მოდერნიზაცია, ნაციონალიზაცია, ევროპეიზაცია: გზა ოსმალური კლასიკური მოდელიდან გენოციდამდე

0 კომენტარი

გასაოცარ დროში ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ გლობალიზებულ მსოფლიოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დროში, რომელთა დისკურსიც, რატომღაც, სულ მომავალზეა ორიენტირებული, არადა, აქამდე არასოდეს უსაუბრიათ ამდენი წარსულზე, არასოდეს ყოფილა ასე პოლიტიზებული და, მარქსის ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, “გაფეტიშებული” ისტორიული პრობლემები: მეორე მსოფლიო ომი, კოლონიური ომები, სომეხთა გენოციდი, საბჭოთა პერიოდის ანალიზი და ა.შ. მარკ ბლოკი, ანალების სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იტყოდა, რომ გაყინული წარსულის მდუღარე აწმყოში ასეთი დოზით გადმოტანა სახიფათოა ანალიტიკური აზრის ჯანმრთელობისთვისო. მათ, ვისაც აინტერესებს ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც წესი, ნაკლებად აღელვებს სერიოზული ისტორიული კვლევა, რადგან ეს უკანასკნელი სრულიად გამოუსადეგარია პოლიტიკაში და ამ გამოუსადეგარობაშია მისი სერიოზულობაც. ის, რომ სომეხთა გენოციდში თურქეთის „არაევროპულობა” არაფერ შუაშია, უკვე აღვნიშნეთ, ისიც ვახსენეთ, რომ ოსმალეთის მოდერნიზაცია და ევროპეიზაცია რომ არა, შეიძლებოდა ისტორიის ეს ტრაგიკული მომენტი საერთოდ არ მომხდარიყო.
მაინც როგორი იყო სომეხთა მდგომარეობა ოსმალეთში XIX-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე ანუ იმპერიის მოდერნიზაციამდე? სომხები, ისევე როგორც სხვა რელიგიური თემები (მუსულმანები, მართლმადიდებლები, ებრაელები, კათოლიკეები), შეადგენდნენ ე.წ. მილლეთს (კონფესიურ თემს), რომელსაც თანამედროვე ტერმინებს თუ ვიხმართ, ჰქონდა არატერიტორიული ავტონომია რელიგიურ და კულტურულ სფეროებში და, ნაწილობრივ, სასამართლო სფეროშიც, რამეთუ ორ სომეხს შორის დავას ყადი (ისლამური მოსამართლე) კი არა, მილლეთის ტრიბუნალი არჩევდა. ისლამურ ტრიბუნალს და შარიათს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდა პრიორიტეტი, თუკი ერთ-ერთი მხარე იყო ისლამის მიმდევარი. მილლეთს ჰყავდა მისი მეთაური - მილლეთ ბაში - სომეხთა შემთხვევაში მათი პატრიარქი (რაღა თქმა უნდა, სტამბულის და არა ეჩმიაძინის), რომელიც, ამავდროულად, ითვლებოდა სულთნის დიდმოხელედ და მის კართან დაახლოებულ პირად. სომხებს არცთუ იშვიათად ეჭირათ მაღალი პოსტები, ძირითადად, ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში (რადგან სამხედრო სამსახურს ისინი არ ექვემდებარებოდნენ და ამის სანაცვლოდ იხდიდნენ გადასახადს, რომელსაც, სხვათა შორის, ბადალი ერქვა). სომხები ხშირად თავს იჩენდნენ დიპლომატიასა და არქიტექტურაშიც. ეს იყო ოსმალური მოდელი, რომელშიც ეთნიკური მხარე იყო იგნორირებული (მაგალითად, მუსულმანურ მილლეთში გაერთიანებულნი იყვნენ თურქებიც, არაბებიც, ალბანელებიც, მუსულმანი კავკასიელებიც, მუსულმანი სლავებიც და ქურთებიც, მართლმადიდებლურში კი - ბერძნებიც, ბულგარელებიც, სერბებიც და რუმინელებიც), ხოლო