სახელმწიფო მარიხუანას წინააღმდეგ

მარიხუანის შეკეთება ქოფიშოფში. ამსტერდამი
„ვისაც სურს, გათავისუფლდეს აუტანელი წნეხისგან, მას ჰაშიში სჭირდება”, გვირჩია ფრიდრიხ ნიცშემ. გერმანელი ფილოსოფოსი და ფილოლოგი 1889 წელს ფსიქიურად დაავადდა და 1900 წელს გარდაიცვალა.
ჰაშიში, მარიხუანასთან ერთად, ბუჩქის ტიპის მცენარის, კანაფის (cannabis sativa) შვილია. ქართული ჟარგონი მას „პლანს” უწოდებს ან, უბრალოდ, „მოსაწევად” მოიხსენიებს. ფსიქოაქტიურ თვისებას მცენარეს ანიჭებს ტეტრაჰიდროკანაბიოლი (THC) - მისი შემადგენელი ქიმიური ნივთიერება. რაც მეტია ტეტრაჰიდროკანაბიოლი, მით მეტი პოტენცია აქვს კანაფის. მიიჩნევენ, რომ დღეს მარიხუანაც და ჰაშიშიც გაცილებით ძლიერია, ვიდრე თუნდაც 70-იან წლებში იყო, რაც, ალბათ, კულტივაციის თანამედროვე მეთოდებმა გამოიწვია. ლეგალიზაციის ერთ-ერთი ამერიკელი მოწინააღმდეგის არ იყოს, „ეს აღარაა ის მარიხუანა, ბაბუაჩემი რომ ეწეოდა”.
ჩვენს წელთარიცხვამდე მე-3 ათასწლეულიდან მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, მოყვარულები კანაფის დაუბრკოლებლად მოიხმარდნენ რელიგიური, სპირიტუალური თუ სამედიცინო მიზნებით. თითქმის 100 წელია კანაფი აიკრძალა, მაგრამ მისი მოხმარება არც 21-ე საუკუნეში მოუკლიათ - ამჯერად უფრო სიამოვნების მისაღებად. აქტიურ მწეველებს შორის, ფრიდრიხ ნიცშეს გარდა სხვა ნაცნობებსაც გადააწყდები: მწერლები - უილიამ შექსპირი, მარკ ტვენი, ონორე დე ბალზაკი, ჯეკ კერუაკი, პრეზიდენტები - ჯორჯ ვაშინგტონი, ჯონ კენედი, ფილანტროპი - ჯორჯ სოროსი, კომპიუტერული კომპანია Apple-ის შემქმნელი და დამფუძნებელი - სტივ ჯობსი. საზოგადოებას ახსოვს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მცდელობა, ყოფილიყო გულწრფელი, როცა გვითხრა მარიხუანა მომიწევია, ოღონდ „ნაფაზი არ დამირტყამსო”. ბარაკ ობამა მისივე აღიარებით, ახალგაზრდობაში „ნაფაზებსაც” არ ერიდებოდა. აღარ ჩამოვთვლი კინოსა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს და იმ 190 მილიონამდე ადამიანს, რომელმაც, გაეროს კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთი - 2007 წლის განმავლობაში მოწია მარიხუანა.
აკრძალვისა და მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, უამრავი ადამიანი მარიხუანას მიიჩნევს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ნივთიერებად, რომელიც გეხმარება, ხასიათზე მოხვიდე.
ხშირად მართლაც ასეა - კანაფი ბევრისთვის რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მისი ზემოქმედებით შეიძლება გამხიარულდე, უკეთ დაგეძინოს, მუსიკის, ფერების აღქმისა და ფანტაზიის უნარი გაგიძლიერდეს, კრეატიულ განწყობაზე დაგაყენოს. მაგრამ მის უსაფრთხო ბუნებაზე საუბარი, უკეთეს შემთხვევაში უცოდინრობაა, უარეს შემთხვევაში კი - უსირცხვილო ტყუილი.
