ადამიანი და ვულკანი

ვულკანური ლავა
14 აპრილს, ისლანდიაში, ეიაფიალაიოკულის (Eyjafjallajokull) მყინვარის ქვეშ ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა. მხურვალე მაგმის ყინულზე დაღვრამ წარმოქმნა ვულკანური ფერფლის ღრუბელი. ქარმა ღრუბელი მთელი ევროპის თავზე გაავრცელა. კონტინენტის მასშტაბით შეწყდა საჰაერო მიმოსვლა. მილიონობით მგზავრი შეფერხდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რამოდენიმე დღით.
ვულკანის ამოფრქვევას არ მოჰყოლია ისეთივე ადამიანური ტრაგედია, როგორიც, მაგალითად რამოდენიმე თვის წინ ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრას ან 2004 წლის ცუნამს. ეიაფიალაიოკულის ანცობამ სხვაგვარი ზარალი გამოიწვია. ისლანდიის ვულკანურმა ფერფლმა ეკონომიკურად მოღონიერებული ადამიანების გეგმები დამტვერა; მათი, ვინც ხშირად მოგზაურობს, სხვადასხვა ქვეყნებში უწევს საქმიანობის წარმართვა, ან უბრალო ტურისტების, ვისაც ევროპაში დასვენებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნია. თუმცა ნათელია, რომ ეს პატივცემული საზოგადოება უკეთ ეწყობა ბუნებრივ კატაკლიზმებს, პოულობს გამოსავალს: ავიაბილეთები იცვლება, იძებნება სათადარიგო მარშრუტები ან გრძელდება სასტუმროს ნომრებზე ჯავშანის ვადა. ადამიანისა და ვულკანის მარათონში იმარჯვებს თანამედროვე ჰომოსაპიენსი, მყისიერი ადაპტაციის უნარით.
მაგრამ არიან წაგებული ადამიანებიც. ნომრის დაჯავშნაზე გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება ისლანდიური ვულკანის ფერფლის ჩამოფერთხვას პოლიტიკური და ეკონომიკური ქსოვილებიდან.

ევროპული განგაშის ქრონიკა
ეიაფიალაიოკულის ამოფრქვევამ ევროპის ცა სახიფათო საფრენ ზონად აქცია. გამოსავალის ძიებაში, ევროკავშირის ოფიციალური პირები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ: შეეჩერებინათ საჰაერო მიმოსვლა ან წასულიყვნენ ავიაკატასტროფების რისკზე. ევროკონტოლის მონაცემები გარისკვის საბაბს ნამდვილად არ იძლეოდა: სააგენტო, რომელიც ევროპაში ყოველდღიურად 28 ათასზე მეტ ფრენას ზედამხედველობს, აცხადებდა - „ვულკანური ფერფლი თვითმფრინავის ძრავის მოქმედებას აფერხებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის კატასტროფა”. ავიაკომპანიებმა (KLM და Lufthansa) შეასრულეს საცდელი ფრენები მგზავრების გარეშე. ვულკანურ ფერფლს ხომალდები არ დაუზიანებია, მაგრამ ევროპელებმა მაინც სიფრთხილე არჩიეს და შეაჩერეს საჰაერო მიმოსვლა ხუთი დღით.
საჰაერო მიმოსვლის სრულიად შეჩერება გადამეტებული რეაქცია იყო ბრუსელის მხრიდან; გადაწყვეტილებები „მოტივირებული იყო შიშით და არა მეცნიერებით” - ამბობენ შუმანის ფონდში და ევროპის სხვა წამყვან ანალიტიკურ ცენტრებში. საერთოდ, ფუჭი განგაშები უცხო არ არის ევროპისათვის; მაგალითად, ე.წ. ქათმისა თუ ღორის გრიპების პანდემიის გამოცხადება მსგავსად ქაოტურ და მეცნიერულად დაუსაბუთებელ ვითარებაში მოხდა.
ძველ კონტინენტზე უკვე დიდი ხანია არსებობს კრიზისული სიტუაციების მართვის პრობლემა. ლისაბონის ხელშეკრულების ხელმოწერით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ, თეორიულად, თანხმობა განაცხადა ერთი პრეზიდენტის კოორდინაციის ქვეშ მოქცევაზე. თუმცა, სინამდვილეში თითოეული ევროპული სახელმწიფო კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებს. ეს ტრადიცია არც საჰაერო მიმოსვლის საკითხებზე უგულებელყვეს. ევროკონტოლმა, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, გვერდი აუარა გადაწყვეტილების მიღების მრავალიერარქიულ სისტემას და მთელი კონტინენტის საჰაერო სივრცე ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში დახურულად ცნო. ბიუროკრატიული მანქანა მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა საჰაერო გზების გახსნა. ბრუსელს დასჭირდა თითოეული წევრი სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრებთან კონსულტაცია, გაიმართა ვიდეოკონფერენციების სერია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა ფრენების აღდგენა. საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ დაუშვეს შეცდომა, როდესაც ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ არ მოახდინეს საჰაერო სივრცის ფრაგმენტაცია - მაღალი და დაბალი რისკის ზონებად.

ძველი და ახალი ევროპა
19 აპრილს, პოლონეთი და მთელი ცივილიზებული სამყარო პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და მის მეუღლეს ემშვიდობებოდა. კატინზე პირმოკრულ ნისლს, რამაც პოლონეთის პრეზიდენტი და ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა შეიწირა, მოჰყვა შავი ღრუბლების შეყრა პოლონეთის თავზე. კრაკოვში, საუკუნის დაკრძალვაზე ჩამსვლელთა სიის ნაცვლად, შედგა ნუსხა იმ პირებისა, რომლებიც არ დაესწრნენ სამგლოვიარო ცერემონიალს.
თავდაპირველად, პოლონეთში ვიზიტზე ხელი აიღეს შორეული ქვეყნების წარმომადგენლებმა - ინდოეთისა და მექსიკის პირველმა პირებმა. ამას პოლონელები გაგებით მოეკიდნენ. მოგვიანებით, ვიზიტი გააუქმა ევროკავშირის დელეგაციამ. შემდეგ, ბოდიში მოიხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და საბოლოო ჯამში - თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერმა.
გერმანელებმა დაკრძალვაზე ვერტმფრენით გაამგზავრეს ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ ანგელა მერკელი კრაკოვში არ ჩასულა. როგორც თავად აღნიშნა, ვოიაჟს 2 დღე დასჭირდებოდა. კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ავსტრიის პრეზიდენტი ჰანც ფიშერი. პოლონეთის მედიამ იგი დაანამუსა სიტყვებით - ავსტრიის პრეზიდენტს სულ რაღაც 4 საათი დაეკარგებოდა, აუჩქარებლად კრაკოვიდან შინ დასაბრუნებლადო. ყოველ ზამთარს ათასობით პოლონელი სტუმრობს გერმანიის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ იტალიის სამთო-სათხილამურო კურორტებს და მათ მშვენივრად იციან, თუ რა მანძილია ამ ქვეყნებიდან კრაკოვამდე.
რასაკვირველია იყვნენ დღის გმირებიც: რუმინეთის პრეზიდენტი კრაკოვში ავტომანქანით ჩავიდა. მატარებლით იმგზავრა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა, რის შემდეგაც საჯაროდ გააკრიტიკა ყველა „შატალოზე” წასული ევროპელი ლიდერი. რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, აშშ-ში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ვულკანურ ღრუბელს გვერდი აუარა და კრაკოვში პორტუგალიის, იტალიისა და თურქეთის გავლით ჩაფრინდა.
„ვაველში სიმბოლურად იყო წარმოდგენილი ევროპის ის ქვეყნები, რომელთა წარმომადგენელბს შეუძლიათ ერთმანეთს დაყრდნონ. ჩვენი ევროპა. ისლანდიურმა ფერფლმა კვლავ გაყო კონტინეტი ორად - ძველ და ახალ ევროპად” - ამას წერდა ჩეხური გამოცემა Lidove Noviny.
აღსანიშნავია, რომ სამგლოვიარო ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ რუსეთის, უკრაინისა და უნგრეთის პრეზიდენტები.

ფერფლი და ეკონომიკა
Ernst & Young-ის 16 აპრილის პროგნოზით, 2010 წელს ევროზონის ეკონომიკების საშუალო წლიური ზრდა 1% უნდა ყოფილიყო. ევროპის ცაში მიმოფანტულმა ისლანდიური ვულკანის ფერფლმა შესაძლოა ევროპისთვის ეს მცირედ, მაგრამ მაინც დამაიმედებელი პროგოზი შეცვალოს. 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ისედაც ძლიერი დარტყმა მიაყენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომელთა უმეტესობამ ნულოვანი ან უარყოფითი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
ევროპის საჰაერო სივრცის 5 დღიანმა ბლოკადამ ყველაზე მეტად საავიაციო ბიზნესი დააზარალა. 7 მილიონამდე მგზავრი დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა. ავიაკომპანიები დღეში საშუალოდ 150 მილიონ ევროზე მეტს ჰკარგავდნენ. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის გაანგარიშებით, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ზარალმა ჯამში 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა. შედარებისთვის, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ამერიკამ საჰაერო სივრცე 3 დღით ჩაკეტა. აშშ-ს 650 მილიონი დოლარი დაუჯდა თავდაცვის ეს ზომა. შექმნილი მდგომარეობა ევროპაში კი იმდენად რთულია, რომ მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, არ გამორიცხა ავიაკომპანიებისთვის სახელმწიფოსგან სუბსიდიების გაცემა.
ავიაგადამზიდებთან ერთად, რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ ტურისტული კომპანიებიც. სექტორის ლიდერების (First Choice და Thomson) ყოველდღიურმა ზარალმა 5-7 მილიონ ევროს გადააჭარბა.
ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეულმა ცვლილებებმა ნაკლები გავლენა მოახდინა ექსპორტ-იმპორტის სექტორზე. საერთაშორისო ვაჭრობა უმეტესწილად სახმელეთო (სარკინიგზო) და საზღვაო გადაზიდვებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საავიაციო გადაზიდვები ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
ალტერნატიული გზების ძიებაში, საგრძნობლად გამოცოცხლდა ეკონომიკური აქტივობა ტრანსპორტის სხვა საშუალებებში. სარკინიგზო კომპანია Eurostar-მა მგზავრთა მოზღვავება იგრძნო. ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში გაიზარდა მოთხოვნა ბორანით მგზავრობაზე.
თუ მომავალში ისლანდიური ვულკანის მოქმედება კვლავ არ გამოიწვევს საერთო ევროპულ საავიაციო კოლაფსს, მოკლე ვადიანი ეკონომიკური ეფექტი არც თუ ისე სავალალო იქნება. თუმცა, ისტორიას ახსოვს ვულკანი ეიაფიალაიოკულის ამოფრქვევის სამი შემთხვევა, აქედან უკანასკნელი,1820-იან წლებში, 13 თვის მანძილზე გრძელდებოდა.
ვულკანი ტერორი არაა. ვულკანი ფორს-მაჟორია - გადაულახავი დაბრკოლება, რომელიც კონკრეტულ დამნაშავეს არ მოიაზრებს. ვულკანის ამოფრქვევის დროს არ იგრძნობა დამამცირებელი უძლურება. ბუნება ღირსეული მეტოქეა და მის წინაშე მუხლის მოდრეკა სამარცხვინო სულაც არაა. ადამიანებმა, გარკვეულწილად მოვახერხეთ მისი დაპყრობა, მაგრამ არა სრულიად, არა ყველგან, არა ყოველთვის და არა ხანგრძლივად. თუცმა, იქნებ ეს არც თუ ისე ცუდია. იქნებ ისევ ბუნება გვახსენებს, რომ ადამიანებიც მისი ნაწილი ვართ. გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ მასზე სრულყოფილ მანქანებს ვერ მოვიგონებთ.
თანაც ამბობენ, განსაცდელი მეგობრობის საუკეთესო გამომცდელიაო.



 

 

კომენტარები