რელიგიური და სოციალური - უფრო მნიშვნელოვანი. ელიტაში იყო სრული ეთნოკულტურული სიჭრელე - უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ბიუროკრატია იყო „ოსმალთა” ხელში. „ოსმალობა” ნიშნავდა არა ეროვნებას, არამედ უფრო წააგავდა „პრივილეგირებული კლუბის წევრობას”. სხვათა შორის, ამ კლუბში „თურქები” (ანატოლიელი და ბალკანელი) საკმაოდ მცირედ იყვნენ წარმოდგენილნი. ასე რომ, ადამიანის სომხობა, ბერძნობა, ალბანელობა, ჩერქეზობა თუ გურჯობა ხელს საერთოდ არ უშლიდა მის ოსმალობას. ენობრივადაც კი ოსმალური (ოსმანლი), რომელსაც ახლა პოლიტკორექტულობისთვის ოსმალურ თურქულს ეძახიან, ძალიან შორს იყო ანატოლიური თურქული იდიომებისგან და თუნდაც დღევანდელი თურქულისგან, უფრო შორს, ვიდრე ლათინური ენა ფრანგულის ან პორტუგალიურისაგან. ოსმანლი იყო თურქული, სპარსული, არაბული, ბერძნული და სხვა ენების მიქსტურა. თურქული ნაციონალიზმი, რომელიც როგორც წინა წერილში აღვნიშნეთ, ევროპული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა, სწორედ ოსმალობის წინააღმდეგ გაჩენილი იდეოლოგიაა: თურქები, რომლებიც წარმოადგენენ იმპერიის ყველაზე მრავალრიცხოვან და შემქმნელ ერს, არიან სუბალტერნულ მდგომარეობაში და სახელმწიფოს მართავს უმცირესობათა კოსმოპოლიტური კოალიცია, - აცხადებდნენ თურქული ნაციონალიზმის ფუძემდებლები, - ოსმალეთი უნდა გახდეს თურქთა სახელმწიფო. დემოკრატიის კანონიც ამას მოითხოვსო, - დასძენდნენ ისინი. ნაციონალიზმი და დემოკრატია - ეს არის ის ორი ევროპული კონცეპტი, რომელთა ოსმალეთში იმპორტირებამაც ააფეთქა კლასიკური იმპერიული პაქტი მილლეთებს შორის და, ფაქტობრივად, შესაძლებელი გახადა ძალადობა ეთნოკონფესიურ ნიადაგზე.
1915 წლის სომეხთა მასობრივ მკვლელობებს წინ უძღოდა სომხურ და თურქულ ნაციონალისტურ იდეოლოგიათა ფორმირება და შედარებით მცირე მასშტაბის პოგრომები. თუმცა, მე-19 საუკუნის ბოლომდე სომხები იშვიათად გამოდიოდნენ იმპერიის წინააღმდეგ (ბერძნების და ქრისტიანი სლავებისაგან განსხვავებით). მათ, ლოიალურობის გამო, მილლეთ-ი-სადიკა შეარქვეს (ოსმალურად მორჩილი მილლეთი). მხოლოდ 1880-იანი წლებიდან დაიწყო სომხური რევოლუციური პარტიების შექმნა (ჰნჩაკი, დაშნაკთა პარტია) და რეპრესიებმაც არ დააყოვნა: ჯერ სულთან აბდულჰამიდის მილიციამ – ჰამიდიიემ „გამოიჩინა თავი” 1894-96 წლებში სომეხთა მასობრივი მკვლელობებით, ხოლო შემდეგ, 1909 წელს, უკვე იტტიჰადისტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში (კილიკიაში) მოაწყვეს პოგრომები, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა. ყველაზე მეტი მსხვერპლი მაინც 1915 წლის აპრილიდან (გენოციდის ათვლის წერტილად სტამბულში ორასამდე ცნობილი სომეხი მოღვაწის დაპატიმრება და მათი შეთქმულებაში დადანაშაულება ითვლება) მოყოლებულ პერიოდზე მოდის. პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე ოსმალეთის ორ მილიონზე მეტი სომეხისგან ნახევარი დაიღუპა - პირდაპირი მკვლელობით, გადასახლებით თუ შიმშილ-სიცივით.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები