კეთილდღეობაზე გაცვლილი თავისუფლება

ხელჩართული ჩხუბი უკრაინის რადაში
2042 წელს, როცა ვლადიმირ პუტინი 90 წლის იუბილეს იზეიმებს, ვიქტორ იანუკოვიჩი 92 წლის იქნება, დმიტრი მედვედევი კი - 77-ის, რუსეთი და უკრაინა კიდევ ერთხელ გადახედავენ ყირიმში რუსეთის ფლოტის დარჩენის ვადებს.
32 წლის შემდეგ მთლიანად განახლდება ფლოტის დღევანდელი კონტინგენტი და ინფრასტრუქტურა, ან არ განახლდება და მეზღვაურები პირველივე რეიდზე ჩაიძირებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც ამ საკითხს მიანიჭა უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებამ, გაბერილი და რაციონალურობას მოკლებულია. შავი ზღვის ფლოტისთვის ყირიმში დისლოცირების ვადის გაგრძელებას მეტწილად სიმბოლური ხასიათი აქვს. რას გამოხატავს ეს სიმბოლო? რომ სევასტოპოლის ბაზა ყოველთვის იქნება რუსული. ვადები აქ არაფერ შუაშია. ვადები უბრალო ფორმალობაა. ვადების გარეშე დაირღვეოდა უკრაინის კონსტიტუცია.
ხელშეკრულება უკრაინის რადაში 27 აპრილს რატიფიცირდა. გაზის საფასურის შემცირების სანაცვლოდ, რუსული ფლოტი სევასტოპოლში დარჩება. რუსულ ფლოტს სევასტოპოლში ყოფნის იჯარა 25 წლით გაუგრძელდა. ამას შეიძლება დაემატოს კიდევ 5 წელი, ვიდრე დაზუსტდება ვადის ათვლის წერტილი. უკრაინა რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს. ამასთან, რუსეთისთვის გაიზრდება იჯარის ფასიც იმ თანხის გათვალისწინებით, რომელიც გამოთავისუფლდება გაზზე ფასის დაწევის შემდეგ (დღეს იჯარა წელიწადში 98 მილიონი დოლარია).
ხელშეკრულების რატიფიცირებას წინ უძღოდა ნამდვილი სპექტაკლი რადაში. სხდომათა დარბაზი რეგიონების პარტიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ ჩახერგეს. როცა სპიკერმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, ოპოზიციის დეპუტატებმა მას კვერცხები დაუშინეს. ვლადიმირ ლიტვინმა ქოლგა გაშალა მოულოდნელი წვიმისგან თავის დასაცავად. ცემა-ტყეპაზე გადასული დეპუტატების დასაშოშმინებლად დარბაზში კვამლი გაუშვეს.
სამაგიეროდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში იგივე ხელშეკრულების რატიფიცირება შესაშური ერთსულოვნებით წარიმართა. უკრაინაში კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში, რუსეთის სათათბიროს 410 დეპუტატმა, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, ერთხმად დაუჭირა მხარი შავი ზღვის ფლოტის უკრაინაში დარჩენას.
რუსი პარლამენტარების ერთსულოვნება კენჭისყრის პროცესში რუსეთში პოლიტიკური კონკურენციის არარსებობაზე მიუთითებს. ამ უკანასკნელთან თითქოს სრულ კონტრასტს ქმნის უკრაინის რადაში გამართული კვერცხების სროლა, მუშტი-კრივი და კვამლის ჭურვები, თუმცა, ამგვარი გახელებაც უკრაინის პოლიტიკური წრეების უუნარობის საზარელი ანარეკლია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მათ ვერ შეძლეს განევითარებინათ დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატია. 1991 წლიდან მოყოლებული, უკრაინამ ვერ განახორციელა საჭირო რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალურ სფეროში; ვერ განავითარა ფუნქციონალური სამართლებრივი სისტემა და არც პოლიტიკური დებატების კულტურა ჩამოაყალიბა. თუ რუსი პოლიტიკოსები საკუთარ ქვეყანას ძლიერი სახელმწიფოს იმიტაციით ანგრევენ, უკრაინელები იგივეს დემოკრატიის იმიტირებით ახერხებენ.
