აგრესია და ტალიავინის ლოგიკა

ჰაიდი ტალიავინი
აგრესიის განსაზღვრება

გაეროს 3314-ე რეზოლუცა
მუხლი 3:
მიუხედავად იმისა, გამოცხადებულია თუ არა ომი, ნებისმიერი ქვემოჩამოთვლილი ქმედება კვალიფიცირებული უნდა იქნეს როგორც აგრესიის აქტი:
• ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალების შეჭრა ან თავდასხმა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი შეჭრის ან თავდასხმის შედეგია, ან მეორე ქვეყნის ტერიტორიის მთლიანი ან ნაწილობრივი ანექსია ძალის გამოყენებით;
• ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალების მიერ მეორე ქვეყნის სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებზე ანდა საზღვაო და საჰაერო ფლოტებზე თავდასხმა;
• ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასთან შეთანხმების საფუძველზე მყოფი სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების გამოყენება შეთანხმების პირობების დარღვევით, ანდა ამ ტერიტორიაზე მათი ყოფნის გახანგრძლივება შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ;
• ერთი სახელმწიფოს მიერ, ან მისი სახელით, შეიარაღებული ბანდ-ფორმირებების, მოხალისეების და დაქირავებულების გაგზავნა მეორე სახელმწიფოში და მათ მიერ ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთი სამხედრო ქმედებების განხორციელება, რომლებიც სიმძიმით უტოლდება ზემოჩამოთვლილ ქმედებებს, ანდა პირველი


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო - რუსეთის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ორსაათიანი დებატები ამ თემაზე 28 აპრილს გაიმართა, მას შემდეგ, რაც ჰაიდი ტალიავინიმ რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი ჯგუფის ანგარიში წარუდგინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. შვეიცარიელ დიპლომატს ახალი არაფერი უთქვამს. მან მიმოიხილა ანგარიში, რომელშიც ფაქტები ძირითადად სწორად არის გადმოცემული, და ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს, რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის გადაანაწილა. ქალბატონ ტალიავინის არც ამჯერად ეყო პოლიტიკური გამბედაობა რუსეთის ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის თავისი სახელი დაერქმია და აგრესია და ინტერვენცია ეწოდებინა.
საპარლამენტო ასამბლეაზე ჰაიდი ტალიავინიმ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან „მასობრივი სამხედრო შეჭრა” არ ყოფილა, მან ასევე აღნიშნა რომ ომი საქართველომ გამოიწვია. თუმცა, მისივე თაოსნობით მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ რუსული არმის რეგულარული ნაწილი და გასამხედროებული შენაერთები აგვისტოსთვის უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. საინტერესოა, რამდენად „მასობრივი” უნდა ყოფილიყო რუსული სამხედრო ძალების ყოფნა - ანუ რამდენი ჯარისკაცი, ტანკი, ვერტმფრენი და ა.შ. უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ეს ფაქტი ინტერვენციად და სუვერენიტეტის დარღვევად ჩათვლილიყო და საქართველოს გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლით მინიჭებული, თავდაცვის უფლება?









 

 

 

 

კომენტარები