ოცნებების სასაფლაო

0 კომენტარი

დავით იმედაშვილის ფილმს, ოცნების ქალაქი, გამოსვლამდე საქართველოსთვის ჯერ არნახული სარეკლამო კამპანია ჰქონდა. ხარისხიანი ოფიციალური საიტი, რეკლამა ტელევიზიაში, ბილბორდები, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ საიტებზე გაპიარება. და აი, 15 აპრილს ფილმიც გამოვიდა. უფრო სწორად, ერთი დიდი მარაზმატიკული სარეკლამო რგოლი, რომელიც კინოთეატრებში გადის.
დავიწყოთ მსახიობების თამაშით, რაც არა მარტო ამ ფილმის, არამედ ზოგადად ქართული კინოს უზარმაზარი პრობლემაა. ძალიან ცოტაა ისეთი მსახიობი, რომელსაც ეკრანზე თამაში შეუძლია და კიდევ უფრო ცოტაა ფილმი, რომელიც ძლიერი პერფორმანსებით გამოირჩევა (სამი სახლი და ქუჩის დღეები). დავით იმედაშვილის ფილმშიც უამრავი ხელოვნური მიმიკა, ფრაზა და მოქმედებაა. ძალიან ცუდად ხვდება თვალსა და ყურს “ვააა ნინიიის” ტიპის შეძახილები, სკოლის სპექტაკლის დონის დიალოგები და ნაძალადევი ხუმრობები.
უკვე მერამდენე შემთხვევაა, ბილეთების გასაყიდად შემოქმედებითი ჯგუფი კარგი მხატვრული ფილმის გადაღებას ქალის (როგორც წესი, შორენა ბეგაშვილი) გაშიშვლებას არჩევს და, რაც ყველაზე ცუდია, დედიშობილა ქალს ფილმის ტრეილერშივე აჩვენებს, სარეკლამო რგოლში, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადის და თავისუფლად შეიძლება ბავშვმა ნახოს. აშშ-ში შიშველი სხეულის ჩვენება ტრადიციულ ტრეილერებში აკრძალულია და არსებობს სპეციალური Red band რეკლამები, რომლებსაც 18+ რეიტინგი აქვს და ტელევიზიაში არ ტრიალებს.
ქართულ კინოში ცვლილებებია: ნარკომანების ადგილი შიშველმა ქალებმა დაიკავეს. არა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ყველაფერს ზომა და თავისი ადგილი აქვს - ყველაფერი კარგად იქნება, სვანი, გოგონა სლაიდიდან, ოცნების ქალაქი - ეს ბოლო წლების ქართული ფილმების არასრული ჩამონათვალია, სადაც შიშველი ქალი ხორცმეტივით აზის ნამუშევარს და ერთადერთი მიზნით, მაყურებლის კინოში მისაყვანადაა გამოყენებული.
ოცნების ქალაქში რამდენიმე სცენაა, რომელიც ფილმს რეალიზმის შეგრძნებას უკარგავს და ნელ-ნელა გაშორებს მთავარ გმირებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ფილმში 30-ზე მეტი პროდუქციის რეკლამაა, 15-მდე მათგანი ამაზრზენად ჩასმული! ოცნების ქალაქის ოპერატორი ახლო ხედით იღებს ამ კომპანიების ლოგოებს, მთავარი გმირები კი გაღიმებული სახეებით აქებენ და ადიდებენ მას, ზუსტად ისე, როგორც პიტერ უეირის ალეგორიულ შედევრში, ტრუმენის შოუში ხდება ირონიის გამოსახატავად.
„ოცნების ქალაქზე პროფესიონალთა ჯგუფმა იმუშავა” - ეს რუსთავი 2-ზე გასულ ერთ-ერთ სიუჟეტში ითქვა. ოცნების ქალაქზე პროფესიონალებმა ნამდვილად იმუშავეს, ოღონდ არა მსახიობებმა და რეჟისორმა, არამედ მარკეტოლოგებმა, PR-ის სპეციალისტებმა და გაყიდვების მენეჯერებმა, რომლებმაც იმდენი მოახერხეს, რომ ეს „დიდი სარეკლამო რგოლი” ყველაზე წარმატებულ ქართულ კინოპროექტად იქცა: ერთ კვირაში 10 000-ზე მეტი გაყიდული ბილეთი თბილისის კინოთეატრებისთვის აქამდე არნახული შედეგია. ამ მხრივ მხოლოდ ქების ღირსია შემოქმედებითი ჯგუფი – კარგი რეკლამის, მგზავრების მუსიკის (ერთადერთი, ასე თუ ისე, ნათელი წერტილი) და ორი შიშველი ლამაზმანის წყალობით ფილმი მოგებაზე წავიდა...
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ოცნების ქალაქი არის ძალიან დაბალი დონის ფილმი, რომელიც ძალიან კარგად გაიყიდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პანჩო

კომენტარები