კანაფი საფრთხეს უქმნის ადამიანის გონებას და ფსიქიურ მდგომარეობას. დიდი ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მე-10 მომხმარებელი კანაფისთან ურთიერთობას უსიამოვნო გრძნობით ამთავრებს - იქნება ეს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანება თუ პარანოია. კანაფისთვის უცხო არ არის დეპრესიული განწყობის შექმნა, მოტივაციის შემცირება. მტკიცდება, რომ ფსიქოზით დაავადებულთა დიდი ნაწილი მოიხმარს ან დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა კანაფის. კვლევათა მიხედვით, რეგულარული მოხმარება აორმაგებს შიზოფრენით დაავადების რისკს.
დადასტურებულია, რომ „პლანი” განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მოზარდ ორგანიზმს. ადამიანი, რომელიც მარიხუანას ან ჰაშიშის მოხმარებას 15 წლის ასაკამდე იწყებს, იოთხმაგებს შანსს, 26 წლისა შიზოფრენიით დაავადდეს. ადამიანის ტვინი 20 წლის ასაკამდე ვითარდება, ამ პროცესში კანაფის შეუძლია დამანგრეველი გავლენა მოახდინოს. რონალდ რეიგანმა ცნობილი ომი რომ წამოიწყო ნარკოტიკების წინააღმდეგ, ყურადღებას სწორედ მცირეწლოვანთა ფაქტორზე ამახვილებდა: „თუ უფროსები რისკზე მიდიან, ეს მათი საქმეა, მაგრამ საკომუნიკაციო საშუალებებმა, რასაკვირველია, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ოთხ მილიონ მოზარდს სათანადოდ აუხსნან რა საფრთხის წინაშე დგებიან ისინი [ეწევიან რა მარიხუანას]”.
კანაფის ხშირი მოხმარება ზემოქმედებს შრომისუნარიანობაზე. მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს ხშირად ეკარგება როგორც დროის, ისე მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ადეკვატური აღქმის უნარი, ხშირად სიზარმაცე ერევა, უჭირს კონცენტრაცია, ხდება გულმავიწყი.
გონების გარდა, ზიანი შეიძლება მიადგეს ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას, ოღონდ აქ კანაფი არაფერ შუაშია; დამნაშავე ნიკოტინია. როგორც წესი, მარიხუანას თუთუნს ურევენ.
მართალია ფიზიკური დამოკიდებულება ამ ნარკოტიკზე არ უჩნდებათ, რეგულარული მომხმარებელი გონებით სულ მას დასტრიალებს, დიდ დროს ახარჯავს „მოსაწევის შოვნას”. შედარებისთვის, მარიხუანასთვის თავის დანებება ისევე უჭირთ, როგორც სიგარეტთან გამოთხოვება.
კანაფი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აიკრძალა. ხუთი ათასი წლის მცენარეს დაბრკოლება პირველად 1911 წელს სამხრეთ აფრიკაში შეუქმნეს. მოგვიანებით სამხრეთ აფრიკას მიბაძეს სხვა ქვეყნებმაც. შეერთებულმა შტატებმა კანაფი 1937 წლიდან აკრძალა. დღეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას საერთაშორისო სამართალი არეგულირებს გაეროს სამი კონვენციის მეშვეობით: 1961 წლის კონვენცია ნარკოტიკების შესახებ, 1971 წლის კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ და 1988 წლის კონვენცია ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრეფიკინგის შესახებ. საქართველო სამივე კონვენციის ხელმომწერია.
ძალიან რთულია, შეაფასო კანაფის წარმოების ზუსტი მოცულობა მსოფლიო მასშტაბით, ის ყველა ქვეყანაში მოყავთ - ჭერქვეშ თუ მზის ქვეშ. კანაფის ბაზარი ყველაზე დიდია გავრცელების, პროდუქციის მოცულობისა და მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კლების ტენდენცია შეინიშნება, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილს მაინც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა იკავებს. მომხმარებლებმა იმატეს ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.
კვლევების მიხედვით, კანაფი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებაა საქართველოშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 26 მარტს გასული სამი თვის განმავლობაში ამოღებული 200 კგ მარიხუანა გაანადგურა.
