რუსეთის საყვარელი მტერი

კრემლში ანტიამერიკანიზმს საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ხერხად თითქმის ერთი საუკუნეა იყენებენ. რუსული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს ფენომენი ეროვნული ცნობიერების განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იოსებ სტალინმა ამერიკულ იმპერიალიზმს „კარს მომდგარი მტერი” უწოდა, ხოლო 1956-ში ნიკიტა ხრუშჩოვი აშშ-ს „მიწაში დამარხვით” ემუქრებოდა. ეს რუსული ტრადიცია დროთა განმავლობაში გათანამედროვდა და მედიაკომუნიკაციების გამოყენებით, უფრო მასშტაბური სახე მიიღო.
რუსეთში ანტიამერიკულ პროპაგანდას სახელმწიფოსა და მედიის გეგმაზომიერი ტანდემი აწარმოებს. ანტიამერიკული განწყობის დამკვიდრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები. საინფორმაციო მანიპულაციები გასართობი გადაცემებისა და ფილმების დონეზეც კი იჩენს თავს. კრემლი დაკავებულია აშშ-სგან მტრის ხატის გამოძერწვით საზოგადოების ყოველი ფენისთვის. პრემიერ-მინისტრ პუტინის ხედვით, რუსეთი დასავლეთის და აშშ-ს მიერ სულჩადგმული რეფორმების მსხვერპლია - ამ რეფორმების გატარებას ისინი ბუნებრივი რესურსების დასაპატრონებლად ურჩევდნენ რუსეთს. პრეზიდენტ მედვედევის აზრით, ფინანსური კრიზისი გამოწვეულია აშშ-ს ფინანსური ეგოიზმით - რათა „ამერიკას მსოფლიოს ეკონომიკური ლიდერის როლის დაკარგვა გადაეფარა”. მსგავსი ბრალდებები და რიტორიკა რუსული საზოგადოების პოლიტიკურ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.
ანტიამერიკანიზმი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მრავალპოლარული პოლიტიკური წესრიგის შექმნის იდეას არის ამოფარებული, რეალურად კი რუსეთის სახელმწიფო ინტერესების ლობირების მოძველებული ხერხია. რუსეთი ქმნის პოლიტიკურ ალიანსებს ავტორიტარულ სახელმწიფოებთან, „საერთო მტრის”, აშშ-ს წინააღმდეგ. რუსეთის მოკავშირეები იყვნენ სადამ ჰუსეინის ერაყი და სლობოდან მილოშევიჩის იუგოსლავია. დღეს კრემლი უგო ჩავესსა და მაჰმუდ აჰმადინეჟადში ხედავს პარტნიორებს. ისტორიული გამოცდილებით, მსგავსი ალიანსები მიმართული იყო არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, რასაც მილიონობით ადამიანის თავისუფლებაც ეწირებოდა.
ბოლო წლების ამერიკულმა ცალმხრივობამ და „თავისუფლების გავრცელების დიპლომატიამ” ანტიამერიკული განწყობა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ერთიორად გაზარდა. კოსოვოს 1999 წლის ინტერვენციისა და მისივე 2008 წლის აღიარების დროს, აშშ-მ უგულებელყო რუსეთის პოზიცია. იგივე მოხდა 2003 წელს, ერაყის ოპერაციასთან დაკავშირებით. აშშ-სა და ნატოს მიერ რუსეთის იგნორირებამ ათასობით კოსოვოელი გენოციდისგან იხსნა და ეთნიკური წმენდა შეაჩერა. ხოლო 2003 წელს ერაყში წარმატებამ, ერაყელი ხალხის გარდა, მთელი ახლო აღმოსავლეთი გაათავისუფლა ტირანიისგან, რეგიონში კი ძალთა წონასწორობა შეცვალა. ამ მოვლენებმა კრემლის იმპერიულ მისწრაფებებსა და შესაძლებლობებს შორის უფსკრული გამოააშკარავა; რუსეთს საერთაშორისო პროცესებში მხოლოდ დამკვირვებლის როლი მიუსადაგა. შედეგად, რუსული ანტიამერიკანიზმის ისტორიულობას მისი ისტერიულობაც დაემატა.
კრემლის ანტიამერიკანიზმი მიმართულია არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მასთან ასოცირებული სახელმწიფოების წინააღმდეგაც. პრემიერ ვლადიმირ პუტინის თქმით, ამ ქვეყნებისთვის მოსკოვს „საკუთარი გეგმები აქვს”. რუსეთისთვის ამ ქვეყნების სუვერენულობა უცხოა, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმაც გამოააშკარავა. ამ მოვლენას კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია წარმოაჩენს სხვა, იდეოლოგიზებული სცენარით, სადაც ომს დემონური, „ამერიკული საწყისი” აქვს, თავად კი ამ ურჩხულის დამმარცხებელი რაინდია.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, საქართველოს ოკუპაციის მცდელობისას, კრემლი რუსული საზოგადოების 77%-ის მხარდაჭერით სარგებლობდა. რუსული საზოგადოების დეზინფორმირებულობა ფომის კვლევიდანაც ჩანს: გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ჰუმანიტარული მოტივებით ხსნიდა. 72%-ის აზრით, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა „ოსი ხალხის გენოციდის შესაჩერებლად”, ხოლო „საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ” გამოკითხულთა 74% აშშ-დან ნაკარნახევად მიიჩნევდა.
რუსული საზოგადოების აზრი - „საერთო მტრის” და მასთან ასოცირებული ქვეყნების შესახებ - აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგაც არ შეცვლილა. ჩანს, ვერც პრეზიდენტ ობამას გადატვირთვის პოლიტიკამ მოულბო რუსულ საზოგადოებას გული. „ფიუ ფაუნდეიშენის” 2009 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევაც ამას ადასტურებს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკული გავლენა რუსეთზე რესპონდენტთა 62%-მა ნეგატიურად შეაფასა. შედეგები განმეორდა ბი-ბი-სის კვლევაშიც: რუსული საზოგადოების 65%-ის წარმოდგენა აშშ-ს შესახებ უარყოფითია, საპირისპირო აზრი კი გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ს აქვს.
დასავლეთ ევროპის მრავალ დედაქალაქში რუსეთის ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ პროპაგანდას შიდა პოლიტიკურ ხერხად მიიჩნევენ, რაც თავისუფალი სამყაროსთვის საფრთხის შემცველად არ აღიქმება. თუმცა, საგარეო პროპაგანდა რუსეთის ეროვნული სტრატეგიის ნაწილი რომ არის, ამაზე კრემლის მიერ დაფინანსებული გავლენიანი სატელევიზიო არხის - რაშა თუდეის პოლიტიკური მიმართულებაც მიუთითებს. არხი ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზე მაუწყებლობს და ანტიამერიკულ პროპაგანდას საკაბელო რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა.
ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის შექმნაში ტელევიზიისა და თანამედროვე მედიაკომუნიკაციის გარდა, კრემლს სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტიც ეხმარება. ასე, მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თანაავტორობით, 2008 წელს გადაიღეს იდეოლოგიზებული დოკუმენტური ფილმი, სახელად „იმპერიის დაცემა, ბიზანტიის გაკვეთილები”. ფილმი ბიზანტიის იმპერიას 90-იანი წლების რუსეთს ადარებს. იმპერიების ჩამოშლის მთავარ მიზეზად ფილმის ავტორები დასავლურ რეფორმებსა და დეცენტრალიზაციას ასახელებენ.
საკუთარი წარუმატებლობისა და უუნარობის აშშ-ზე გადაბრალების სტრატეგია რუსეთის პოლიტიკურ ბაზარზე კვლავაც კარგად იყიდება. კრემლში არც პრეზიდენტ ობამას ქებული გადატვირთვის ღილაკი მუშაობს და არც კომპრომისის ენა ესმით. დღესდღეობით, ანტიამერიკანიზმი რუსული ხელისუფლების ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული ხერხია ძალაუფლების განმტკიცებისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის.



 

კომენტარები