ბრაიზა კავკასიაში ბრუნდება?

Wall Street Journal-ისა და The New York Times-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის კორესპონდენტმა, სტივ ლევინმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ განიხილება ბრაიზას ელჩად გაგზავნა ბაქოში. ავტორის მტკიცებით, ინფორმაცია დადასტურებულია და რამდენიმე ადმინისტრაციული დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, თეთრი სახლი ოფიციალურად წარუდგენს სენატს ელჩის კანდიდატურას. თუკი ლევინის „წინასწარმეტყველება” ასრულდება, მოსალოდნელია აშშ-აზერბაიჯანს შორის გაფუჭებული ურთიერთობის დათბობა.
2009 წლის ივლისიდან, როცა აშშ-ს დესპანი ბაქოში - ანნე დერსი - ლიტვაში გაამწესეს, ამერიკას არ ჰყოლია ელჩი აზერბაიჯანში. ამ დროს მეთიუ ბრაიზა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო. Foreign Policy Magazine-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, ბრაიზა აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩად დაინიშნებოდა. ბრაიზამაც გამოთქვა ამის სურვილი და მხოლოდ თანხმობას ელოდებოდა თეთრი სახლიდან. მას რეკომენდაცია გაუწია ბუშის დროინდელმა ადმინისტრაციამ, თუმცა თეთრ სახლს და ობამას ადმინისტრაციას არ წარუდგენიათ მისი კანდიდატურა სენატისთვის. ბრაიზას ადანაშაულებდნენ ზედმეტად პროქართული პოლიტიკის გატარებასა და რუსეთისადმი მკაცრ მიდგომაში. ამიტომ, ეშინოდათ რუსეთის რეაქციისა, რომელიც მის დანიშვნას მოჰყვებოდა. გარდა ამისა, იყო ბრალდებები მისი მეუღლის კვლევითი ცენტრისთვის - ჰუდსონის ინსტიტუტისთვის - დაფინანსების გამოყოფის გამო.
მეთიუ ბრაიზას საკამოდ დიდი გამოცდილება აქვს რეგიონულ პოლიტიკაში. წლების განმავლობაში იგი ჩართული იყო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში, მონაწილეობდა ენერგეტიკული კონტრაქტების რეალიზებაში, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებაში. ბრაიზა 2005 წლიდან მუშაობდა ევროპული და ევრაზიული საქმეების სახელმწიფო მდივნის მოადგილედ. ამას მოჰყვა საქმიანობა მინსკის ჯგუფში. იგი აგრეთვე მსახურობდა აშშ-ს საელჩოში რუსეთში. კარგად ერკვევა აშშ-სა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში და ამ ქვეყანას ამერიკის ერთ-ერთ პარტნიორად განიხილავს.
ბრაიზას ელჩობას აზერბაიჯანში ეს უკანასკნელი ამერიკისთვის მისი მნიშვნელობის გაზრდის ნიშნად აღიქვამს. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ბაქო თანამშრომლობდა ნატოსთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. ის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, როგორც ავღანეთში ამერიკული ტვირთის გადატანის, ასევე ენერგორესურსების ევროპისთვის მიწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის აქცენტმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობათა ნორმალიზებაზე, ბზარი გააჩინა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში.
დღეს ბაქოში აშშ-ს მიმართ ისმის ბრალდებები, რომ იგი აღარ არის ნეიტრალური მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში და თურქეთსაც უბიძგებს არ მიემხროს აზერბაიჯანს, რითაც ქვეყნის იზოლირებას ახდენს. შედეგად, აზერბაიჯანი დაუახლოვდა რუსეთს და ხელშეკრულება დადო გაზპრომთან ბუნებრივი რესურსების მიყიდვაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის ალი ჰასანოვის განცხადებით, ურთიერთობები აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ინტენსიური გახდა. რუსეთი მის ქვეყანას თანასწორ პარტნიორად მიიჩნევს და აზერბაიჯანი მას მთავარ პოლიტიკურ ძალად განიხილავს რეგიონში.
ვაშინგტონ-ბაქოს გაუარესებული ურთიერთობების თვალსაჩინო ნიმუშია მაისისთვის დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების გაუქმება. თუ მეთიუ ბრაიზას დანიშვნაზე ინფორმაცია დადასტურდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ამერიკის პოლიტიკის სახეცვლილება აზერბაიჯანის და ზოგადად რეგიონის მიმართ.



 

კომენტარები