ლარიზაცია

ინგლისურად ყველაზე საშინელი სიტყვებია: მე წარმოვადგენ მთავრობას და მოვედი რათა დაგეხმაროთ

რონალდ რეიგანი


ეროვნულ ბანკს ახალი ინიციატივა აქვს: ეროვნული ვალუტის ფულადი ბაზრის განვითარების წახალისება და დოლარიზაციის შემცირება.
ამისთვის შექმნა სპეციალური მონეტარული ინსტრუმენტები, რომლებიც მიზნად ისახავს ლარის გააქტიურებას და ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განმარტებით, ეს ინსტრუმენტები საჭიროა იმისთვის, რომ კომერციულმა ბანკებმა დაიწყონ ფინანსური რესურსის ლარში მოძიება. კომერციულ ბანკებს ლარის რესურსს პირდაპირ ეროვნული ბანკი ასესხებს. საგულისხმოა რომ ამ ინსტრუმენტთა უმეტესობას საკანონმდებლო ცვლილება არ სჭირდება და მხოლოდ ეროვნული ბანკის დისკრეციაა.
ეკონომისტ პაატა შეშელიძის პროგნოზით, ეროვნული ბანკი ლარიზაციას ადმინისტრაციული ბერკეტებით კომერციული ბანკების იძულების გარეშე ვერ მიაღწევს: თუ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს არჩევანის საშუალებას მისცემს, გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ბანკებს არ მოუნდებათ საკუთარი ფინანსური რესურსის ლარში გადახურდავება, რათა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტებით ისარგებლონ.
ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი, გიორგი ქადაგიძის თქმით, არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა კი არა, მისი გაფართოებაა. იგი ამბობს, რომ მოხმარებიდან უცხოური ვალუტის გაძევება თვითმიზანი არ არის: „ჩვენი თვითმიზანია, რომ არსებობდეს არჩევანის თავისუფლება და ლარისადმი მაღალი ნდობა.”
ბანკების მიმართ ნდობის ამაღლება თუ მოხერხდა, რისი კარგი გამოცდაც მსოფლიო კრიზისი იყო, ქადაგიძის თქმით, ლარის მიმართ ნდობის ამაღლებაც სრულიად რეალურია: „ოღონდ ამ პროცესის განხორციელებას ჩვენ ბაზარს მივანდობთ.”
მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ თუ მას ხელფასი ლარში ერიცხება, მისთვის ლარში სესხის აღება უფრო მომგებიანია, რადგან ზუსტად იცის, ყოველთვიურად რა თანხის გადადება უწევს სესხის დასაფარავად მაშინ, როცა კურსის ცვალებადობასთან ერთად, გადასახდელი თანხა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.
შეშელიძის აზრით, „ეროვნული ბანკი არ ღალატობს ტრადიციას და ისევ ხელოვნურად იგონებს სამუშაოს საკუთარი თავისთვის.”
ეროვნული ბანკის ინიციატივა, მისი თქმით, ასუსტებს ბანკთა შორის კონკურენციას და მოტივაციას. ბანკებს მუდმივად ექნებათ იმის მოლოდინი, რომ თუ დამოუკიდებლად ვერ მოიძიებენ ფინანსურ რესურსს, ეროვნული ბანკი მათ ფულს მაინც ყოველთვის ასესხებს. ეს ინფლაციის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
საკუთარი ვალუტის სტაბილურობის მიღწევისთვის ქვეყნების უმეტესობა ძირითადად ორ გზას ირჩევს: საკუთარ ვალუტას პირდაპირ აბამს უფრო სანდო ვალუტას (რომელიც მსოფლიო მასშტაბით სულ რამდენიმეა) ან საკუთარ ვალუტას სრულად ანაცვლებს სხვა, უფრო სანდო ვალუტით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უფროსი მდივანი წარმომადგენელი საქართველოში ედვარდ გარდნერი, რომელიც ეროვნული ბანკის ინიციატივას მხარს უჭერს, ბანკების რეგულირების აუცილებლობაში დარწმუნებულია: „ბანკებს სჭირდებათ რეგულირება, რომ ბოლომდე აღიქვან დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკები. დღეს მათ უკვე მოეთხოვებათ 50%-ით მეტი კაპიტალის გვერდზე გადადება, თუ ფულის სესხებას, ადგილობრივი ვალუტის ნაცვლად, უცხოურ ვალუტაში აპირებენ.”
ქვეყნები, რომელთაც შეძლეს დედოლარიზაცია ანუ საკუთარი ვალუტისადმი ნდობის გაზრდა იმდენად, რომ უფრო სანდო ვალუტაზე მისი დამოკიდებულება შემცირდა, სულ სამია: ჩილე, პოლონეთი და ისრაელი.
ისრაელის მაგალითი საქართველოსთვის ყველაზე ახლოა, რადგან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში დოლარიზაციის დონე დღეს - 75% ანუ თითქმის იმდენივეა, რამდენიც თავის დროზე ისრაელში იყო - 80%.
ისრაელს დოლარიზაციის 80%-დან 40%-მდე შემცირებისთვის 20 წელი დასჭირდა. ისრაელს თვითმიზნად დედოლარიზაცია არ დაუსახავს და ეროვნული ვალუტის პროტექციას არ შესდგომია. დედოლარიზაცია ეკონომიკური გაჯანსაღების, მუდმივი სტაბილიზაციისა და დეფლაციის გვერდითი ეფექტი უფრო იყო. ისრაელმა დედოლარიზაცია ბუნებრივი გზებით არჩია.
მეორე გზაც არსებობს - ხელოვნური და უხეში მეთოდებით მოკლე ხანში დედოლარიზაცია. ასე ბევრად მეტმა ქვეყანამ სცადა. მაგალითად, პაკისტანმა, სადაც 1998 წელს დეპოზიტები ძალით დააკონვერტირეს ადგილობრივ ვალუტაში. იგივე მოხდა პერუში 1985 წელს. იგივე მოხდა არგენტინაში 2001 წელს.
ამგვარმა ჩარევამ ფინანსურ ინტერმედიაციაზე (შუამავლობაზე) უარყოფითად იმოქმედა და რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყნებში კვლავ რედოლარიზაცია მოხდა.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, დღეს, როცა საერთაშორისო ვაჭრობის გაცვლითი საშუალება ძირითადად არის ამერიკული დოლარი (და ნაწილობრივ ევრო), საქართველო კი მუდმივად ცდილობს ბაზარი გააფართოოს, კაპიტალი მოიზიდოს და ამით ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს, მონეტარული ნაციონალიზმის დრო არ არის.

 

კომენტარები