ნარკოტიკებთან ომი, ცივილიზებულ მსოფლიოში ინტენსიური განსჯის საგანია. ფაქტია, რომ 100 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს. ისიც ეჭვგარეშეა, რომ ამ ბრძოლაში კაცობრიობამ არამც თუ ვერ გაიმარჯვა, გამარჯვებას ვერც კი მიუახლოვდა.
„როცა კანონს 100 მილიონზე მეტი ამერიკელი არ ემორჩილება - და სწორედ ამდენ ამერიკელს მოუწევია მარიხუანა ერთხელ ან მეტჯერ - ეს ნიშნავს, რომ კანონი არ ვარგა”, ამბობს ნორმ სტამპერი, სიეტლის პოლიციის ყოფილი შეფი.
კანაფის წინაშე პირველად ნიდერლანდების სამეფოში ჩაიქნიეს ხელი - 1976 წელს შესწორება შევიდა ე.წ. ოპიუმის აქტში. ცვლილება გულისხმობდა ნარკოტიკების კატეგორიზაციას რისკის მასშტაბის მიხედვით და არა ლეგალიზაციას, როგორც ბევრს ჰგონია. ნიდერლანდების მთავრობამ კანაფი „მსუბუქ ნარკოტიკად” ცნო. ამ დღიდან კანაფის შეზღუდული რაოდენობით კულტივირება ჰოლანდიაში აღარ იდევნება. ე.წ. თმენის პოლიტიკამ გაუკაფა გზა „კოფი შოფების სისტემას”, სადაც მარიხუანა და ჰაშიში ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც 18 წელს გადააბიჯა.
1996 წელს კალიფორნიის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის შედეგად ავადმყოფ და მომაკვდავ პაციენტებს შეუძლიათ მოიხმარონ მარიხუანა სამედიცინო მიზნით.
ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა ირჩევს თმენის პრაქტიკას და კანაფის მოხმარებისა და შენახვის ფაქტებს აღარ დევნის სისხლის სამართალებრივად.
გაცილებით მკაცრი მიდგომა აქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებს. მაგალითად, ტაილანდსა და სინგაპურში კანაფის მცირე დოზის შეტანა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობის საფუძველი გახდეს, თუმცა ნარკოტიკების მომხმარებელთა სიმცირეს გაეროს 2009 წლის კვლევის მიხედვით, არც ეს ქვეყნები უჩივიან.
საქართველოში მარიხუანას და სუბუტექსს ერთი და იმავე მუხლის ერთი და იგივე პუნქტი არეგულირებს. თუმცა, სამართალდამცავების თქმით, მარიხუანასა და სუბუტექსის მომხმარებელს განსხვავებულ სასჯელს აკისრებენ. 10 გრამამდე კანაფის შენახვა, საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობად ითვლება. ტაბულამ ვერ მოიპოვა სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების ან გასაღების გამო. როგორც გაირკვა სტატისტიკა იწარმოება მიყენებული მუხლის და არა მოხმარებული ან გასაღებული ნარკოტიკის სახეობის მიხედვით.
მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, დასავლეთის ქვეყნებში მაინც ერთ პრინციპს ეფუძნება: მავნებლობის ხარისხი, განსაზღვრავს სასჯელის სიმძიმეს. ყველა დასავლურ ქვეყანაში, „მსუბუქი” ნარკოტიკი კანაფი თუ ისჯება - შედარებით მსუბუქად. მძიმე ნარკოტიკი, მაგალითად ჰეროინი - ისჯება მძიმედ. ასევე მძიმეა სასჯელი გასხვისების მიზნით ნარკოტიკის შენახვისთვის, პირადი მოხმარებისგან განსხვავებით.
ზოგმა ქვეყანამ, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა, ნარკოტიკების მავნებლობის კოდიფიცირება მათი კატეგორიზაციის შედეგად მოახდინა. არალეგალური ნარკოტიკები A, B და C კატეგორიებად დაყო. რამდენიმე ხნის წინ, კანაფი - C ანუ მსუბუქი ნარკოტიკის კატეგორიაში მოახვედრა. თუმცა 2009 წლის იანვარში ის კვლავ B კატეგორიაში აღმოჩნდა. უკანასკნელი ცვლილების ინიციატორები ძირითად მიზეზად კანაფის ახალი სახეობების მაღალ პოტენციას ასახელებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მოხმარებისა და შენახვის გამო ამერიკაში 1991 წლიდან დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი 750 000-ს აღწევს, კალიფორნიის მსგავსად, სამედიცინო მიზნით მარიხუანას მოხმარება 15 სხვა შტატში დაუშვეს. მათ შორისაა კოლუმბიის ოლქი, კოლორადო, ალასკა, ნიუ მექსიკო, ნიუ ჯერსი და ა. შ.
პარალელურად, იზრდება ლეგალიზაციის მომხრეთა რიცხვი. კალიფორნიაში კამპანია დაიწყო „კანაფის რეგულირების, კონტროლისა და დაბეგვრის 2010 წლის აქტის” მისაღებად. აქტის პროექტის მიხედვით, 21 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს უფლება ეძლევათ „იყიდონ, შეინახონ, მოიყვანონ ან მოიხმარონ მარიხუანა” შეზღუდული ოდენობით. კამპანიის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ ასე ბიუჯეტს 1,4 მილიარდი დოლარი შეემატება გადასახადის სახით. კალიფორნიის შეკუმშული ბიუჯეტის ფონზე მსგავს პროგნოზს ბევრი შვებად მიიჩნევს. კამპანიას წარმართავს კრის ლეჰეინი - პრეზიდენტების ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას ყოფილი პოლიტიკური კონსულტანტი. მიუხედავად რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგობისა, ლეჰეინი ამტკიცებს, რომ ლეგალიზაცია მხოლოდ დემოკრატების ახირება არ არის, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარს უჭერენ როგორც ამერიკელი ლიბერალები, ასევე ლიბერტარიანელები. მისივე თქმით, „მარიხუანა, დე-ფაქტო მაინც ლეგალიზებულია, არსებული სისტემა არ მუშაობს”.
ლიბერტარიანელები ყველაზე მარტივ, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე თამამ წინადადებას გვთავაზობენ: სიმძიმის მიხედვით კატეგორიზაციის ნებისმიერი მცდელობა არათანმიმდევრულია. ხელისუფლების მიერ ადამიანების კერძო ცხოვრების და საქციელის რეგულირება, სანამ ისინი სხვას მიაყენებენ ზიანს, გაუმართლებელია. ლიბერტარიანული მიდგომა განურჩევლად ყველა ნარკოტიკული საშუალებისთვის თავისუფალი ბაზრის პრინციპის მორგებას მიიჩნევს მართებულად, ზუსტად ისევე, როგორც ალკოჰოლის ან სიგარეტის შემთხვევაში.
არიან ისეთები, ვინც ითხოვს სახელმწიფომ ნარკოტიკების ბაზარი მკაცრად არეგულიროს და მაღალი გადასახადით დაბეგროს. სხვები ნარკოტიკების ექიმთა კონრტოლისთვის დაქვემდებარებას უჭერენ მხარს. ბევრი ლეგალიზაციას უფრხის და დეკრიმინალიზაცია უფრო უსაფრთხო გამოსავლად ესახება იმის გამო, რომ სასჯელი მოხმარებას ვერ ამცირებს, ამ მიზნით გამოყოფილ საბიუჯეტო ხარჯებს კი მნიშვნელოვნად ზრდის.
ლეგალიზების მოწინააღმდეგენი, მომხრეთა დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაკლს მიუთითებენ: ნარკოტიკებთან ბრძოლის კრახზე ყველა თანხმდება, მაგრამ ლეგალიზების ფორმებზე შეთანხმება არ მომხდარა. არავის წარმოუდგენია ლეგალიზების თანმიმდევრული და მკაფიო პროექტი. დღეს საუბარია მხოლოდ პრინციპზე და არა განხორციელების მექანიზმებზე.
ლეგალიზაციის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში, ვინც დღეს დანაშაულებრივ ბიზნესს ეწევა, ადვილად მოერგება ახალ რეალობას. შედეგად, დღევანდელი ნარკობარონები უკანონო ბიზნესით ნაშოვნ ფულს იოლად გაათეთრებენ და “პატიოსან ბიზნესმენებად” გადაიქცევიან.
მოწინააღმდეგენი იმასაც ამტკიცებენ, თუ ნარკოტიკებს თავისუფალ ბაზარს მივანდობთ, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ფასი, საბაზრო კონკურენციის გამო დაიწევს, რაც მათ ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობის მეტი რაოდენობისთვის ანუ მოხმარების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ნარკოტიკების მაღალი განაკვეთით დაბეგვრა, შავი ბაზრის გაჩენის საშიშროებას იწვევს. ლეგალიზების მოწინააღმდგეებისთვის არც სახელმწიფოს მიერ ნარკოტიკების ბაზრის მკაცრი რეგულირებაა დამაჯერებელი აზრი, რადგან სახელმწიფოს ამის უნარი რომ ჰქონდეს, ნარკოტიკებთან ბრძოლაშიც გაიმარჯვებდა. მოკლედ, ამერიკაში ნარკოტიკების ლეგალიზება მის მოწინააღმდეგეებს რისკიან ნაბიჯად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ეს ექსპერიმენტი ამერიკულ საზოგადოებას ძალიან ძვირი დაუჯდება.
დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე კამათის ფონზე საინტერესოა ერთი ინიციატივა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაახმოვანა და პრეზიდენტმა მოიწონა. ინიციატივის მიზანია ქართველი საჯარო მოხელეებისთვის პერიოდული ნარკოტესტების სავალდებულოდ ქცევა.
ნარკოტესტების თემა აქტუალურია ბევრ ქვეყანაში და ნარკომანიის აღკვეთის მიზნით გამოიყენება. საქართველოში საჯარო მოხელეები ნარკოშემოწმებას გადიან მხოლოდ ერთხელ, სამსახურის დაწყებისას. დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით აქ არ გამართულა მსჯელობა, თუ რამდენად კანონიერი და ეთიკურია ნარკოტესტების გამოყენება, ვითვალისწინებთ თუ არა ცდომილების შესაძლებლობას, ეკონომიკურად ამართლებს თუ არა ასეთი ტესტების ჩატარება.
უეჭველია, ნარკომან სახელმწიფო მოხელეს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. თუ უახლოეს წარსულს გადავავლებთ თვალს, არც ისე ცოტა შემთხვევაა, როდესაც ძვირი ნარკოტიკის ყიდვის სურვილი საჯარო მოხელეებისთვის კორუფციულ გარიგებაში ჩართვის მოტივიც გამხდარა. მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარი ტესტირებები ერთმნიშვნელოვნად გამართლებული არ არის.
„ორშაბათს პრეზიდენტი რეიგანი და ვიცე-პრეზიდენტი ბუში ნებაყოფლობით მიიღებენ მონაწილეობას ნარკოტესტში, რათა მაგალითი მისცენ საჯარო მოხელეებს” - აცხადებდა ამერიკული პრესა 1986 წლის აგვისტოში. აშშ-ში დაწყებული ტესტირების კამპანია მალევე გაასაჩივრეს ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა. შედეგმაც არ დააყოვნა, 90-იან წლებში ამერიკის უზენაესმა სასამართლომ კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, ჩათვალა რა ტესტირება კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვად. ასევე ჩავარდა რამდენიმე მცდელობა, იძულებითი ტესტირება შემოეღოთ მასწავლებლებისა და სახელმწიფოს სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირებისათვის. დღეს აშშ-ს ბევრ შტატში ასეთი ტესტირება ნებაყოფლობითია.
ტესტირების შემოღებას დიდ ბრიტანეთშიც წინააღმდეგობა შეხვდა. აქ სავალდებულო შემოწმება მხოლოდ პოლიციელებზე ვრცელდება, რადგან მათ იარაღი აქვთ, შესაბამისად კონტროლის მაღალი ხარისხი გამართლებულია. მიზეზად დიდ ბრიტანეთშიც კერძო ცხოვრების დაცვის აუცილებლობა იქცა.
ტესტირების პრაქტიკა წარმატებით დაინერგა ფინეთში და სკანდინავიურ ქვეყნებში.
საქართველოში ტესტირების შემოღებამდე რამდენიმე საკითხი უნდა გაირკვეს. პირველი უკავშირდება ტესტირების კონსტიტუციურობას: ნარკოშემოწმება სამართლებრივად იგივეა, რაც ჩხრეკა. უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად გამართლებულია, დასაბუთებული ეჭვის გარეშე ადამიანის იძულება, დათანხმდეს ტესტირებაზე.
მეორეა კერძო ცხოვრებაში უხეში ჩარევის საფრთხე - რამდენად დაცული იქნება მონაცემები პირის შესახებ? აქ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ როგორც ლაბორატორიის ცნობისმოყვარე თანამშრომლები, ისე ყველა ის პირი, ვისაც ამ ინფორმაციაზე შეიძლება ხელი მიუწვდეს. წარმოდგენები ანონიმურობისა და კონფიდენციალობის დაცვის მექანიზმებზე ძალიან აბსტრაქტულია და ასევე განხილვას მოითხოვს.
მესამე, რამდენად ზუსტი იქნება ტესტის შედეგი? შემოთავაზებული ფორმა გულისხმობს თმის გამოყენებით ტესტირებას, რომელმაც არსებული, შარდის ანალიზი უნდა ჩაანაცვლოს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს მეთოდი ბევრად ზუსტია, მანიპულირებას მკვეთრად ზღუდავს და იძლევა საშუალებას, თვალი მიადევნო ორიდან ოთხ თვემდე პერიოდს. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ზოგიერთ ნარკოტიკის, მაგალითად მარიხუანას მოხმარების მიმართ, ტესტირება არაზუსტი შედეგის ალბათობას შეიცავს, რადგან ეგებ პირმა თვითონ არ მოიხმარა ნარკოტიკი და მხოლოდ იმ ოთახში იმყოფებოდა, სადაც მარიხუანას ეწეოდნენ? ტესტი ამ შემთხვევაშიც დადებით პასუხს უჩვენებს. ტესტის სამართლიანად ჩატარებისთვის ეს საკითხიც გასათვალისწინებელია.
პრაგმატულად თუ მივუდგებით, საფიქრალია, რამდენად არის საფრთხის პროპორციული ის რამდენიმე მილიონი, მსგავსი ტესტირების ჩასატარებლად რომ უნდა გაიღოს ბიუჯეტმა და რამდენად ეფექტური იქნება ნარკომანიის პრევენციის ეს ფორმა? ეგებ სჯობდეს ანგლო-საქსური გამოცდილება გავიზიაროთ და საჯარო მოხელეთა ტესტირება რისკის შესაბამისად ჩავატაროთ.
როგორც ჩანს, ტესტირების დანერგვამდე, ბევრ სამართლებრივ და პრაქტიკულ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მით უმეტეს, თუ ის მასობრივად ჩატარდება ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში.
მანამდე, სანამ თმის დაწიწკნის მოლოდინში მყოფ საჯარო მოსამსახურეებს, მაგალითად, ორი თვის წინ ამსტერდამში თავშექცეულ კლერკს და სუბუტექსზე “მჯდომ” მოხელეს ერთნაირი კოშმარი ესიზმრებათ, დასავლეთში კანაფის ლეგალიზების მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც შეთანხმდნენ: ნარკოტიკებთან ბრძოლაში ვერც ერთმა სახელმწიფომ, განურჩევლად იმისა, რა ფორმით იბრძვის - დრაკონულად თუ ტოლერანტულად - დამაჯერებელ წარმატებას ვერ მიაღწია. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ლეგალიზების მომხრეებს მობეზრდათ ბერძნული მითოლოგიის გმირის, სიზიფეს როლში ყოფნა, უაზროდ ფულისა და ენერგიის ხარჯვა და ექსპერიმენტებისთვის ემზადებიან. მოწინააღმდეგენი კი თვლიან, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რადგან, სხვა თუ არაფერი, მას შემაკავებელი ძალა აქვს.

კომენტარები