„მოვდივარ საქმით” - პოლიტიკური არჩევანი „საქმის” სასარგებლოდ

0 კომენტარი

„მე არც ერთი ხელისუფლების დონორი არ ვყოფილვარ. ბიზნესმა ქვეყნის სალარო უნდა შეავსოს. მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ეს მერობის კანდიდატის გოგი თოფაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო გზავნილია.
„ქვეყნის სალაროსთან” გოგი თოფაძეს, რეალურად, ყოველთვის პრობლემები ჰქონდა. ედუარდ შევარდნაძის მიერ ტრიბუნიდან ნათქვამი ფრაზა - „შენც, ჩემო გოგი, და ყველამ, ეს მილიონები უნდა დაყაჭოთ” - რომელიც მერობის ამჟამინდელ კანდიდატს სარეკლამო რგოლში აქვს გამოყენებული, სწორედ - საბიუჯეტო გადასახადების დავალიანებას ეხებოდა. საბიუჯეტო დავა ბიზნესმენს ამჟამინდელ ხელისუფლებასთანაც აქვს - მან უარი თქვა საგადასახადო შემოწმების შემდეგ დარიცხული 3 მილიონი ლარის გადახდაზე და საურავებით გადასახდელი თანხა 7 მილიონამდეც გაიზარდა.
სხვათა შორის, სწორედ ამას მოჰყვა საუბრები იმაზე, რომ გოგი თოფაძე საკუთარ ბიზნესს ყაზახეთსა თუ უკრაინაში გადაიტანდა. თავად თოფაძემ კი ეს საუბრები უარყო და თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა - „ცოდვა არაა ასეთი ქალაქიდან ხალხი გააქციო. თბილისელები აქ უნდა დავასაქმოთ”, - თბილისში „თვითდასაქმების” მცდელობით დაიწყო ბიზნესმენმა. დღემდე გამოქვეყნებული რეიტინგები და ამ რეიტინგებში 5 პროცენტამდე მხარდაჭერა თოფაძეს და მის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” საკრებულოში მოსვლის წინაპირობას უქმნის. ცხადია, თოფაძის გარეშე - იგი, სავარაუდოდ, ტრადიციისამებრ, წარმომადგენლობით ორგანოში პარტიას „დატოვებს”, თავად კი ბიზნესის მართვას გააგრძელებს.
ხმაურიანი ბიზნესმენის პოლიტიკური წარმატების გასაღების ძიებისას ბევრს ახსენდება „პროტექციონისტული” პოზიცია, რომელსაც ბიზნესმენი თოფაძე თანაბარი წარმატებით იყენებდა - და დღესაც იყენებს - საკუთარი საქმის ლობირებისა და საქართველოს მოსახლეობის ნაციონალისტურ გრძნობებზე სათამაშოდ.
90-იან წლებში სწორედ იგი გახლდათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „რისხვა”. სწორედ ის მოითხოვდა მაღალი გადასახადების დაწესებას იმპორტირებულ პროდუქციაზე და უარის თქმას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მოკლედ, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის დროშით, „უცხოელების ექსპანსიის” წინააღმდეგაც იბრძოდა. ეს ბრძოლა ისე შორს წავიდა, რომ გოგი თოფაძემ საკუთარ ბიზნესში შემოყვანილი უცხოელი (ფრანგი) პარტნიორის „მშრალზე დასმაც” მშვენივრად მოახერხა. თუ ზოგისთვის ეს იყო ბრძოლა კონკურენტების ჩამოსაშორებლად და უხარისხო ლუდის გასაყიდად, სხვისთვის ეს ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენისთვის შრომის ნიშანი გახლდათ. პოსტსაბჭოთა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დღესაც მისტირის 37-ლარიან ბილეთს მოსკოვამდე, გოგი თოფაძე მისთვის უცხო - ახალი საერთაშორისო პირობების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამებრძოლი გახლდათ და გახლავთ.
საინტერესოა, რომ თოფაძის პოზიციები უცვლელია. მისი წინასაარჩევნო დაპირებები კი, ნაწილობრივ, კვლავ ნოსტალგიურ გრძნობებზეა გათვლილი.
