Hoop Holland, Hoop!

ჰოლანდიის ნაკრებს პირველად მსოფლიოს 1974 წლის პირველობაზე, ბრაზილიასთან მატჩში ვუგულშემატკივრე – მინდოდა არგენტინის გაცამტვერების (4:0) მერე კრუიფს და კომპანიას “ჩვენი” მეზობლებისთვისაც “ეცათ პატივი”! არ გამოვიდა... ნარინჯისფერებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ტოტალური ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარეს, მაგრამ ანგარიში უფრო მოკრძალებული (2:0) აღმოჩნდა...
მას მერე ჰოლანდიას ან იმავე ბრაზილიასთან ვუჭერდი მხარს, ან სსრკ-სთან.
არადა, ეს ოხრები, ყოველთვის ძალიან პროგრესულ და სიმპათიურ ფეხბურთს ქადაგებდნენ – 1974 და 1978 წლების ვერცხლის მუნდიალებზეც, მოგებულ ევრო 88-ზეც და მერეც. როგორ გინდა არ დააფასო კრუიფის, ვან ჰანეგემისა და ნეესკენსის პლეადის ფანტასტიკური თამაში?! ან დამალო აღფრთოვანება ვან ბასტენის, გულიტისა და რიიკარდის თაობის ოსტატობით?!
დღეს ვხვდები, რომ იმის დარ ფეხბურთს ალბათ ვეღარასდროს ვნახავ, საზღვრების გახსნამ და ნიდერლანდებში ვიზიტებმა კი საბოლოოდ შემაცვლევინა აზრი! არგენტინულ-ჰოლანდიური დაპირისპირება ისტორიას ჩაბარდა, დღეს ჰოლანდიის პრინცს არგენტინელი მეუღლე ჰყავს, თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულ ამსტერდამში კი იმდენი არგენტინული რესტორანია, მთელ ევროპას ეყოფა!
ახლა ჩვენიც ვთქვათ - საქართველოს პირველი ლედი ჰოლანდიელია, შოთა არველაძეს იქ ხელისგულზე ატარებენ, ჩვენ კი სულ უფრო ხშირად ვჩუქნით შეყვარებულებს ნიდერლანდებიდან იმპორტირებულ ყვავილებს! ნურც ტექსელის კუნძულზე დაღუპულ ქართველ მეომრებს დავივიწყებთ, რომელთა საფლავებსაც მამაცი გიოზების შვილთაშვილები დღემდე უვლიან...
ჰოლანდია მუნდიალისთვის ფავორიტის სტატუსით ემზადება. მართალია, ბერტ ვან მაარვიკი მიღწევებითაც და პირადი ხიბლითაც შორსაა ლეგენდარული რინუს მიხელსისგან, მაგრამ მაინც შეძლო ბრწყინვალე ანსამბლის ჩამოყალიბება. როგორი საქმეა, ჯგუფში ყველა თამაშის დამაჯერებლად მოგება და მუნდიალზე 100%-იანი შედეგით გასვლა?!
ჰოლანდიელებს ყოველთვის ჰყავდათ გუნდში რამდენიმე უცხოტომელი. 80-იანი წლების მიწურულს რუსი კომენტატორი პერეტურინი გულიტის, ვანენბურგის, რიიკარდისა და ვინტერის შემხედვარე წუწუნებდა – ნეტავ ჩვენ მოგვცა ასეთი სურინამელი მამებიო... ყოფილი კოლონიიდან ჩამოსულთა შთამომავლები ახლანდელ ნაკრებშიც მრავლად არიან: სამი ქვეყნის ჩემპიონი ვან ბრონკჰორსტი, რეპერი ბაბელი, ახალბედა ვან დერ ვილი, რომელმაც ავსტრალიაში ნაკრებთან ერთად გამგზავრებას კონცერტზე წასვლა არჩია, მამის ტრადიციების გამგრძელებელი დე იონგი, პარამარიბოში დაბადებული ბრააფჰაიდი, დე ზეუვი, ენგელაარი, ელია, ვორმი... აქვეა კაბოვერდელი ემიგრანტი მენდეს და სილვა და მაროკოელ ბერბერთა სამეული – აფელაი, ბაკალი და “კანიბალი” ბულარუზი... ბევრია! თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს ყველანი აიაქსისა და სხვა ჰოლანდიური კლუბების სკოლებში ეზიარნენ.
გუნდის თამაშს ადგილობრივი ფესვების მქონე ვარსკვლავები განაპირობებენ. არიენ რობენისა და უესლი სნეიდერის ბრწყინვალე ფორმამ “ბაიერნი” და “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა რიცხვში შეიყვანა, ჩინებულ სეზონს ატარებს მიუნხენში მარკ ვან ბომელი, რობინ ვან პერსის ტრავმა კი არსენალს ყველა ტურნირში ჩავარდნად დაუჯდა....
და მაინც, რჩება რამდენიმე კითხვა: შეძლებს კი ძირითადი მეკარე სტეკელენბურგი ვან დერ საარის სრულფასოვან შეცლას (პენსიიდან 2 მატჩით დაბრუნებულმა რეკორდსმენმა – 130 თამაში ნაკრებში – დაამტკიცა, რომ ჯერაც არ ჰყავს ბადალი!)? როგორ ფორმაში შეხვდებიან მუნდიალს რეალში ჩაკარგული ვან დერ ვაარტი და წელს ლივერპულში წარუმატებლობას შეჩვეული კუიტი? ხომ არ დაკარგა გოლის ალღო მილანის სკამზე გამწესებულმა ჰუნტელაარმა, ან იქნებ ჯობდეს ვან ნისტელროის გახსენება?
თუ ვან მარვიკი ამ კითხვებს მოხსნის, სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე ბევრჯერ მოგვიწევს ტრადიციული შეძახილის გაგონება - Hoop Holland, Hoop!

კომენტარები