არაღიარებას.

არადა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ თურქული ნაციონალიზმი, მის რადიკალურ გამოვლინებაშიც კი, თურქეთის „ევროპულობის” არათუ ხელმყოფელი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი ნიშანია. მეტიც, ბევრს შეიძლება არგუმენტი პროვოკაციულად მოეჩვენოს, მაგრამ სომეხთა გენოციდი არის იმის მაგალითი, რომ თურქეთმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფეხი აუწყო ევროპულ პროცესებს: მოდერნიზაციას, სეკულარიზაციას, ნაციონალიზმს, ეროვნული სახელმწიფოს შექმნას მულტიეთნიკური საზოგადოების ხარჯზე დ.ა.შ. თურქული ნაციონალიზმი ბევრად განსხვავდება რუსული ნაციონალიზმისგან, რადგან ეს უკანასკნელი იმპერიული ხასიათისაა, იგი გაჯერებულია რელიგიური (მართლმადიდებლური) ან/და იდეოლოგიური (კომუნისტური) მესიანიზმით. თანამედროვე თურქული ნაციონალიზმი კი ანტიიმპერიულია, იგი ოსმალეთის იმპერიის იდეოლოგიური მტერი იყო და, ისტორიულად, რელიგიის (ისლამის და ხალიფატის) ალტერნატივაა და არა მისი მატარებელი. ამიტომაც, რუსული ნაციონალიზმი, ველიკორუსული შოვინიზმის მიუხედავად, უფრო ადვილად იტანს ეთნიკურ სიჭრელეს (მთავარია იმპერიის ერთგული იყო და იყავი თუნდაც ქართველი ან ყირგიზი, სტალინის მაგალითიც კმარა არგუმენტად), მაშინ, როცა თურქული ნაციონალიზმი, კლასიკური ევროპული ნაციონალიზმების მსგავსად არის უნიფორმიზატორული, მოითხოვს კულტურულ ჰომოგენიზაციას და ასიმილაციას. თურქეთი კლასიკური ოსმალეთის იმპერიული პაქტის ერთგული რომ დარჩენილიყო, სომეხთა გენოციდი არ მოხდებოდა - გენოციდი არის თურქეთის ევროპეიზაციის ერთ-ერთი ტრაგიკული გვერდითი ეფექტი.

საგულისხმოა, რომ თურქული ნაციონალიზმის მამებად მიჩნეული აღაოღლუ, აქჩურა და გოქალფი სწორედ ევროპაში, პარიზში განათლდნენ და წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ იქ. სწორედ ფრანგული რევოლუცია თუ გერმანული რომანტიზმი იქცა მათ იდეოლოგიურ საფუძვლად. „ახალგაზრდა თურქები” (პროგრესისა და ერთიანობის პარტიიდან - იტტიჰად ვე ტერაკკი ჯემიეთი), რომელთაც სცადეს თურქული ნაციონალიზმის აყვანა პოლიტიკის რანგში, თავად იყვნენ გატაცებულნი იტალიელი კარბონერების მაგალითით და ფრანგული რესპუბლიკანიზმით, კონსერვატორი სულთანი აბდულ-ჰამიდ II კი მათი მთავარი სამიზნე იყო. იტტიჰადისტების პანთურქისტული იდეებით გატაცებაც, რომელიც განსაკუთრებით 1913 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა ნათელი, ევროპაში მაშინ გავრცელებული ნაციონალისტური იდეების თურქული გამოძახილი იყო, მას წინ უსწრებდა პანგერმანიზმი, პანსლავიზმი და ა. შ.

1915 წელს სომეხთა (და აგრეთვე ასირიელთა) მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, ქურთი არარეგულარული ბანდების გარდა, გამოირჩეოდა ტეშკილათ-ი-მაჰსუსა – ოსმალურად, „განსაკუთრებული ორგანიზაცია”, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეცსამსახური იყო. აღსანიშნავია ის, რომ სპეცსამსახურები ოსმალეთში ბრიტანეთის ელჩის რეკომენდაციით შეიქმნა და პირველი მისი შეფი წარმოშობით გერმანელი იყო. იტტიჰადისტების ლიდერებიც - ე.წ. „სამი ფაშის” ტრიუმვირატის წევრები: ენვერ, თალათ და ჯემალ ფაშები, რომლებსაც ბრალად ედებათ სომეხთა გენოციდის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება - ევროპული ცივილიზაციისა და განათლების მქონე პირები იყვნენ. ენვერი, მაგალითად, იმპერიის თავდაცვის მინისტრი და ორი სახელმწიფო გადატრიალების ავტორი, რამდენიმე წელი ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში და პრუსიული სამხედრო სკოლის პროდუქტი გახლდათ. მაგალითების ჩამოთვლა თითქმის უსასრულოდ შეიძლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები