სკანდალური დეპუტატის მორიგი გამოხტომა

დევიდ უილშაერი
გასულ კვირას სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია პოლიტიკური სკანდალის ფონზე წარიმართა. პარლამენტარებს კენჭი არ უყრიათ რეზოლუციისთვის, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე.
პროცესი დაიბლოკა დევიდ უილშაერის საქციელის გამო - ასამბლეის მორიგი სესიის დაწყებამდე, 20 აპრილს, დევიდ უილშაერი საპარლამენტო ასამბლეისგან მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით შეხვდა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელს მოსკოვში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საელჩოში”. ამან საქართველოს მხარის მწვავე პროტესტი გამოიწვია.
საგულისხმოა, რომ ბატონი უილშაერი ე.წ. საელჩოს მოსკოვში მას მერე ეწვია, რაც ოკუპანტებმა და მარიონეტულმა რეჟიმმა უარი განაცხადეს ორი თანამომხსენებლის შეშვებაზე ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათიას ეორშის და დევის უილშაირს ცხინვალში ვიზიტი ზემოხსენებული დოკუმენტის მოსამზადებლად სჭირდებოდათ. თანამომხსენებლებისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრას ოკუპირებულ ცხინვალში თბილისი არ შეწინააღმდეგებია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „მტკიცე პროტესტი” სწორედ ბატონი უილშაერის მიერ შეხვედრისათვის შერჩეული ადგილითა და მოსაუბრის არალეგიტიმური „ელჩის” სტატუსით იყო განპირობებული.
საგარეო უწყების განცხადებით, ეს ქმედება საზიანოა ევროპის საბჭოს საერთაშორისო პრესტიჟისათვის, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, ისევე, როგორც ორგანიზაციის წესდებასა და რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მის მიერვე მიღებულ რეზოლუციებში ჩამოყალიბებულ პოზიციას. თბილისმა ამ საკითხზე განმარტებები მოითხოვა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებისგან.
საქართველოს პროტესტის შემდეგ, ასამბლეის სასესიო კვირის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 25 აპრილს, კვირას, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა დაინიშნა. სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, რომლის მომზადების პროცესშიც ჩართული იქნება ბატონი უილშაერი, საქართველოსთვის მიუღებელია. მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ასევე განემარტათ, რომ უარყოფითი პოზიცია რეზოლუციის მიღებაზე განპირობებულია არა წარმოდგენილი პროექტების შინაარსობრივი დატვირთვით, არამედ დევიდ უილშაერის ქმედებით. სხდომაზე საქართველოს წარმომადგენელთა არგუმენტები სრულად გაიზიარეს. გადაწყდა, რომ დევიდ უილშაერის ვიზიტი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო, ამიტომ საპარლამენტო სესიაზე რეზოლუციის ტექსტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.
დევიდ უილშაერის რეპუტაცია მსჯელობის საგანი მხოლოდ გასულ კვირას არ გამხდარა. 2008 წელს ინგლისური გაზეთი „გარდიანი” წერდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან, დევიდ უილშაერი, „დაჟინებით ლობირებდა მიხაილ მარგელოვის კანდიდატურას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მარგელოვი ცნობილია, როგორც პუტინის პოლიტიკის მომხრე და კაგებეში უცხო ენების ყოფილი მასწავლებელი”.
2009 წელს გამოაშკარავდა დევიდ უილშაერის მონაწილეობა დიდ ბრიტანეთში აგორებულ ფინანსურ სკანდალში. მაშინ რამდენიმე კანონმდებელი ამხილეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, რასაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერის - მაიკლ მარტინის - გადადგომა მოჰყვა.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, დევიდ უილშაერმა, კორუფციული სქემის გამოყენებით, სამი წლის განმავლობაში 105 500 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა საკუთარ კომპანიას, რომელიც მეგობარ ქალთან ერთად დააფუძნა თავისივე ოფისის მომსახურებისათვის. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წესები უკრძალავს პარლამენტარს ისეთი გარიგებას, რომელმაც შეიძლება საჯარო თანხებით მოგების მიღების ეჭვი გააჩინოს. თავდაპირველად დევიდ უილშაერი ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ბოლოს აღიარა და განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებზე კენჭს აღარ იყრიდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუდ ჩავუშოღლუმ მოსკოვის ამ შეხვედრას უილშაერის პირადი ინიციატივა უწოდა. „ამ საკითხში ევროპის საბჭოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია მკაფიოა: ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტს”.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის წევრმა და თანამომხსენებელმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე, მათიას ეორშიმ, დევიდ უილშაერის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოში მისვლა შეცდომად შეაფასა. „მას სერიოზული შეცდომა მოუვიდა. დე-ფაქტო ქვეყნის ოფისში მისვლა საქართველოსა და ევროპის საბჭოს წინააღმდეგ პროვოკაცია იყო”.
რადიკალური ცვლილება არც დებატებში შეიმჩნეოდა, თუ არ ჩავთვლით რუს დეპუტატებს და დევიდ უილშაერს, გამომსვლელთა აბსოლუტური უმრავლესობა კვლავაც ხაზს უსვამდა უკვე მიღებული რეზოლუციების შესრულების აუცილებლობას და აღნიშნავდა, რომ მაშინ, როდესაც საქართველომ შეასრულა წინა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა უმრავლესობა, რუსეთს მათგან არც ერთი არ შეუსრულებია.
2008 წლის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სამი რეზოლუცია მიიღო ომის შედეგებთან დაკავშირებით. სამივე რეზოლუცია მიუკერძოებლად ასახავს მათი მიღებისას არსებულ მდგომარეობას და, ამასთან, ადგენს კონკრეტულ რეკომენდაციებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ. სულ ახლახან ევროპის საბჭოს „ვენეციის კომისიამ” მოიწონა საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს შესასრულებელი დარჩა ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პაკეტური ნაღმების ამკრძალავ კონვენციასთან მიერთებას. შარშან სექტემბერში მიღებული ბოლო რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებდა 2009 წლის ბოლომდე შეესრულებინა ასამბლეის 2009 წლის იანვრისა და 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები. თუმცა, რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია ასამბლეის მოთხოვნები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობდა ორი ოკუპირებული რეგიონის უკანონო და ცალმხრივი აღიარების გამოთხოვას, ჯარების გაყვანას 2008 წლის აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე და ლტოლვილთა და ადგილნაცვალთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

 
 

 

კომენტარები