დაუძინებელ მეგობართა გულითადი მტრობა

ალექსანდრ ლუკაშენკო
20 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ყოველწლიური ანგარიშით წარუდგა პარლამენტს. ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო პარლამენტის წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე და შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის იანვრისთვის იგეგმება. პრეზიდენტის სიტყვაში დიდი ადგილი რუსეთთან ურთიერთობას დაეთმო.
რუსეთი და ბელარუსი განსაკუთრებულად მეგობრობდნენ 90-იან წლებში. არსებობდა საერთო ვალუტის შექმნის იდეაც. მოგვიანებით ურთიერთობები უფრო მერყევი გახდა. 2004 წელს რუსეთმა, გაზზე მონოპოლიის მოპოვების მიზნით, ბელარუსის გაზის კომპანიის შეძენა გადაწყვიტა. ტარიფებსა და ფასებზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია ურთიერთობის გაუარესება. რუსეთ-ბელარუსის მეგობრობას წერტილი დაუსვა 2009 წლის ე.წ. რძის ომმა.
2009 წელს ლუკაშენკო გამოთქვამდა ვარაუდს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. თუმცა, მოგვიანებით, ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის სამხედრო მოქმედებებში როგორც მისი ძალაუფლების, ისე ბელარუსის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხე დაინახა და უარი განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებაზე. ცოტა ხნის შემდეგ ბელარუსმა რუსეთი 500 - მილიონიანი კრედიტით მოქრთამვის მცდელობაში დაადანაშაულა.
ლუკაშენკო ცდილობს, რუსეთისგან მიღებულ ბრძანებებს არ დაემორჩილოს. მისი განცხადებით - „ბელარუსმა რუსეთის დიქტატს საბოლოოდ უნდა დააღწიოს თავი”. ყირგიზეთში განვითარებულმა მოვლენებმა იგი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ რუსეთი ძალის გამოყენებას არ ერიდება. ლუკაშენკომ ღიად დაადანაშაულა რუსეთისა და ყაზახეთის მთავრობები ყირგიზეთის ვითარების ორგანიზებაში და გამორიცხა ბელარუსში მსგავსი სცენარის გამეორება. ლუკაშენკო ერთადერთი გამოდგა, ვინც ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს თანადგომა გამოუცხადა და თავშესაფარი მისცა, გადატრიალებას კი არაკონსტიტუციური უწოდა. უკრაინაში ჩასულმა მედვედევმა უსაყვედურა მას ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის შეფარების გამო და განაცხადა, რომ რუსეთი მეგობრობის ხელს (ანუ დაბალ ფასებს გაზზე) მხოლოდ იმ ქვეყნებს გაუწვდის, რომლებიც რეალურად არიან მზად თანამშრომლობაზე. ლუკაშენკომ მედვედევის საყვედურს ყირგიზი პრეზიდენტის შეფარების გამო რუსული მაგალითების გახსენებით უპასუხა: ტიტების რევოლუციის შემდეგ რუსეთმა ყირგიზი პრეზიდენტი ასკარ აკიევი შეიფარა, ასევე შეფარებული ჰყავს ასლან აბაშიძე და რევოლუციისგან დევნილი სხვა ლიდერები. თუმცა, ლუკაშენკომ ისიც აღნიშნა, რომ მზად არის უთანხმოების ფურცელი უბრალოდ გადაშალოს. მიუხედავად ამისა, ბელარუს-რუსეთის უთანხმოება ასე ადვილად ალბათ ვერ მოგვარდება. ლუკაშენკო თვლის, რომ რუსეთი ბელარუსის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის: „დღეს ჩვენს წინაშეა კითხვა: გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო ამაყი ხალხით თუ გვინდა ვინმეს წინაშე მუხლებზე ვიხოხოთ”. ლუკაშენკომ ურთიერთობების გაუარესების მიზეზად რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული პრაგმატული პოლიტიკა დაასახელა. მისი თქმით, რუსეთს ავიწყდება, რომ ბელარუსში რუსეთის ორი სამხედრო ბაზაა, რაშიც ეს უკანასკნელი არაფერს იხდის და როდესაც მედვედევი რეალურ თანამშრომლობაზე საუბრობს, ესეც უნდა მიიღოს მხედველობაში.
რუსეთმა ყირგიზეთის რევოლუციით, ნავთობზე ფასის აწევით და უკრაინისთვის გაზზე გადასახადის დაწევით - აჩვენა ლუკაშენკოს, რომ რეგიონში კვლავ ის არის დომინანტი და მხოლოდ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებით შეიძლება „ეკონომიკური სანქციების” და ძალაუფლების დაკარგვის აცილება. ლუკაშენკოს უნდა დაამტკიცოს, რომ იგი რუსეთის ჭკუაზე არ დადის, მაგრამ ბელარუსს, რუსეთის გარდა, სხვა ბაზრის პოვნა უჭირს.



 

კომენტარები