უკრაინის რეგიონებშიც აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა. ქვეყნის დასავლეთში, მაგალითად, ლვოვისა და ტერნოპოლის მხარეებში, მოსახლეობა პრეზიდენტ იანუკოვიჩის იმპიჩმენტს ითხოვს, ვინაიდან, მათი აზრით, პრეზიდენტმა დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთების განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე. განსხვავებული ვითარებაა სამხრეთ-აღმოსავლეთში: დონეცკის რეგიონში, სადაც ეკონომიკა მკვეთრადაა დამოკიდებული იაფ გაზზე, ხელშეკრულებას ქვეყნის წარმატებად თვლიან.
მეიდანი უკვე ემზადება ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებისთვის. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხალხს მოუწოდა, 11 მაისიდან საპროტესტო აქციები განაახლონ. უწინ მეტოქეებმა იულია ტიმოშენკომ და ვიქტორ იუშენკომ მოახერხეს რუსეთ-უკრაინის შეთანხმების ირგვლივ დემოკრატიული ძალებისა და უკრაინის ინტელიგენციის კონსოლიდაცია. ეს ჯგუფი ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების მოთხოვნას წამოაყენებს.
ოპოზიცია პრეზიდენტ იანუკოვიჩს ეროვნული ინტერესების ღალატსა და კაპიტულაციაში სდებს ბრალს. თუმცა პრობლემის არსი მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება არ არის. უკრაინამ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა თავისი ეკონომიკის გარდაქმნა ისე, რომ არ ყოფილიყო ენერგეტიკულად და, შესაბამისად, ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი უკრაინას ყველაზე მძიმედ დააწვა. 2009 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი კატასტროფულად,14-16%-ით დაეცა, წარმოება 23-25%-მდე შემცირდა, უმუშევრობა 10%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაციამ 16.5%-ს მიაღწია. 2008-2009 წლებში ბიუჯეტის შესავსებად უკრაინის მთავრობას მოუხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 16.5 მილიარდი დოლარის სესხება. რუსეთთან „დამეგობრების” შემდეგ გაზზე დაწეული ტარიფით უკრაინა წელიწადში 3-4 მილიარდ დოლარს დაზოგავს. ეს დანაზოგი მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ეკონომიკის გადასარჩენად.
ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უკრაინის მისწრაფება - გამხდარიყო ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი - მეზობელი რუსეთის მტრულ პოლიტიკას აძლიერებდა. რუსეთმა ჩვეულ ხერხს მიმართა - ენერგორესურსების გამოყენებით უკრაინის (და არა მხოლოდ უკრაინის) შანტაჟირებას. იგი ეტაპობრივად ზრდიდა გაზის საფასურს. 2009 წლის იანვარში რუსეთმა დავალიანების გამო უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა ორი კვირის გამავლობაში და, მასთან ერთად, ნახევარი ევროპაც ზამთრის სუსხის პირისპირ დატოვა. 2010 წლისთვის რუსეთის სადამსჯელო ტარიფმა ათას კუბურ მეტრზე 330 აშშ დოლარს მიაღწია. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკა და უნგრეთი, რომელთათვისაც ტრანსპორტირების საფასური გაცილებით მაღალია, იგივე ათას კუბურ მეტრში 300 დოლარს იხდიან.
ახლა უკრაინა ათას კუბურ მეტრში 230 დოლარს გადაიხდის, რაც, ექსპერტების აზრით, ახლოსაა იმ საბაზრო ღირებულებასთან, რომელიც უკრაინას თავიდანვე უნდა გადაეხადა. უკრაინას შეეძლო ფასდაკლების პირობებზე მოლაპარაკება დამატებითი დათმობების გარეშე. ის ფლობს იმ გაზსადენს, რომლითაც რუსეთი ევროპას ამარაგებს, მაგრამ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ უკრაინამ რუსეთთან კეთილმეზობლური კურსი არჩია. ამ „სიამტკბილობაში” მას, სულ მცირე, ხუთი წელი მოუწევს ცხოვრება. ან უფრო დიდხანს. პუტინი პუტინია, რა მნიშვნელობა აქვს, 58 წლის იქნება თუ 98-ის.


 

კომენტარები