კონკურენტების და არსებული ხელისუფლების მსგავსად, ახალი საწარმოების ამუშავებისთვის მერიის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად თანხის - 100 მილიონი ლარის - გამოყოფას აპირებს. თუმცა, პარალელურად იგი გეგმავს შეზღუდოს საზღვარგარეთიდან იმპორტის შემოტანა და ასე უზრუნველყოს თბილისში წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. თოფაძის გათვლებით, მრეწველობის წახალისებისთვის მერიის მიერ გამოყოფილი თანხები „თავისას 2 წელიწადში ამოიღებს”. მერობის კანდიდატი აქვე ირწმუნება, რომ ქართული პროდუქცია უცხოურს ხარისხით სულაც არ ჩამოუვარდება და იმპორტის შეზღუდვა არც ფასების ზრდას გამოიწვევს.
ეკონომიკის დიდ პოტენციალზე საუბრისას გოგი თოფაძე, რომელიც „იმ დროს” ჯერ საპნის ქარხნის, შემდეგ კი „თბილლუდის” დირექტორი იყო, საბჭოთა წარსულს იხსენებს: „თბილისში იყო შესანიშნავი ცხიმკომბინატი - ერთ-ერთი წარმატებული და კარგად აღჭურვილი საწარმო. ამ ქარხნის ნედლეული - ცხიმოვანი ნარჩენები - თავის მხრივ, იყო ნედლეული საპნის ქარხნისა, რომელშიც 600-მდე კაცი მუშაობდა. საპნის ქარხნის ნარჩენებზე პარფიუმერული ფაბრიკა მუშაობდა და ასე, ერთი ქარხნის ამუშავებით, სამი ქარხანა ამუშავდება”.
კონკურენტი ქრისტიან-დემოკრატების მსგავსად, მერობის კანდიდატი თოფაძე თბილისელებისთვის წყლის საფასურის დაფარვას ქალაქის ბიუჯეტიდან აპირებს, თუმცა ამას დასუფთავების საფასურის დაფინანსებასაც უმატებს. კონკურენტი „ალიანსელების” მსგავსად ქალაქის მუნიციპალური საავადმყოფოს დაფუძნებასაც გეგმავს. კონკურენტის და ძველი „იდეოლოგიური მტრის”, ნოღაიდელის პროგრამის მსგავსად, მის პროგრამაში საბჭოთა ანაბრების თემასაც აღმოაჩენთ.
ბიზნესმენ თოფაძეს ანაბრების „დაბრუნების” თავისი გეგმა აქვს. მისი თქმით, ამ თანხას საქართველოს ბიუჯეტი სამ წელიწადშიც ვერ დაფარავს, თუმცა ეტაპობრივად, დაზარალებულ მეანაბრეთა პრივატიზაციის პროცესში ჩართვით, ამ პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს: „ჯერ უნდა მოხდეს ამ ვალების ინდექსაცია. დღეს ხომ ყველაფერი იყიდება. ვფიქრობთ, რომ ყველა გაყიდული ობიექტიდან შემოსული თანხის 10 პროცენტი - ვაუჩერის ფორმით იქნება თუ სხვა ფორმით - პირველ წელს წავა მეანაბრეთა ვალის ანაზღაურების ფონდში. ერთ წელიწადში ასობით მილიონი დაგროვდება. ასე იქნება მომდევნო წელს და მანამ, სანამ არ დაიფარება ეს ვალი”.
კიდევ ერთი შეპირება კიდევ ერთ „დაბრუნებას” ნიშნავს – მცირე ბიზნესისთვის თოფაძე ფიქსირებული გადასახადის დაწესებას აპირებს.
ამას გარდა, პროგრამა მოიცავს ქალაქის საბინაო ფონდის შექმნას, თბილისში გენმოდიფიცირებული პროდუქციის აკრძალვას, ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გამოსწორებას, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებასა და თბილისისთვის ტრადიციული იერსახის შენარჩუნებას.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები