მისგან ყველაფერი ისმის

სოფო ასლანიშვილი
აკუსტიკური, ინდი, თრიფ-ჰოფი: სოფო ასლანიშვილის მუსიკალური განწყობა დაბალტემპიანი, ჩამაფიქრებელი და ოდნავ დეპრესიულია. თუმცა საკმარისია ერთხელ მაინც ნახო და მოუსმინო აკუსტიკურ გიტარაზე მომართულ ძალიან ლამაზ და დაბალტემბრიან სოფოს, რომ იმ წუთში ექცევი მისი გავლენის ქვეშ. უსმენ, ფიქრობ, გსიამოვნებს, იმიტომ რომ მის მუსიკასა და ტექსტებში აიგივებ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს.
სოფო ასლანიშვილი ბავშვობაშივე დაუკავშირდა მუსიკას. დადიოდა მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. 15 წლისამ, გიტარის შესწავლასთან ერთად, დაიწყო მუსიკის წერაც, თუმცა პირველი სრულყოფილი სიმღერა ფორტეპიანოსთან ერთად შექმნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკური კიბერნეტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მუსიკას არ ეშვებოდა, გამოდიოდა ლადო ბურდულის მიერ სახლში მოწყობილ კონცერტებზე.
2000 წელს შექმნა ოთხკაციანი ჯგუფი ადგილი მზის ქვეშ, რომელმაც ერთ წელიწადს იარსება. გამოდიოდა სხვადასხვა დიდ თუ პატარა სცენაზე, მათ შორის, როკფესტივალზეც. ბენდი უკრავდა სოფოს სიმღერებს, რომლებიც ბალადური როკის ელემენტებით იყო გაჯერებული.
ჯგუფის დაშლის შემდეგ პირველ რადიოში მუსიკალურ წამყვანად მუშაობდა, მერე ხშირად გამოდიოდა ბარ-გალერეაში სახლი. უკრავდა სხვადასხვა მუსიკოსებთან. მათ შორის იყო ჯგუფ ინსაითის გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი. სოფომ მასთან ერთად სამი სიმღერა ჩაწერა.
2008 წელს შეუერთდა ჯგუფს Ketrine & Me, როგორც გიტარისტი და არა მომღერალი. პარალელურად მუშაობდა საკუთარ პროექტზე Ketrine & Me-ს ბიჭებთან (ბასგიტარა და გიტარა) ერთად. სწორედ ამ შემადგენლობით, სოფოს სიმღერებით წავიდნენ უკრაინის ჯაზფესტივალზე. „ამ ფესტივალზე სცენა მარტო ჯაზს არ ეთმობოდა. იყო სხვადასხვა ექსპერიმენტული სცენაც. სწორედ ერთ-ერთ მათგანზე გამოვედით. ჩვენს გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა”, - იხსენებს სოფო. კონცერტები ჰქონდათ კიევში, ხარკოვსა და დონეცკში. „უკრაინაში ძალიან კარგი მსმენელია, არაჩვეულებრივი ემოციები მივიღე”.
უკრაინის შემდეგ სოლო პროგრამით გაემგზავრა მოსკოვში. ერთი თვის განმავლობაში გოჩა ყაჭეიშვილთან და ცნობილ რუს ჯაზმენ ანატოლი გერასიმოვთან ერთად უკრავდა კლუბებში. ამ უკანასკნელმა სოფო ასლანიშვილს მოსკოვში დარჩენა და მის ბენდში სიმღერა შესთავაზა. სოფომ თბილისში დაბრუნება და აქ მუშაობის გაგრძელება ამჯობინა: “მინდა, რომ თბილისში ჩამოვაყალიბო ჯგუფი და მერე სხვადასხვა ქვეყანაში წავიდე საკუთარი პროგრამით”.
ჯერ ალბომი არ გამოუშვია, მხოლოდ სინგლებად გაკეთებული ჩანაწერები აქვს, რადგან ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. „მჭირდება ადამიანი, ვინც დამიჯერებს და გამომყვება”, - ამბობს სოფო.
ახლახან დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე (ჩელისტ ვოლფგანგ ციფელთან და დრამერ დავით ჩანგოშვილთან ერთად). ახლა მის მიერ შექმნილ კომპოზიციებს სრულიად სხვა ჟღერადობა აქვს. „როცა ვიგრძნობ, რომ ბოლომდე მზად ვარ, აუცილებლად ვიფიქრებ დიდ კონცერტზე ახალი პროგრამით - აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის ნაზავი სიმებიან ინსტრუმენტებთან ერთად”.
ამჟამად გიტარისტ ზურა ლანჩავასათან ერთად კვირაში ერთხელ, უქმე დღეებში, პურ-პურის სარდაფში უკრავს. ფანტასტიკურად ასრულებს და ირგებს ისეთი ცნობილი მუსიკოსების ქავერებს, როგორებიცაა: ქეით ბუში, ფორთისჰედი, ფეთი სმითი, ქიუარ და ასე შემდეგ. სოფო ასლანიშვილი თავისი სასიამოვნო და მარტივი, მაგრამ ძალიან ცხოვრებისეული ტექსტებითა და მუსიკით გაგრძნობინებთ გაზაფხულს, მოგანატრებთ საყვარელ ადამიანს და გამღერებთ წვიმასთან ერთად.



 

კომენტარები